22:35, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ონის სინაგოგა დღეს ისევ დაკეტილია

21.12.2015

 ნათია გოგოლაშვილი

„1950 წელს ონში ჩასულ მაშინდელი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს შენობის კარი შიგნიდან ჩარაზული დახვდათ, მაგრამ შენობიდან ჩვილების ტირილი ისმოდა. როცა მიუყურადეს მიხვდნენ, რომ შენობაში ძალიან ბევრი ბავშვი იყო. ქუჩაში შეკრებილი უამრავი ონელისაგან კი შეიტყვეს, რომ შენობაში არა მხოლოდ ებრაელი, არამედ ქართველი დედებიც შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ, რათა არავისთვის მიეცათ სინაგოგის დახურვის საშუალება. ქართველი და ებრაელი ქალების ამ თავდადებამ ონის სინაგოგა განადგურებას გადაარჩინა“, - ასეთ გადმოცემებს მოისმენთ ონში ებრაელებისა და ქართველების მიერ ონის სინაგოგის დასაცავად განხორციელებული გმირული ისტორიებიდან. 

დღეს ონის სინაგოგა კვლავ დაკეტილია. მლოცველთა და დამთვალიერებელთა სიმცირის გამო, შენობაზე დადებულ ბოქლომებს იშვიათად თუ გახსნის სინაგოგის ერთადერთი დარაჯი შალვა ჩაჩაშვილი. 

„ადრე, სანამ ხალხი ონიდან წავიდოდა, სინაგოგა მოქმედი იყო. მაშინონში 3 500 სული ებრაელი იყო. წასვლის პროცესი 1972 წლიდან დაიწყო და 1992 წლამდე გრძელდებოდა“, - იხსენებს შალვა ჩაჩაშვილი. იგი სინაგოგის ეზოში მდებარე აივნიან სახლში ცხოვრობს. მისი ყოველდღიური საქმიანობა სინაგოგის დალაგება და მოვლა-პატრონობაა. 

ებრაეული ლოცვები შეიძლება ჩატარდეს იქ, სადაც ათი ებრაელი მამაკაცი მაინც შეიკრიბება. დღესდღეობით, ონის სინაგოგაში ლოცვის ჩასატარებლად სამყოფი მლოცველი ვერ იკრიბება, რის გამოც სინაგოგა უმეტესწილად დაკეტილია. ამჟამად ონში ორი ათეული ებრაელიც კი არ არის დარჩენილი. 

„პრობლემა უმუშევრობა და დაუსაქმებლობაა. მუდმივ საცხოვრებლად ისრაელიდან აქ ჩამოსვლის სურვილი არავის აღარ აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩვენი ხალხი პერიოდულად მიდიოდა საქართველოდან. ხალხი როცა აქ იყო, რელიგიური დღესასწაულები ჩვეულებრივ მიმდინარეობდა. ძველი დრო კარგი გასახსენებელია. რიტუალები ტარდებოდა დღეში სამჯერ. ხალხი მოდიოდა სინაგოგაში და ლოცულობდა. რიტუალები როცა შეწყდა, მას მერე კარგი პერიოდი აღარ ყოფილა“, - აღნიშნავს ადგილობრივი მცხოვრები აბრამ შიმშილაშვილი.

საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარის, მერაბ ჩანჩალაშვილის თქმით, საქართველოში ებრაელთა ძირითადი პრობლემა ძალიან დიდი მიგრაციაა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ შენობას ჰქონდეს ფუნქცია: „მარტო მუზეუმად გადაქცევა ცუდია. უკეთესი იქნება, თუ სინაგოგას თავისი ფუნქცია ექნება და აქ ხალხი ილოცებს“.

შალვა ხახიაშვილი ონში დაიბადა. 15 წელია, რაც საქართველოდან წავიდა, მაგრამ ონში პერიოდულად მაინც ჩამოდის: „ისრაელი ჩემი ისტორიული სამშობლოა. იქ წასვლის სურვილი ახალგაზრდობიდანვე მქონდა, მას შემდეგ, რაც თავი ებრაელად შევიცანი. თუ ზოგადად ვისაუბრებთ, ყველას აქვს საქართველოსთან კონტაქტის სურვილი, მაგრამ ამას ყველა შეძლებისამებრ ახორციელებს. ბევრი ებრაელის შვილიშვილმა, რომელსაც შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს, სად არის საქართველო, კარგად იცის ქართულად კითხვა, წერა და საუბარი. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას და აქ დამკვიდრებას, ეს ებრაელების სურვილით აღარ მოხდება. საუკუნეების განმავლობაში ღმერთს სამშობლოში დაბრუნებას ვთხოვდით. საქართველოს სიყვარული ყველას აქვს, მაგრამ აქ დამკვიდრების და ცხოვრების სურვილი - არა“.

შალვა ხახიაშვილის თქმით, ებრაელები საქართველოში სინაგოგების მოსავლელად არ დაბრუნდებიან, რადგან, მათი სარწმუნოების მიხედვით, სინაგოგა არ არის სავალდებულო სალოცავი ადგილი. „ჩვენ სარწმუნოება ისეთია, რომ საგანს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ჩვენ ყურადღებას უფრო მეტად  თორებსა და წმინდა წიგნებს ვაქცევთ. ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვილოცოთ, ხოლო სად ვილოცებთ, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, სუფთა ადგილი იყოს. არა გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენი ცხოვრება სალოცავის გულისთვის შევზღუდოთ. ამან შეიძლება კერპთაყვანისმცემლობაში გადაგვიყვანოს. გვწამს არა სალოცავის, არამედ ღმერთის“, - ამბობს შალვა ხახიაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ სინაგოგა არ არის ტაძარი და არ ცვლის ნამდვილ, დიდი ხნის წინ დანგრეულ წმინდა ტაძარს იერუსალიმში. სინაგოგა წარმოიქმნა პალესტინაში (ძვ. წ. IV ს), ეგვიპტეში (ძვ. წ. III ს). იერუსალიმის ტაძრის დანგრევის (ახ. წ. 70 წ.) და დიასპორის (პალესტინის ფარგლებს გარეთ ებრაული კოლონიები) გაფართოების შემდეგ სინაგოგები არსდება ყველგან, სადაც კი ებრაელები ცხოვრობენ. სინაგოგაში ასრულებენ ღვთისმსახურებას, კითხულობენ და კომენტარებს უკეთებენ ბიბლიასა და თალმუდს, მართავენ რიტუალურ ტრაპეზებს.

საქართველოში XIX საუკუნემდე აგებულ სინაგოგებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. დღემდე შემორჩენილი სინაგოგების უმრავლესობა XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან XX საუკუნის პირველ ათეულშია აგებული.

ონში მდებარე სინაგოგის მშენებლობა 1891 წელს დაიწყო და 1895 წელს საზეიმოდ გაიხსნა. შენობა აიგო ეკლექტიზმის სტილში. თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ სიდიდით მესამეა. სინაგოგის სამშენებლო მასალად გამოყენებულია თეთრი კირქვა. სახურავი გუმბათიანია. შენობას ოთხკუთხედი ფორმა აქვს. გუმბათი სრულდება მრავალქიმიანი, დავითის ვარსკვლავით. შენობა მიმართულია აღმოსავლეთისკენ.

ონის სინაგოგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მე-20 საუკუნის მიწურულს, 1991 წლის 29 აპრილს, ძეგლი საგრძნობლად დააზიანა ძლიერმა მიწისძვრამ. იმავე წლებში ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. 2014 წელს კი სინაგოგას, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლიდან 1014 წლამდე ეტაპობრივად მიმდინარეობდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „კამარამ“ შეასრულა. ფინანსური ხარჯები კი  საქართველოს კულტურულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა გაიღო.

2012 წელს დაგეგმილი იყო მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების აღმოფხვრა, კერძოდ: გრძივ და განივ კედლებში ანტისეისმური სარტყლის მოწყობა; დაზიანებული საპერანგე ქვის აღდგენა; ნაწილობრივ ამორტიზირებული სახურავის შეცვლა. 2013 წელს დარჩენილ სამუშაოებს დაემატა მეორე ეტაპის - ინტერიერში საალფრეო და სამღებრო სამუშაოები. ამ დროს შეკეთდა გზისპირა ღობეც. 2014 წელს დასრულდა დარჩენილი მხატვრობის რესტავრაცია (შანდლები და სინას მთის კომპოზიცია) და მთლიანად შეკეთდა ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის შემომფარგლავი სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა.

2015 2 ოქტომბერს ონის სინაგოგის 120 წლის იუბილე აღინიშნა. 

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე. 

გოგა ჩანადირის ფოტოები


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC