კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის კუთვნილების საკითხი ისევ გადაუჭრელია

11 იანვარი, 2016
 ნათია გოგოლაშვილი

დღესდღეობით, საქართველოში ხუთი ისტორიული ტაძარია, რომელსაც კათოლიკური ეკლესია თავის საკუთრებად მიიჩნევს, მაგრამ ხუთივე ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაა. ესენია: ქუთაისის, გორის, ბათუმის, ივლიტასა (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და უდეს (ადიგენის მუნიციპალიტეტი) ეკლესიები.

ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია, რომლის მშენებლობა 1862 წელს დასრულდა, დღეს მართმადიდებლებს ეკუთვნით. ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მასში ამჟამად მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა აღევლინება. თუმცა, ინტერიერში კათოლიკური ელემენტების უმრავლესობა შენარჩუნებელია. 

ადგილობრივი მართლმადიდებლები განსხვავებულ მოსაზრებას გვიზიარებენ: „მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ტაძარს კათოლიკეები დაეპატრონნენ და შემდეგ გადააკეთეს ეკლესია. ჩვენ იგი თითქმის 30 წელია, დაბრუნებული გვაქვს. 80-იანი წლებიდან ჩვენს საკუთრებაშია ტაძარი. ჯერჯერობით, ხელი არ გვიხლია, არაფერი არ გადაგვიკეთებია. კათოლიკეები დავობდნენ, მაგრამ სასამართლოში სიმართლის წინაშე ვერაფერს გახდნენ“, - გვიყვება ქალბატონი ელენე, რომელიც 2-3 თვეა, რაც ეკლესიაში კათოლიკეთა ყოფილ სააღმსარებლოში სანთელს ყიდის. ქალბატონი ელენე სანათლავ ოთახსა და ამოქოლილ კარებს გვაჩვენებს იმის დასამტკიცებლად, რომ ტაძარი მართლმადიდებლური იყო და შემდეგ კათოლიკეებმა გადააკეთეს.

„ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში, ერთი შეხედვით, არ აღინიშნება ცვლილებები. ძველი ორღანი მართლმადიდებლებმა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში გადააგდეს. რაც შეეხება სააღმსარებლოებს, დღეს ისინი სანთლების გასაყიდ ჯიხურებად გამოიყენება. ეკლესიის ფასადზე გაჩნდა წარწერა, რომ ძველ დროში ამ ადგილას ყოფილა მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც კათოლიკეებს დაუნგრევიათ და აუშენებიათ ახალი ეკლესია. ეს არის ისტორიული ფარსი, რითიც ცდილობენ, გაამართლონ კათოლიკეებისათვის საკუთრების ჩამორთმევა“, - აცხადებს ამიერკავკასიის ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, მამა აკაკი ჭელიძე. 

„ქუთაისში რამდენიმე კათოლიკური ტაძარი არსებობდა. მე-17 საუკუნეში ერთ-ერთი ხის ტაძარი იყო, რომელიც სოლომონ მეფემ მისიონერებს უბოძა. ტაძარი იყო ხის და საჭიროებდა რეკონსტრუქციას; მოგვიანებით, მის გვერდით აშენდა ქვის ტაძარი. ტაძრის მშენებლობა 1826 წელს დაიწყო და დიდხანს გაგრძელდა. რუსეთის იმპერიიდან ერთი პერიოდი ყველა კათოლიკე სასულიერო პირი განდევნილი იყო, ამიტომ ტაძრის მშენებლობა 1862 წელს დამთავრდა. 1939 წლის შემდეგ ამ ტაძარში კათოლიკური წესით მსახურება არ ჩატარებულა. ჩვენთვის საკმარისია, მართლმადიდებლურმა მხარემ აღიაროს, რომ ეს არის ჩვენი და თუ სჭირდებათ, რამდენ ხანსაც უნდათ, გამოიყენონ. უბრალოდ, სიმბოლურად, ერთი ტაძარი მაინც გადმოგვცენ. მაგალითად, ქუთაისის ტაძარი. ფაქტობრივად, მართლმადიდებელ მხარეს ტაძრის საკუთრების დამამტკიცებელი არცერთი საბუთი არ აქვს. ბევრჯერ გვქონდა მართლმადიდებლურ მხარესთან შეხვედრები, სანამ სასამართლომდე მივიდოდა საქმე, თუმცა ამ შეხვედრებს შედეგი არ გამოუღია“, - გვითხრა კათოლიკე ეკლესიის დიაკვანმა კოტე ოცხელმა.

