კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარგველაშვილი: სააკაშვილმა „შეურაცხყოფა მიაყენა“ საქართველოს და პრეზიდენტის ინსტიტუტს

7 დეკემბერი, 2015
 
Civil Georgia

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისმა წინამორბედმა, მიხეილ სააკაშვილმა „შეურაცხყოფა მიაყენა“ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქვეყანას, როდესაც უკრაინის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არჩია.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 4 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, როდესაც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ.
როდესაც მას ამ გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა ჟურნალისტებს 4 დეკემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომ მისი ბრძანებულება, რომლითაც სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყდა, ფორმალობა და „სამართლებრივად ერთადერთი პროცედურაა“, რომელიც ამგვარ სიტუაციებში გამოიყენება, როდესაც პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს.

„დღეს მიხეილ სააკაშვილს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა. სამართლებრივად ეს არის ის ერთადერთი პროცედურა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა იცნობს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
„ხოლო პოლიტიკურად, მინდა გითხრათ, რომ ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს იმიტომ, რომ ამით რეალურად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

რადიო „თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება არ არის „მხოლოდ  სამართლებრივი აქტი; ეს შეშინებული და წარუმატებელი ხელისუფლების პოლიტიკური აქტია, რომელიც არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს“.
„ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, შესაძლოა რამდენიმე მიზეზით აიხსნას. პირველი, უკრაინაში მოქმედებს ორწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომელსაც უკრაინული კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში. აქ ბევრი ჩვენი მოქალაქეა, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობენ და ჩემზე ადრე მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა. თუმცა მათთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „ძალიან ეშინია ჩემი“ და ცდილობენ არ დაუშვან მისი მონაწილეობა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე. „თუმცა, მე არასდროს მითქვამს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მინდა“, – დასძინა სააკაშვილმა.

სააკაშვილი, რომელიც სხვადასხვა ბრალდებებით იძებნება საქართველოში, რომელთაც ის უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა. პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა“.
მართალია საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, ის უფლებას აძლევს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს „სახელმწიფო ინტერესებიდან“. უცხო ქვეყნის მოქალაქემ მოქალაქეობისთვის საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიმართოს. 
            
ცალკე გაკეთებულ განცხადებაში, რომლის ქართულენოვანი ვიდეოც მის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი „მხოლოდ ამ იურიდიული აქტით შერჩება საქართველოს ისტორიას, თუ ის საერთოდ შერჩება“. 
 
„მათ შეუძლიათ აიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ ვერ ჩამომართმევს ჩემს ქართველობას, ვერავინ ვერ დამაკარგვინებს საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და აუცილებლად ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მან.


ახალი ამბები