ლელა ხეჩოშვილი, კახეთი
ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი გოზალიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის სამი აიპის: კულტურის ცენტრის, საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის გაერთიანების შედეგად, დაახლოებით, 50-70 ადამიანი მომავალი წლიდან სამსახურის გარეშე დარჩება.
„ადგილობრივმა თვითმმართველობამ წლის დასაწყისში ა(ა) იპიებში შტატები გაბერა და ახლა ამცირებს. შარშანაც გააერთიანა ორი ა(ა)იპი, თუმცა ხარჯები არ შემცირებულა. არ შეიძლება ადამიანების ბედით თამაში. დიდი დარტყმა იქნება სამსახურის გარეშე დარჩენა თითოეული მათგანისთვის“, - აღნიშნა გოზალიშვილმა.
გოზალიშვილის თქმით, ის მზადაა უკანონო გადაწყვეტილების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს და ადამიანის უფლებათა ცენტრსაც მიმართოს.
ა(ა)იპიების გაერთიანების დირექტორ, ლევან ქაჯაიას თქმით, სამივე აიპი 145 თანამშრომელს ითვლიდა. შტატები გაბერილი იყო და თანამშრომლების ხელფასების უზრუნველყოფისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხა იხარჯებოდა. მომავალი წლიდან ამავე რაოდენიბის თანამშრომელი აღარ იმუშავებს.
ქაჯაიას განცხადებით, 7 იანვარს იქნება ცნობილი, თუ ვინ იმუშავებს ორგანიზაციაში. მისივე თქმით, გოზალიშვილი არ ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას, თუ რამდენ თანამშრომელს გაუშვებენ მომავალი წლიდან, რადგან ამის შესახებ გაერთიანებას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.