„ტაძარი მართლმადიდებლური არქიტექტურით არის აშენებული, შიდა და გარე ხედებიც მიანიშნებს ამ ყველაფერზე. კათოლიკეების მიერ ტაძრის ჩრდილოეთი და სამხრეთი კარები ამოიქოლა და იქ დაიდგა ის სკულპტურები, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ: მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ქანდაკებები. ეს, გარკვეულწილად, კულტურულ საგანძურს წარმოადგენს და ჩვენ მას არ ვეხებით“, - აცხადებს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი.

აღნიშნული ტაძრის ისტორიას მართლმადიდებლური მხარე შემდეგნაირად მოგვითხრობს: „ეს ადგილი ოდითგანვე მეფეთა საცხოვრებელი იყო, საზაფხულო რეზიდენცია, სადაც სამეფო სასახლე არსებობდა. შესაბამისად, სამეფო კარს თავისი სალოცავი და ეკლესია ჰქონდა. ამ ადგილას იდგა ხის ეკლესია, რომელიც შემდეგ გაუგებარ ვითარებაში გადაიწვა. ალექსანდრე მეფის დროს დროებით თავშესაფრად გადაეცა კათოლიკე სასულიერო პირებს, რაც ალექსანდრე მე-3-ის ძალიან დიდი შეცდომა გახლდათ, რადგან მას, კანონიკის მიხედვით, არ ჰქონდა საეკლესიო ქონება და უფლება, რომ ეკლესიები სხვა აღმსარებლობის მიმდევართათვის გადაეცათ. ცნობილია, რომ კათოლიკურსა და მართლმადიდებლურ სამყაროს შორის განხეთქილებაა და კანონიკით აკრძალულია, ჩვენ ეკლესია-მონასტრები მათ გადავცეთ. ამის შემდეგ გაუგებარ სიტუაციაში გადაიწვა ეკლესია და შემდეგ, მეფის რუსეთის მთავარმართებელ ვორონცოვის პერიოდში აშენდა ეს ტაძარი“, - გვითხრა დეკანოზმა ბესარიონ ხვისტანმა.

დიაკვან კოტე ოცხელის აზრით, სანამ საქართველოში მენტალიტეტი არ შეიცვლება, ტაძრის დაბრუნებაზე საუბარი შეუძლებელია. მისი თქმით, რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან მართლმადიდებელთა დამოკიდებულება წლების მანძილზე არ იცვლება: „1988-1989 წლებში, საბჭოთა პერიოდის მიწურულს, ე.წ. „ოცეულების კანონი“ შემოვიდა და  ტაძრების გახსნა დაიწყო. ოცი ხელმოწერა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ამა თუ იმ ტაძარში მსახურება განახლებულიყო. ჩვენ 36 ხელმოწერა შევაგროვეთ, მაგრამ კათოლიკე მრევლს უთხრეს, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ იყო. ამით დრო გააჭიანურეს. ამასობაში თითქმის 200 ხელმოწერა შევაგროვეთ. ამის პარალელურად, მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც მოქმედება დაიწყო. მოსკოვში ჩვენ  წერილი გავაგზავნეთ, თუმცა წერილის რუსულ თარგმანში ამოგდებული იყო სიტყვა „კათოლიკე“ და გამოჩნდა ისე, თითქოს მართლმადიდებლები ითხოვდნენ ტაძრის დაბრუნებას“, - აცხადებს კოტე ოცხელი.

როგორც უკვე აღინიშნა, 90-იან წლებში სასამართლომ ქუთაისის სადავო ტაძარი მართლმადიდებლებს გადასცა. კოტე ოცხელის თქმით, სასამართლო იყო ფარსი, სადაც კათოლიკეების მიერ წარდგენილი არანაირი მტკიცებულება არ გაითვალისწინეს: „არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, რადგან ჩვენ სასამართლოში საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ შევიტანეთ და არა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მართლმადიდებლებს არაკანონიერად გადასცა ტაძარი. ჩვენ ამის დასამტკიცებელი საბუთები გვაქვს. თუმცა, არაფრად ჩააგდეს ჩვენი საბუთები, დოკუმენტები, მტკიცებულებები, მოწინააღმდეგე მხარეს კი საერთოდ არ ჰქონდა საკუთრების დამამტკიცებელი საბუთი. ეს საბუთები არც დღეს აქვთ. აღსანიშნავია, რომ სანამ სასამართლომდე მივიდოდა საქმე, ჩვენ ვცდილობდით, მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან გვქონოდა კონტაქტი. ვთხოვდით, რომ საკითხი ერთად შეგვესწავლა, მაგრამ - უშედეგოდ. ასევე, შეგვეძლო, სტრასბურგის სასამართლოსთვისაც მიგვემართა, მაგრამ ვატიკანის მაშინდელმა ელჩმა სიტუაციის დაძაბვა არ გვირჩია“.

„აღდგა საღმრთო სამართლიანობა და ტაძარი ისევ ჩვენ დავიბრუნეთ. სასამართლო პროცესებმაც სამართლიანად აღიარა, რომ ამ ტერიტორიაზე ოდითგანვე ისტორიულად სამეფო საეკლესიო სამოღვაწეო ცენტრი გახლდათ და, შესაბამისად, ეს ტაძარი ჩვენ დაგვიბრუნდა“, - გვეუბნება დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი.

შეჯამებისთვის, ამიერკავკასიის ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგის, მამა აკაკი ჭელიძის თქმით, კათოლიკე მრევლის უმთავრეს პრობლემად წართმეული საკუთრების საკითხი რჩება. ამასთან, კოტე ოცხელის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ კათოლიკეებს შენობებს, როგორც ეკლესიებს, რეესტრში არ უფორმებენ: „მაგალითად, ახალშენში დენის მრიცხველიც კი არ გვაქვს, ვინაიდან ვერ ვაფორმებთ, როგორც ეკლესიას. პრობლემებია რუსთავშიც: ტერიტორია გამოყოფილია, პროექტიც არის, მაგრამ მშენებლობას ვერ იწყებენ. რატომ, არავინ იცის. ნებართვას ვერ ვღებულობთ. ფაქტია, რომ ამგვარი საკითხები მაღალ ეშელონებში იბლოკება. დღესდღეობით, წარმოუდგენელია, ქალაქში კათოლიკური ტაძრის აშენება“, - აცხადებს კოტე ოცხელი.

ამ ეტაპისთვის კი, ქუთაისში, მართლმადიდებლური მხარის ინფორმაციით, ტაძრის რესტავრაცია იგეგმება: „ჩვენი მოთხოვნაცაა, რომ მოხდეს რესტავრაცია. ეკლესიის დახურვის შემდეგ, ტაძარი სხვადასხვა ფერში შეიღება. აქ კულტურის ცენტრი იყო გახსნილი და, როგორც ჩანს, მას მიუსადაგეს ეს სიჭრელე. ამიტომ კედლები უნდა გასუფთავდეს. ტაძარი ცოცხალ სვეტებზეა დამყარებული. ეს რომ გასუფთავდება და ქვა გამოჩნდება, ტაძრის ძირძველი სახე წარმოჩინდება. დასმულია ასევე ტაძრის გადახურვის საკითხიც. გაზაფხულისთვის ამ საკითხის გადაწყვეტას ველოდებით. მთავარია, რომ ახლა ტაძარი გადაიხუროს და შიდა სამუშაოები შესრულდეს, რათა ტაძარს თავისი ძირძველი სახე დაუბრუნდეს“, - გვითხრა მამა ბესარიონ ხვისტანმა. 

ფაქტია, არც მართლმადიდებლური და არც კათოლიკური მხარე ტაძარს სადავოდ არ მოიხსენიებს. ორივე აცხადებს, რომ ტაძარი მათ ეკუთვნით. ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დავა დღემდე გრძელდება. დღემდე ისმის კითხვები, რომლებზეც განსხვავებულ პასუხებს ვიღებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ობიექტურად და მიუკერძებლად გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი. 

„მნიშვნელოვანია, რომ ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, მისი თვითნებურად გადაკეთება, რესტავრაციის მიზნით, დაუშვებელია. რესტავრაციის საჭიროებას განსაზღვრავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელიც ასევე ამტკიცებს რესტავრაციის გეგმას და მეთვალყურეობს სარესტავრაციო სამუშაოებს. ბოლო დროს გახშირდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა თვითნებური რესტავრაციის შემთხვევები, რასაც ხშირად მართლმადიდებელი სასულიერო პირები მიმართავენ“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, დაინტერესდეს ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის საკითხით და აღკვეთოს კულტურული მემკვიდრეობის თვითნებური გადაკეთებისა თუ დაზიანების ყოველგვარი მცდელობა.

ფოტორეპორტაჟი - გოგა ჩანადირის

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები