კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის დროშები და საბჭოთა სიმბოლიკები გორში

30 დეკემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა. 

ევროკომისიის დადებითი დასკვნა ვიზალიბერალიზაციის შესახებ გორში მოკრძალებულად აღნიშნეს. ქალაქში ევროკავშირის დროშის ფერებში განათება არ დაუმონტაჟებიათ. ამის მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლება ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს. მიუხედავად ამისა, გორში ევროკომისიის დასკვნა მოქალაქეების ნაწილმა აღნიშნა.

„მომავალი თაობისთვის ამ დღეს დიდი მნიშვნელობა ექნება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი ვერ, ან არ შეძლო, რომ გორის ციხე სიმბოლურად ევროკავშირის დროშის ფერებში გაენათებინა. აქ შევიკრიბეთ მოქალაქეები, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მხარს ვუჭერთ ევროპულ ოჯახში ჩვენს ინტეგრაციას“, - განაცხადა ადგილობრივმა არინა თავაქარაშვილმა.

„ვიცით,რომ ორ დღეში წითელი კომუნისტური დროშებით გამოვლენ, მაგრამ ეს არ გვაშინებს და დღევანდელ დღეს აღვნიშნავთ. გორი ნელ-ნელა იღვიძებს. სრულდება ერთი ეპოქა და დღეიდან იწყება - ახალი“,-აღნიშნა ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა.

21 დეკემბერს გორში სტალინის დაბადებიდან 136 წლის იუბილე აღნიშნეს და სტალინის სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე ბელადის ფოტოებითა და  საბჭოთა სიმბოლიკით მსვლელობა მოაწყვეს. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულებიც. აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა სტალინის ძეგლის დადგმა მოითხოვეს და ქვეყნის საგარეო კურსი გააკრიტიკეს.

„მოვითხოვთ საკრებულოს დაშლას და ხელახალ არჩევნებს. ამჟამინდელ ადგილობრივ ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს, ქალაქის მართვის, რადგან მათ უარი გვითხრეს სტალინის ძეგლის დადგმის თაობაზე“,-აღნიშნა მოძრაობა „სტალინელების“ წარმომადგენელმა ალეკო ლურსმანაშვილმა.
„ვისი ენაც გვესმის იქით უნდა წავიდეთ. ჩვენ არ გვესმის ამერიკისა და ევროპის. 2008 წლის ომში ამერიკამ ჩაგვითრია, ის ჩვენი ომი არ იყო“,- განაცხადა აქციის მონაწილე ნოდარ კეკელიძემ.

22 დეკემბერს კი გორის ქუჩებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. 

საინფორმაციო აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრაში მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ.

ახალი ამბები