კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულ ილია აფხაზავას საქმე

28 დეკემბერი, 2015
რატი ხარატიშვილი

23 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მანკიერი პრაქტიკის შესახებ პრაიმტაიმის პრეს-კლუბში პრესონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე განიხილეს ილია აფხაზავას საქმე. როგორც აფხაზავას ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, 2014 წლის 28 ოქტომბერს სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებიდან მსჯავრდებული ილია აფხაზავა ყოველგვარი განმარტების გარეშე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების №6 დაწესებულებაში, სადაც იმ დროისათვის მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ამის გამო იქ მხოლოდ სამეურნეო ნაწილში დასაქმებული მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ. მსჯავრდებული ილია აფხაზავა სამეურნეო ნაწილში დასაქმებული არასდროს ყოფილა. ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ გადაიყვანეს №6  დაწესებულებაში.

„29 ოქტომბერს, სამარტოო საკანში ყოფნის დროს, მსჯავდებულ ილია აფხაზავას ინფორმაციით, #6 დაწესებულების თანამშრომლების მიერ მასზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. აფხაზავას თქმით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა სხვა მსჯავრდებულებსაც მიაყენეს“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ლუკავამ. 

თამარ ლუკავას თქმით, მსჯავდებულმა ილია აფხაზავამ გააპროტესტა მასზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, თუმცა მის ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია. 1 წლის შემდეგ მსჯავრდებული ილია აფხაზავა დაიკითხა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მის მიერ უკანონო საგნის - დაშლილი ერთჯერადი სამართებლის პირის ტარებასთან დაკავშირებით.

მსჯავრდებული ილია აფხაზავა აცხადებს, რომ დაწესებულების თანამშრომლებმა მიიყვანეს ისეთ მდგომარეობამდე, რომ მან სცადა თავის მოკვლა. დაწესებულებაში მიყვანიდან მეორე დღეს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, 20 დღით მოათავსეს სამარტოო საკანში, სადაც დაწესებულების თანამშრომლები ემუქრებოდნენ, რომ მიაყენებდნენ ისეთ შეურაცხყოფას, რაც აისახებოდა მის მომავალზე. მსჯავრდებულის ინფორმაციით, №6 დაწესებულების თანამშრომელთა მიერ მის მიმართ და ასევე სხვა მსჯავრდებულთა მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატიურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 

„იმის ნაცვლად, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო დაინტერესებულიყო აღნიშნული ფაქტით და გამოეძიებინა თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევა, პირიქით, დანერგა ცუდი და მანკიერი პრაქტიკა - სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების - წახალისების“,- აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ლუკავამ.

თამარ ლუკავას თქმით, აფხაზავას სამარტოო საკანში მოთავსებამდე ჩაუტარდა ე.წ. „სრული შემოწმება“, არ ჰქონია პირადი ნივთები და არც - კომუნიკაცია სხვა პატიმრებთან: „წარმოუდგენელია, რომ აფხაზავას ხელთ უკანონო იარაღი აღმოეჩინათ.“

მსჯავრდებულმა მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს დაწესებულების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ამის საპირისპიროდ, ერთი წლის თავზე, სასჯელის მოხდის ბოლო თვეებში, საგამოძიებო დეპარტამენტმა მსჯავრდებული დაკითხა დაწესებულებაში აკრძალული ნივთის ქონის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით. 
„არაეფექტური, დრომოჭმული და მანკიერი პრაქტიკაა დამკვიდრებული, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს იძიებენ თვითონ ამ უწყების გენერალური ინსპექციები“, - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას. 

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მოვლენების მიმდინარეობა ადამიანის უფლებათა ცენტრს უჩენს ეჭვს, რომ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ პატიმრებზე ხდება ზეწოლა, რათა მათ საკუთარი ნებით უარყონ მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ხელი მოაწერონ დოკუმენტს პრეტენზიის არქონის შესახებ: „მსჯავრდებულებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის დამატების მუქარა გამოგონილი ან პროვოცირებული დანაშაულის ბრალდებით. არასათანადო მოპყრობის უარყოფის შემდეგ კი მათ  საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ.“
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დროულად და ეფექტურად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მსჯავრდებულთა არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროის უმოკლეს ვადაში, გამოიძიოს მსჯავრდებულ ილია აფხაზავას მიმართ №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და   არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები. დაიკითხონ №6 პენიტენციური დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს მსჯავრდებულის „სრული შემოწმება“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ახალი ამბები