კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ტაძრების რესტავრაციის შემდეგ სომეხთა სამოციქულო ეკლესია მათ საკუთრებაში გადაცემას ელის

30 დეკემბერი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

საქართველოში სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რამდენიმე ათეული მოქმედი ტაძარია, პატარა სამლოცველოების ჩათვლით. 1930-იან წლებამდე ტაძრები სომეხი მრევლის საკუთრებაში იყო, შემდეგ კი კომუნისტურმა მთავრობამ ჩამოართვა, როგორც სხვა კონფესიებს. მხოლოდ თბილისის ორ ტაძარში - სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ტაძრებში შებარჩუნდა წირვა-ლოცვა. დღესდღეობით თბილისში მხოლოდ ეს ორი ტაძარია მოქმედი. ორივეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

მეიდანზე მდებარე „სურბ გევორგი“ თბილისის უძველესი სომხური ეკლესიებიდან ერთ-ერთია, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქალაქის სომხური სათვისტომოს მთავარი ეკლესია იყო და ახლაც საქართველოში სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარია. მის ეზოში დაკრძალული არიან ცნობილი სომეხი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის - საიათნოვა. 

„სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 3 წლის წინ დაიწყო. დღეისათვის სარესტავრაციო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. ტაძარი საგრძნობლად დაზიანებული იყო: ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები დაბზარული, სახურავი კი ჩამოშლილი ჰქონდა. სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ინფორმაციით, საჭირო იყო ეკლესიის სასწრაფო რესტავრაცია, რომელიც 2013-2015 წლებში, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანისა და ცნობილი ბიზნესმენის რუბენ ვარდანიანის ინიციატივით, განხორციელდა. ამასთან, დაარსდა სურბ გევორგის ეკლესიის რესტავრაციის ფონდი, რომლის შევსებაშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქველმოქმედმა. მათი გვარები ამოტვიფრულია ტაძრის კარიბჭესთან, კედელზე. სამუშაოების დასაწყისში მომზადდა შენობის ფუნდამენტის, კედლების, სახურავისა და გუმბათის გამაგრების შესაბამისი პროექტები. ეკლესიის გამაგრების, სახურავისა და კედლების აღდგენითი სამუშაოები სომეხი და ქართველი სპეციალისტების თანამშრომლობით განხორციელდა. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები სპეციალიზებულმა ორგანიზაციამ, შპს „მღვიმემ“ განახორციელა. 

სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის სამსახურის უფროსის, მიხეილ ავაქიანის თქმით, „სურბ გევორგის“ ტაძრის უნიკალური ფრესკები კომუნისტების პერიოდში მთლიანად საღებავით იყო გადაღებილი, შემორჩენილი იყო მხოლოდ ფრესკათა მცირე ნაწილი. 2013-2015 წლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, სომხეთის ფრესკების სარესტავრაციო სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა და იტალიელმა რესტავრატორმა ეკლესიის ფრესკები გაწმინდეს და შეისწავლეს. სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, ფრესკების რესტავრაციაც დასრულდა. 

დღესდღეობით თბილისში მოქმედი ორი ეკლესიიდან ერთ-ერთი ავლაბარში მდებარე სურბ ეჩმიაძინის ტაძარია. სურბ ეჩმიაძინის ტაძარი 1805 წელს დაარსდა. 

„პარადოქსია, მაგრამ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ტაძარი არც საკუთრებაში და არც სარგებლობაში არა აქვს, უფრო მეტიც - სურბ ეჩმიაძინის ტაძარი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის“, - ამბობს მიხეილ ავაქიანი. 

„ჩვენ ვთანამშრომლობდით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან. წინა ხელისუფლების პირობებში პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისთვისაც მიგვიმართავს. ახლა დახმარებისთვის რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მივმართეთ. ნაბიჯების წინ გადადგმის მცდელობები არის და იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს რაღაც რეალური შედეგი მოჰყვება, ტაძარი გადმოგვეცემა“, - ამბობს მიხეილ ავაქიანი.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინფორმაციით, სურბ ეჩმიაძინის ტაძრის სავალალო მდგომარეობა სახიფათო იყო, რაც მოულოდნელი ჩამონგრევის საშიშროებას ქმნიდა. მდგომარეობა განსაკუთრებით 2001 წელს, თბილისში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გაუარესდა.

მიხეილ ავაქიანის თქმით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით, ჯერ კიდევ 2004 წელს იყო შედგენილი ეკლესიის სარემონტო სამუშაოების გეგმები. 2006 წელს მთავარ საკათედრო წმინდა ეჩმიაძინის, „ჰაიასტან“ ყოველთა სომეხთა ფონდისა და არგენტინის სომხების ერთობლივი ძალისხმევით, შედგა ახალი გეგმა. დაშლის საშიშროების წინაშე მდგარი ტაძარი უკანასკნელად საფუძვლიანად გარემონტდა 2006-2010 წლებში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კონტროლს უწევდა სარესტავრაციო სამუშაოებს. 2011 წელს კი საქართველოში შესრულებული საპატრიარქო ვიზიტის დროს ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის მონაწილეობით, შესრულდა აღდგენილი ტაძრის ხელახლა კურთხევის ცერემონიალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოში სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან სურბ გევორგისა და სურბ ეჩმიაძინის ტაძრების საკუთრებაში გადაცემას ელის.

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

გოგა ჩანადირის ფოტო
 

ახალი ამბები