კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადიგენისა და ფლატის ისტორიული მეჩეთები დანგრევის პირასაა

22 იანვარი, 2016
 ნათია გოგოლაშვილი

სოფელ ადიგენის ცენტრში ყურადღებას იქცევს ისტორიული მეჩეთის ნაშთი, რომელიც 1885-1886 წლებში აუშენებიათ. დღეს მეჩეთი დანგრევის პირასაა, არც სახურავი აქვს შემორჩენილი და კედლებიც შეიძლება დაინგრეს. ასევე ინგრევა 1927 წელს აშენებული მეჩეთი სოფელ ფლატეში. ადამიანის უფლებათა ცენტრი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ადიგენისა და ფლატის მეჩეთებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 

სოფელ ადიგენის მეჩეთიდან რამდენიმე მეტრში რკინის დიდი ჯვარი დგას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სოფელში ამჟამად მართლმადიდებლებიც ცხოვრობენ. მუსლიმების ცნობით, მართლმადიდებელ გლეხებს ისტორიული მეჩეთის ეკლესიად გადაკეთება უნდოდათ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და ჯვრით ოდნავ მოშორებით მონიშნეს ადგილი, სადაც ეკლესიის აშენებას გეგმავენ. 

სამცხე-ჯავახეთის მუფთის მოადგილის ჯამბულ აბულაძის თქმით, სოფელ ადიგენში მდებარე ავარიული მეჩეთი მოსახლეობისთვის, ერთგავარად, საფრთხესაც წარმოადგენს, რადგან შენობიდან ქვები ცვივა: „ამ საკითხზე წინა ხელისუფლების პერიოდში, ადიგენის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებთან გვქონდა საუბარი. რაღაც დონეზეც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ შენობა უნდა შემოგვეღობა, რათა ქვების ჩამოვარდნისგან დაცული ყოფილიყო მოსახლეობა. შემოსაღობი მასალაც გავამზადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოო შეთანხმებას ვეღარ მივაღწიეთ. ადიგენის მეჩეთს სასწრაფოდ სჭირდება რესტავრაცია, რათა ერთი მხრივ, ეს ისტორიული ნაგებობა შევინარჩუნოთ და მეორე მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას“.

განადგურების საფრთხე ემუქრება სოფელ ფლატეში 1927 წელს აგებულ მეჩეთსაც. „მაჰმადიანი მესხების მიერ აშენებულ ამ ისტორიულ ნაგებობას, ერთი მხრივ, მოუვლელობის გამო ელის დანგრევა, მეორე მხრივ კი საფრთხე ჩნდება იმ ფობიებისგან, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი ადგილობრივი მოძღვარი ქადაგებს. ისინი მრევლს ჩააგონებენ, რომ „მუსლიმი ქართველი არ არის“, „მეჩეთი დანგრეული ეკლესიების ქვებით არის აშენებული“. დღესდღეობით ამ მეჩეთის გადარჩენის ერთ-ერთი გზა არის მისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება, რის შემდეგაც ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ვალდებული იქნება, დაიცვას ის განადგურებისგან“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.

„ვფიქრობ, აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს ჩვენს წარსულ კულტურულ მემკვიდრეობაზე და აღადგინოს ეს მეჩეთები, მიანიჭოს მათ ძეგლის სტატუსი. სამცხე-ჯავახეთში ძალიან ბევრი ისტორიული მეჩეთია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე და პირვანდელი სახე დაუბრუნოს. ეს კიდევ უფრო გაალამაზებს ჩვენს ქვეყანას. სალოცავი არ უნდა იყოს გაპარტახებული, გაველურებული, საქონელი არ უნდა შედიოდეს შიგნით და ა.შ. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არის ჩვენი კულტურა და ისტორია, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და მოვუაროთ ისტორიულ ძეგლებს. სამწუხაროდ, ამ ხნის მანძილზე არაფერი შეცვლილა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ფლატის მეჩეთი, ისევე როგორც სხვა ისტორიული მეჩეთები, მალე მიიღებს ძეგლის სტატუსს“, - აცხადებს ჯამბულ აბულაძე.

ფლატის დაზიანებული შენობის აღდგენასა და რესტავრაციას ადგილობრივი მართლმადიდებლების ნაწილიც ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინააღმდეგი არიან, შენობამ მეჩეთად იფუნქციონიროს. 

„არ ვიცით, ვისი აშენებულია ეს შენობა, ქართველების თუ თურქების. ეს იყო ჩვენი სოფლის უნიკალური შენობა და გვინდა, რომ ასე დარჩეს. მეჩეთად არ გვინდა! ადრე ამ შენობაში გვქონდა მაღაზია, კლუბი, ბიბლიოთეკა. აქ მეჩეთი არასდროს ყოფილა. ახლა კი შენობა ინგრევა და ჩვენი სურვილიცაა, რომ ის აღდგეს. შენობიდან ქვები ცვივა და საშიშია. შიგნით საქონელიც შედის ხოლმე, რაც ასევე, ცუდია“, - აღნიშნავს ადგილობრივი ვაჟა ჭიტაძე.

ფლატის მეჩეთის განზრახ დაზიანების ფაქტზე humanrights.ge გასულ წელს წერდა. 2014 წლის 17 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება სოფელ ფლატეში არსებული ისტორიული მეჩეთის, სავარაუდოდ, განზრახ დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ ფაქტების შესწავლა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. თუმცა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად ადიგენის რაიონის პოლიციის სამმართველოს  გადასცა. თუმცა, ფლატის მეჩეთის დაზიანების ფაქტი სახელმწიფოსგან დღემდე რეაგირების გარეშე რჩება.

სამცხე-ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მეჩეთები მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში გადაეცეს. მისი თქმით, ამ გზით ისტორიული მეჩეთები დანგრევას გადაურჩება.

„ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ მირაშხანის მეჩეთია მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში. დანარჩენი მეჩეთები ან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ან ადგილბობრივი თითმმართველი ორგანოს, ან ზოგიერთი ფიზიკური პირის კერძო საკუთრებაში. ზოგიერთ მეჩეთს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ზოგიერთი დღესაც კლუბად რჩება, ზოგიერთი კი საქონლის საწყობად და თივის შესანახად გამოიყენება. ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა ყველა ქართველი მუსლიმისათვის. ადიგენისა და ფლატის მეჩეთებს რაც შეეხებათ, სახელმწიფომ კეთილი ნება უნდა გამოთქვას და ეს მეჩეთები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად დაარეგისტრიროს. იქ, სადაც მუსლიმი მრევლი არ ცხოვრობს, მეჩეთის ამოქმედებას არ ვითხოვთ. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს მეჩეთისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება და მისი რესტავრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეჩეთები განადგურდება და ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას სირცხვილად შემორჩება“, - აცხადებს მამუკა ვაშაყმაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, აღნიშნული ძეგლების მოვლა-პატრონობა, უპირველესად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ქმედითი ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ძეგლების მიზანმიმართული დაზიანება და განადგურება: „რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩვენს თვალწინ ნადგურდება. არა აქვს მნიშვნელობა, ძეგლის სტატუსი ოფიციალურად აქვს თუ არა მინიჭებული. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს არის მიზანმიმართული დაზიანება და ნგრევა, როგორც ეს მოხდა ფლატის მეჩეთის შემთხვევაში, როცა ზარზმის მონასტრის წინამძღვრის თაოსნობით, ფლატეს მეჩეთის პერანგის ქვები გადაიტანეს ზარზმის მონასტრის ტერიტორიაზე. ზოგჯერ, ეს არის ელემენტარული უცოდინრობა, მემკვიდრეობის მაღალი მნიშვნელობის შეუფასებლობა და დაუფასებლობა, რის გამოც საზოგადოება არ თვლის თავს მოვალედ, უპატრონოს და მოუაროს ამ  საუნჯეს. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი მაინც თავს იყრის სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ზომები, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით,  რათა არ ხდებოდეს ამ ძეგლების მიზანმიმართული დაზიანება და განადგურება; ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, იმ ძეგლებს, რომლებსაც ოფიციალურად არა აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ეს სტატუსი მიენიჭოს, რათა ამ გზით უფრო გარანტირებული იყოს  მათი დაცვა და მოვლა-პატრონობა; ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული, რა სიმდიდრის მფლობელია.  კარგია, რომ 2012 წელს  კულტურის მინისტრის ბრძანებით ათობით ნაგებობებს, მათ შორის - მეჩეთებს, მიენიჭა ძეგლის სტატუსი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადიგენისა და ფლატის მეჩეთებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, საბჭო რამდენიმე დღეში განიხილავს ამ მეჩეთების საკითხს.

ფოტორეპორტაჟი - გოგა ჩანადირის

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები