04:59, Friday, 18.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მთავარი პროკურორის თქმით, შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ქართული ოცნების ორი დეპუტატი დაიკითხა

16.12.2015

Civil Georgia

პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაიკითხნენ  იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც პატიმართა შეწყალების პროცესში ზეგავლენით სავარაუდო ვაჭრობის საქმეს ეხება, განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ორშაბათს.

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ამჟამად   თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარია, განაცხადა გასულ კვირას, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში ქართული ოცნების „გავლენიანი პოლიტიკოსები“ მასზე ზემოქმედებას ცდილობდნენ კონკრეტული პირებისთვის შეწყალების მოპოვების მიზნით.

ელისაშვილმა, რომელიც შეწყალების კომისიას 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ზაფხულამდე თავმჯდომარეობდა, უარი თქვა ამ „გავლენიანი პოლიტიკოსების“ საჯაროდ დასახელებაზე, თუმცა ქართული ოცნების ორი დეპუტატის – ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის შესახებ ამ კონტექსტში ქართულ პრესაში გაჟონა.

გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერდა ორშაბათს, რომ დეპუტატები ბესელია და კობახიძე „დაჟინებით“ ითხოვდნენ შეწყალების საქმის დაძრას ხუთიდან იმ ერთ-ერთ მსჯავრდებულთან მიმართებაში, რომლებსაც ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი 2010 წლის ე.წ. „კოკაინის საქმესთან“ დაკავშირებით, რომელზეც მაშინ შსს–მგანაცხადა, რომ „საერთაშორისო ნარკოკარტელს“ უკავშირდებოდა. მსჯავრდებულები არ შეიწყალეს, რადგანაც ისინი საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

ელისაშვილმა 14 დეკემბერს პროკურატურაში ხელმეორედ დასაკითხად შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“ იმას, რომ მისი განცხადებები „კოკაინის საქმეს“ ეხებოდა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ბრალდება, რომ 200 000 აშშ დოლარი გადაუხადეს ავანსად ქრთამის სახით პოლიტიკოსებს კონკრეტული პატიმრების შეწყალების ლობირებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ გამომძიებლებს მობილური ტელეფონი მიუტანა, სადაც ამ პოლიტიკოსების „ისტერიული მესიჯები“ ინახება.

ბესელიამაც და კობახიძემაც უარყვეს შეწყალების კომისიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები და მას მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ „ბინძური კამპანია“ და „პოლიტიკური ავანტიურა“ უწოდეს. მათ არ დააკონკრეტეს, თუ ვინ დგას მათ წინააღმდეგ ამ სავარაუდო კამპანიის უკან.

თუმცა, მანანა კობახიძემ დაადასტურა მისი ინტერესი „კოკაინის საქმესთან“ დაკავშირებული  მსჯავრდებული პირების მიმართ, რადგანაც ის ხუთი წლის წინ მიმდინარე სასამართლო პროცესზე მათი ადვოკატი იყო. მისი თქმით, მას მიაჩნდა და ახლაც მიაჩნია, რომ ეს საქმე შეთითხნილი იყო.

„ისინი [მსჯავრდებულები] ითხოვდნენ შეწყალებას, მიმართავდნენ შეწყალების კომისიას და რა თქმა უნდა, მომმართეს მეც, როგორც მათ ყოფილ ადვოკატს და მე მივმართე პრეზიდენტსაც და შეწყალების კომისიასაც ... მე აბსოლუტურად ლეგიტიმურად მქონდა იმის უფლება, რომ მომეკითხა საქმის მიმდინარეობა“, – განაცხადა მან.
მან ასევე დაადასტურა, რომ კომისიას თხოვდა განაცხადის შესწავლას, რათა ეს საქმე „თაროზე არ შემოდებულიყო“.

კობახიძის თქმით, მას არასდროს გაუგზავნია არც ელისაშვილისთვის და არც ვინმე სხვისთვის მუქარის ან ზეწოლის შემცველი რაიმე შეტყობინება.

მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ეს მის და შესაძლოა სხვების მიმართაც „კარგად დაგეგმილი ბინძური კამპანიაა“.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ ასევე უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მას ეყოფა „ნებისყოფა, გამოცდილება, გამძლეობა და პროფესიული უნარ–ჩვევები იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე“.

მისი თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, სად არის სიმართლე და შეაფასოს, თუ რა პოლიტიკური პროცესი ან ავანტიურა მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პროცესში.

კობახიძემაც და ბესელიამაც განაცხადეს, რომ ისინი საკუთარი ინიციატივით მივიდნენ პროკურატურაში, რათა ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდებინათ.

„ჩვენ პირველ რიგში ვართ დაინტერესებული და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად მოხდეს გამოძიება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 
 
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა ჟურნალისტებს 14 დეკემბერს, რომ ორი დეპუტატი უკვე დაკითხეს.

„დაგიდასტურებთ, რომ დაკითხულები არიან გამოძიების მიერ დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. ასევე დაკითხულია უკვე 20–მდე მოწმე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია კიდევ განსახორციელებელი და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწვდის პროკურატურა საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC