კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსტიტუციონალისტი მიხეილ შარაშიძე საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს აფასებს

21 დეკემბერი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

„საქართველოს მოქალაქე, გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თითოეული სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის 9-თვიანი ზღვრული ვადის გამოთვლისას ამ ვადაში უნდა ჩაითვალოს ის პერიოდი, რომელიც პირმა ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გაატარა მის მიმართ წარმოებული სხვა საქმის ფარგლებში; საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს; ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს; 2015 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი, სადაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს - საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შესახებ Humanrights.ge-ის კითხვებს კონსტიტუციონალისტი მიხეილ შარაშიძე პასუხობს. 

1. როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა 9-თვიან წინასწარ პატიმრობას. რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება, რომ პირი იყოს წინასწარ პატიმრობაში, თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დგება?

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში საუბარია ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის 9-თვიან ვადაზე. ბრალდებული ეს არის პირი, რომელმაც სავარაუდოდ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, ანუ დანაშაული. უნდა აღინიშნოს, რომ, თავის მხრივ, მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების არსებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბრალდებულის მიმართ აუცილებლად იქნეს გამოყენებული წინასწარი პატიმრობა. იმისათვის, რომ წინასწარი პატიმრობა იქნეს გამოყენებული, საჭიროა დამატებითი პირობების არსებობა. კერძოდ, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში საფრთხე უნდა ექმნებოდეს თვითონ მართლმსაჯულების ინტერესებს. მაგალითად, მოწმეებზე ზეწოლა, მტკიცებულებების მოსპობა და ა.შ. ასევე, წინასწარი პატიმრობა უნდა უკავშირდებოდეს მომავალში ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის აღკვეთის მიზანს. შესაბამისად, როდესაც გაჩნდება ის წინაპირობები, რომელთა არსებობაც განაპირობებს წინასწარ პატიმრობას, ბრალდებულის მიმართ გამოიყენება წინასწარი პატიმრობა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ცხრა თვე. ამ ცხრა თვეში უნდა მოხდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. თუ ასეთი გამამტყუნებელი განაჩენი ამ დროის განმავლობაში არ დადგება, მაშინ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც დასაშვებია, რომ პირის წინასწარი პატიმრობა აღემატებოდეს ცხრა თვეს. მაგალითად, თუკი 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის პერიოდში პირი ჩაიდენს ახალ დანაშაულს, რისთვისაც ასევე საჭირო ხდება პატიმრობა. ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ხანგრძლივდება ისეთი დანაშაულის შემთხვევაშიც, რომელიც, შეიძლება ჩადენილი იქნა წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, მაგრამ ამ დანაშაულისათვის წინასწარი პატიმრობის გამოყენების საფუძვლების არსებობის თაობაზე, პროკურატურისათვის ცნობილი გახდა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ.
 
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რამდენიმე დანაშაული და ამ რამდენიმე დანაშაულიდან მხოლოდ ერთზე მოითხოვა პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა, ეს წინასწარი პატიმრობა დანარჩენ დანაშაულებსაც თანაბრად ეხება. სხვაგვარად, რომ ვთქვათ წინასწარი პატიმრობის ლეგიტიმური მიზანი თანაბრად მიიღწევა სხვა დანაშაულებისთვისაც. დაუშვებელია, თითოეულ დანაშაულზე სასამართლომ ცალ-ცალკე გამოიყენოს წინასწარი პატიმრობის ვადა. მაშინ, როცა ყველა დანაშაულზე ძიება, დაახლოვებით, ერთსა და იმავე დროს არის დაწყებული. მაგალითად, მკვლელობა და ყაჩაღობა. თუკი ამ საქმეებზე პირი ბრალდებულად, დაახლოებით, ერთსა და იმავე პერიოდში იქნა ცნობილი, მაგრამ მხოლოდ მკვლელობის შემთხვევაში გამოიყენა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა, ეს  წინასწარი პატიმრობა ავტომატურად აკმაყოფილებს ასევე იმ საჯარო ინტერესს, მისთვის ყაჩაღობის გამო, რომ შეეფარდებინათ წინასწარი პატიმრობა.

2. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არის წინასწარ პატიმრობაში (მაგალითად, ყაჩაღობის ბრალდებით), თუმცა ეს ბრალდება მას ვერ დაუმტკიცდა, მაგრამ ამ 9 თვის მანძილზე პროკურატურისთვის დამატებით გახდა ცნობილი ამ პირის მიერ წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ (მაგალითად, მკვლელობის). ამ შემთხვევაში პირს უხანგრძლივდება წინასწარი პატიმრობა?

ამ შემთხვევაში ბრალდებულს შეეფარდება ჯერ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა და შემდეგ შეიძლება, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ კიდევ რამდენჯერმე გაუგრძელოს, მაგრამ არა უმეტეს 9 თვისა.
თუ პირი ბრალდებულია ყაჩაღობაში და მან, საერთო ჯამში, წინასწარ პატიმრობაში გაატარა 9 თვე და, დავუშვათ, პროკურატურისათვის მე-9 თვეს გახდა ცნობილი ამ პირის მიერ პატიმრობის შეფარდებამდე ჩადენილი მკვლელობის თაობაზე და, ამავე დროს, არსებობს საჭიროება, რომ შესაბამის პირს მკვლელობის საქმეზეც შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს პატიმრობა. ამ უკანასკნელი პატიმრობის ვადის ათვლა და 9 თვიანი ვადის გამოთვლა კი მოხდება, შესაბამისად, მკვლელობის საქმეზე პატიმრობის შეფარდების დღიდან.
3. 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თითოეული სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის 9-თვიანი ზღვრული ვადის გამოთვლისას ამ ვადაში უნდა ჩაითვალოს ის პერიოდი, რომელიც პირმა ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გაატარა მის მიმართ წარმოებული სხვა საქმის ფარგლებში. 
როგორ შეაფასებთ საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით?
 
უგულავას შემთხვევაში არსებობდა რამდენიმე დანაშაული და, მხოლოდ, ერთ შემთხვევაში იყო გამოყენებული წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 9 თვე. ამ შემთხვევაში, 9თვიანი პატიმრობის გამოყენება თანაბრად მიემართებოდა და აკმაყოფილებდა, ასევე, დანარჩენ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით წინასწარი პატიმრობის გამოყენების ინტერესს. ეს 9-თვიანი პატიმრობა პროკურატურას უნდა გამოეყენებინა ასევე დანარჩენი დანაშაულებისთვის. თუკი პროკურატურას ექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა დანაშაუელბზე დაახლოვებით ერთი და იგივე დროს დაწყებული სამართალწარმოების შემთხვევაში, ამ დანაშაუელბისათვის ცალცალკე გამოიყენოს 9 თვიანი პატიმრობა, ეს პროკურატურას მისცემდა წინასწარი პატიმრობის ვადებით, არაკონსტიტუციური მანიპულირების შესაძლებლობა. ამგვარი მანიპულირების საშუალება არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ - თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლებას - რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის მე-18 მუხლით. სწორედ ამის გამო დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავას სარჩელი.
 
4. გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლე მერაბ ტურავას თქმით, მას საკმარისი დრო არ მიეცა. 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მას საავადმყოფოშიც კი მიაკითხა, თუმცა მოსამართლე ტურავამ ხელი არ მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, და მიზეზად მასზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. ამასთან, მისი თქმით, მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, გასცნობოდა გადაწყვეტილებას.

რამდენია ის გონივრული ვადა, რაც სასამართლომ უნდა მისცეს მოსამართლეს გადაწყვეტილების გასაცნობად და საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად? ამასთან, ხომ არ ხედავთ ხელისუფლების ინტერესს მოსამართლე ტურავას ქმედებებში?

ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვისთვის ეძლევა 9-თვიანი ვადა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრი საქმეა შესული, სარჩელები რირგითობის მიხედბით განიხილება. როდესაც ამა თუ იმ სარჩელს უწევს რიგი, იწყება მისი არსებითი განხილვა და ამის შემდეგ ითვლება 9-თვიანი ვადა. თუმცა, საქმის განმხილველი მოსამართლისათვის დროის მიცემის რეგულირება არ არის განსაზღვრული. ეს უნდა იყოს გონივრული ვადა, კონკრეტული საქმის სირთულიდან გამომდინარე. გამიჭირდება ცალსახად თქმა იმისა, მიეცა თუ არა მოსამართლე ტურავას საშუალება, საქმეს კარგად გასცნობოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტურავას ჰქონდა იმის უფლება, დაეწერა განსხვავებული აზრი, რომელიც გადაწყვეტილებას თან დაერთვებოდა და მასთან ერთად გამოქვეყნდებოდა. პროცედურა ამგვარია: საქმის განმხილველი მოსამართლე ხელს აწერს გადაწყვეტილებას, იმის მიუხედავად ეთანხმება თუ არა მას. თუმცა, განსხვავებული აზრის შემთხვევაში გადაწყვეტილებას საკუთარ განსხვავებულ მოსაზრებას ურთავს. 
5. 2015 წლის 16 სექტემბერს ტურავას მხრიდან გადაწყვეტილების ხელმოწერაზე საბოლოო უარის თქმის შემდეგ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი ხელმოწერის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ. როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას?
მიმაჩნია, რომ სასამართლო იყო უფლებამოსილი, ტურავას ხელმოწერის გარეშე გამოეცხადებინა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება პლენუმზე ხმათა უმრავლესობით მიიღება, შესაბამისად, სასამართლო იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება. მაგალითად, შესაძლებელია, მოხდეს ისე, რომ შეუძლებელი გახდეს გადაწყვეტილებაზე ყველა მოსამართლის ხელმოწერა, ასეთ შემთხვევაში რა გამოდის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება არ უნდა გამოაცხადოს?! უგულავას სარჩელის შემთხვევაში სასამართლო გამოვიდა მოსარჩელის ინტერესებიდან. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავას შემთხვევაში დაადგინა მოსარჩელის უფლების დარღვევა. შესაბამისად, მისი დარღვეული უფლება უნდა აღდგენილიყო. ამ შემთხვევაში სასამართლომ გადადგა ის ნაბიჯი, რაც ამ უფლების აღდგენას შეძლებდა და გამოვიდა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის საუკეთესო ინტერესებიდან. ვფიქრობ, სწორად მოიქცა სასამართლო, როცა მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედა.

6. გიორგი ოქროპირიძე, რომელიც 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაშია ბრალდებული. ნაფიცმა მსაჯულებმა აღნიშნულ საქმეზე ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუმცა მათ ვერდიქტი ვერ მიიღეს. 9-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კი გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე, რაზეც მას კვლავ პატიმრობა განესაზღვრა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის მიმართ განმეორებითი პატიმრობის გამოყენება ყოველთვის არ არის არაკონსტიტუციური. კერძოდ, პატიმრობის განმეორებით გამოყენება შესაძლოა იმ დანაშაულისათვის, რომელიც პირმა პირველ საქმეზე პატიმრობის შეფარდების შემდეგ ჩაიდინა“, - განმარტავს ბილისის საქალაქო სასამართლო.

განგვიმარტეთ, რა განსხვავება იყო გიგი უგულავასა და გიორგი ოქროპირიძის საქმეებს შორის და რა არგუმენტები ედო საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათ მიმართ გამოტანილ განაჩენებს წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით? 

უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ საკამათოა ის ბრალდება, რომელიც ოქროპირიძეს მეორეჯერ წაუყენეს. რაც ითვალისწინებდა ცილისწამებასა და გამოძიების შეცდომაში შეყვანას. ოქროპირიძემ სახალხო დამცველს მიმართა განცხადებით, რომ მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა და ღირსების დამამცირებელი მოპყრობა, რაზეც სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა პროკურატურას, რათა დაეწყო ამ საქმის გამოძიება. პროკურატურამ კი ჩათვალა, რომ ოქროპირიძე არასწორ ინფორმაციას აწვდიდა გამოძიებას. ამის გამო პროკურატურამ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მას გაუხანგრძლივდა წინასწარი პატიმრობის ვადა. ვფიქრობ, როდესაც სასამართლომ უარი უთხრა ოქროპირიძეს გათავისუფლებაზე, ფორმალურად მოიქცა სწორად. ვინაიდან, ეს დანაშაული ოქროპირიძემ ჩაიდინა მას შემდეგ, რაც მას უკვე შეფარდებული ჰქონდა წინასწარი პატიმრობა. წინასწარი პატიმრობის განმსაზღვრელი პროცესუალური ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ოქროპირიძის საქმეში იქნა გამოყენებული, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია. სხვა საკითხია, თუ რამდენად სწორია სამართლებრივი თვალსაზრისით ის ბრალდება, რომელიც ოქროპირიძეს წაუყენეს. არსებობს მრავალი საერთაშორისო აქტი, რომელიც ასეთ შემთხვევებში იცავს განმცხადებლებს სისხლის სამართლებრივი დევნისაგან. მათ აქვთ უფლება, თუნდაც, არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს. და ეს არ შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. ძალიან რთულია, ციხის პირობებში, ამტკიცო, რომ შენზე განხორციელდა რაიმე სახის ძალადობა. ამიტომ სახელმწიფოსგან უნდა არსებობდეს დამატებითი დაცვის მექანიზმი. დაცვის ამგვარი მექანიზმის არ არსებობის პირობებში, პატიმარმა შესაძლებელია, საერთოდ არ მიმართოს სახალხო დამცველს იმის შიშით, რომ ამ ბრალდებას ვერ დაასაბუთებს და ამის გამო, დამატებითი მიეცემა პასუხისგებაში. მეტიც, შესაძლოა, პროკურატურამ ბრალი თავად პატიმარს წაუყენოს. 

7. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. 2012 წელს საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, ამჟამინდელ სახალხო დამცველთან ერთად, თავად იყავით. 

განგვიმარტეთ, რას ითვალისწინებდა ეს სარჩელი და, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, როგორ შეაფასებთ საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს, ხომ არ ეწინააღმდეგება აღნიშნული არჩევნები კონსტიტუციას?

არაკონსტიტუციური იყო ის წესი, რა წესითაც 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის ფორმირება მოხდა. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა ოლქში არის ამომრჩეველთა სხვადასხვა რაოდენობა. მაგალითად, საბურთალოში არის 130 000-მდე ამომრჩეველი, ყაზბეგის ოლქში კი - 5 100 ამომრჩეველი. ორივე ოლქის ამომრჩეველი ერთ მაჟორიტარს ირჩევს. შესაბამისად, საბურთალოს ამომრჩეველს გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებზე თავისი საარჩევნო ნების ადეკვატური ზეგავლენა მოახდინოს. ფაქტობრივად, საქართველოს ამომრჩევლის 20%-ს შეიძლება, წართმეოდა უფლება, საკუთარი პოლიტიკური ნების ადეკვატური ზეგავლენა მოეხდინა მაჟორიტარულ არჩევნებზე. 2012 წელს ვასაჩივრებდით იმ ფორმირების წესს, რომლის მიხედვითაც ერთი მაჟორიტარული ოლქი ავტომატურად მიბმული იყო მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ერთეულებზე. ფორმალურად, საკონსტიტუციო სასამართლოს  2012 წლის არჩევნების კონსტიტუციურობაზე არ უმსჯელია. შესაბამისად, სამართლებრივად, 2012 წლის მაჟორიტარული არჩევნები ლეგიტიმურია. იმ შემთხვევაში, თუ მარტვილისა და საგარეჯოს არჩევნები გასაჩივრდებოდა, რეალურად, ამ ორი ოლქის ამომრჩეველს, შესაძლოა, საერთოდ წაერთმეოდა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იმ პირობებში, როდესაც დანარჩენ 71 ოლქის ამომრჩეველს ეყოლებოდა არჩეული მაჟორიტარი. ამ შემთხვევაში ეს გამოიწვევდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არათანაზომიერ აღსრულებას და გადაწყვეტილების აღსრულების მთელი სიმძიმის გადატანას ამ ორი ოლქის ამომრჩეველზე. სამი სუბიექტი იყო, რომელსაც შეეძლო ეს არჩევნები გაესაჩივრებინა, ესენი არიან: საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრთა 1/5 და საქართველოს სახალხო დამცველი. თუმცა, არცერთმა სუბიექტმა არ ჩათვალა საჭიროდ ამ შუალედური არჩევნების გასაჩივრება. ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ.

8. როგორ შეაფასებთ რუსთავი 2-ის საქმეს. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს. თუმცა, ამ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება ჰქონდა, დაენიშნა დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში. მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში დროებითი ნეიტრალური მმართველების დანიშვნის შესახებ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თავადვე გააუქმა ეს გადაწყვეტილება. თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და როგორ შეაფასებთ მოსამართლე ურთმელიძის ქმედებებს?

სასამართლომ ჩათვალა, რომ თუ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმას არ შეაჩერებდა, ეს შექმნიდა გამოუსწორებელ საფრთხეს. ამ გადაწყვეტილებას თავისი პოლიტიკურ-სამართლებრივი მიზეზი ჰქონდა. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზუსტად ეს პოლიტიკურ-სამართლებრივი მიზეზები გაითვალისწინა და მიიღო დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლო ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც ასამართლებს ქვეყნის პოლიტიკას, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება აბსოლიტურად აპოლიტიკური ვერ იქნება. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სასამართლო სწორად მოიქცა. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მანამდე არსებული კონფლიქტური სიტუაცია ნაწილობრივ მინელდა. სასამართლოსაც მეტი შესაძლებლობა მიეცა, გაცილებით მშვიდ გარემოში წარმართოს პროცესი. ურთმელიძის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, კანონიერი იყო. თუმცა, ვისურვებდი, რომ ურთმელიძის ამ გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარე უფრო მეტად დასაბუთებული ყოფილიყო. ჩემი აზრით, ის საფრთხეები, რაც ურთმელიძემ დაინახა, ძალიან ჰიპოთეტური იყო, იმ პირობებში, როდესაც „რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღა ადევს და მისი მმართველები, მაგალითად, ვერ გაასხვისებენ დაყადაღებულ ქონებას. ის არგუმენტიც, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას შეეძლო გარკვეული საწარმოსათვის გარკვეული ფინანსური ზიანის მიყენება, ძალზედ ზოგადი და ჰიპოთეტური იყო. 

9. 2015 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“ და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, პლენუმმა პარლამენტის კანონი შეაჩერა. თქვენი შეფასებთ ამ პროცესს?

უპირველეს ყოვლისა, მხედველობაშია მისაღები, ამ სამართლებრივი დავის თავისებურება. კერძოდ, მოსარჩელე - პარლამენტის წევრთა ჯგუფი, საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს, მათ შორის, იმაზე, რომ საზედამხედველო ინსტიტუტის ფრომირებაში ვერ მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი და ამით, ირღვევა პრეზიდენტის კონსტიტუციური კომპეტენცია. ამრიგად, ეს წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური კომპეტენციის თაობაზე დავას. ამ სამართლებრივი დავის ფარგლებში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ სარჩელს და არაკონსტიტუციურად სცნობს საზედამხედველო ინსტიტუტის ფორმირების თაობაზე კანონმდებლობას, ეს გამოიწვევს გასაჩივრებული ნორმების ბათილობას, მათი მიღების დღიდან, ანუ რეტროსპექტულად. 

იმ შემთხვევაში, თუ საზედამხედველო ინსტიტუტს ფუნქციონირების საშუალება მიეცემოდა, მას დაეკისრებოდა ძალიან სერიოზული უფლებამოსილებები, მაგალითად, იგივე საბანკო სფეროში ლიცენზიების გაცემის, ლიცენზიის შეჩერების და ა.შ. ანუ ყველა იმ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა, რომელსაც ის მიიღებდა ამ უმნიშვნელოვანეს ფინანსურ სფეროში, საკონსტიტუციო სასამართოლს გადაწყვეტილების საფუძველზე (იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ დაკმაყოფილდებოდა პარლამეტის წევრთა მოთხოვნა) შეიძლებოდა ეჭვქვეშ დამდგარიყო. ასეთ შემთხვევაში უკვე ძალიან სერიოზული ფინანსური ზიანის წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყო სახელმწიფო. ამიტომ, ვფიქრობ, სასამართლო სწორად მოიქცა, როცა ნორმა შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა რომ შეაჩეროს, უნდა არსებობდეს საფრთხე იმისა, რომ მხარეს მიადგება რაიმე გამოუსწორებელი შედეგი. ამ შემთხვევაში მოპასუხე ამბობდა, რომ პარლამენტის 1/5-ს ამ აქტის მოქმედებით არანაირი საფრთხე არ მიადგებოდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან სწორი პასუხი გასცა, მან თქვა, რომ მოსარჩელეში ყოველთვის არ უნდა ვიგულისხმოთ აუცილებლად ის ზიანი, რომელიც შეიძლება პირადად მას მიადგეს. არამედ უნდა ვიგულისხმოთ ის საჯარო ინტერესი, რომელსაც ამ შემთხვევაში ეს მოსარჩელე წარმოადგენს. შესაბამისად, თუ ამ საჯარო ინტერესს, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. 



ახალი ამბები