კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკოლოზ ანთიძე - კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი მკაცრდება

29 იანვარი, 2016
 
ნათია გოგოლაშვილი

როგორ უვლის სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რა მექანიზმები არსებობს მათ დასაცავად და რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის გამკაცრება - ამ საკითხებზე humanrights.ge კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა.

ბოლო პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათ შორის - ეკლესიების, თვითნებური გადაკეთებისა და დაზიანების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსაზრება, რომ რაკი კონსტიტუციური ხელშეკრულებით - კონკორდატით სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადასცემს ისტორიულ ეკლესია-მონასტრებს, „მესაკუთრეს“ უფლება აქვს, როგორც უნდა ისე გამოიყენოს „თავისი საკუთრება“. ასეთ ვითარებაში, კონტროლის რა მექანიზმები არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თვითნებური გადაკეთებისა და დაზიანების შემთხვევაში?

საკუთრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ეკლესიასთან შეთანხმებით, სახელმწიფო იღებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს კანონი და ვინც არ უნდა იყოს მისი მესაკუთრე, მას ამ კანონის დაცვის ვალდებულება აქვს. დაუშვებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის თვითნებური გადაკეთება. კონკორდატი არავის აძლევს უფლებას, ვისაც როგორ უნდა, ისე მოექცეს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს. ჩვენ გავამკაცრეთ მიდგომა და 2014 წელს შევქმენით კულტურული მემკვიდრეობის ინსპექცია. ძეგლის დაზიანების შემთხვევაში, ამ ეტაპზე მხოლოდ გაფრთხილებებით შემოვიფარგლებით. ამავე დროს, ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის ახალ კოდექსზე, რომლის ამუშავების შემდეგ ყველა უკანონობის ჩამდენის მიმართ აუცილებლად უფრო მკაცრი კონკრეტული ქმედებები განხორციელდება. დღეს ამ პროცესის კონტროლი რთულია. 

ძეგლის დაზიანებისას სისხლის სამართლებრივი პასუხისგება თუ დგება?

დღეს არსებული კულტუტული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველს იძლევა, მაგრამ ამ ყველაფრის გატარება კონკრეტული სასულიერო პირების მიმართ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაგვიყენებია, ამა თუ იმ კანონდარღვევის თაობაზე პროკურატურისთვის გვიცნობებია, მაგრამ რა შედეგით დასრულდა მოკვლევა, ჩვენთვის უცნობია. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის ფუნქციების გაზრდაზე. ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ინსპექციის მუშაობა უფრო ეფექტური იქნება. 

ერთია, როცა მიზანმიმართულად აზიანებენ ძეგლს და მეორე, როცა ეს უცოდინრობის გამო, გაუცნობიერებლად ხდება. ორივე შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულში მოექცევა?

დაზიანება ისეთი რამ არის, როცა, ძირითადად, გამოუსწორებელ შედეგებამდე მივდივართ. თუ ძეგლი ისე დაზიანდა, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი დგება. არსებობს ასევე მეორე მიმართულება, რაც უფრო ხშირად გვხვდება, როცა „კეთილი განზრახვით“, მაგალითად - რეაბილიტაციის დროს ზიანდება ძეგლი. ასეთი დაზიანების გამოსწორება უფრო ადვილია და აქ უმეტესწილად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დგება. 

ჩვენ დღეს პოზიტიური ნაბიჯებიც გვაქვს. მაგალითად, სავანეთში ეკლესიაში დაყენებული თანამედროვე გათბობის სისტემის დემონტაჟი სწორი კომუნიკაციით მოვახერხეთ. უპირველესად, ყველანაირი ასეთი გაუგებრობა თავიდან რომ ავიცილოთ, ძეგლთა დაცვასთან უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია. ჩვენამდე უნდა მოვიდეს ინფორმაცია და ძეგლის თითოეული ცვლილება შეთანხმდეს. შეიძლება, ადამიანს უნდოდეს რაღაცის გაკეთება, გათბობის მოწყობილობის დამონტაჟება, სახურავის შეკეთება, მაგრამ ამას აქვს თავისი წესები. ამიტომ, ამ განზრახვის შესახებ, ელემენტარულად, უნდა შეგვატყობინონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი გაკეთება უნდათ. მას შემდეგ, როცა შეგვატყობინებენ და ვერ დავეხმარებით, პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე გადმოდის და არა იმ ადამიანზე, რომელმაც გაგვაფრთხილა. სწორედ ამას ვცდილობთ, რომ განზრახულობა მაინც ვიცოდეთ და ძეგლების დაზიანების ფაქტები, შეძლებისდაგვარად, აღმოვფხვრათ. ხშირ შემთხვევაში, გამოგვდის, ხშირ შემთხვევაში - არა.

ევროპის გამოცდილების გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კერძო საკუთრებაში აქვთ, მაგრამ კერძო მესაკუთრეებს, გარკვეულწილად, ევალებათ ამ ძეგლის შენარჩუნება. 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ძეგლებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ასმაგია, ვიდრე უძრავ ძეგლებზე. მით უფრო, თუკი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშიც არის ძეგლი შეტანილი და ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე. 

დღევანდელი კანონმდებლობით, ძეგლის მესაკუთრის პასუხისმგებლობა (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი) არ ვრცელდება საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე, რაც ძალიან ცუდია და სხვა მესაკუთრეებს არათანაბარ პირობებში ამყოფებს. ჩვენ ახალი კოდექსით, ვფიქრობთ, ეს საკითხიც დავარეგულიროთ.

ძეგლის მესაკუთრე ყოველთვის მოტივირებული იქნება, თუ რამე სარგებელს მიიღებს. არაერთი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს ძეგლის მესაკუთრის მოტოვაციისთვის და წახალისებისთვის. მაგალითად, ნიუ ორლეანში ფრანგული კვარტალის მოსახლეობა წახალისებულია იმით, რომ მათ კომუნალური გადასახადები შემცირებული აქვთ. სამაგიეროდ, ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულებები აქვთ გაზრდილი. საქართველოში არ არის არანაირი შეღავათები და ადამიანები თავად აზიანებენ და ანგრევენ ძეგლებს. შესაბამისად, მოტივაციის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.

დღესდღობით, უკვე ვხედავთ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარგებლობაში გადაცემის მაგალითებს, რაც ამ ძეგლების მოვლა-პატრონობას გააიოლებს.

მესაკუთრესა და მოსარგებლეს ერთნაირი ვალდებულებები აქვს. მოუვლელობაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს. მაგალითად, ოფიცერთა სახლში მოუვლელობისგან ზდანოვიჩის მხატვრობა ზიანდება, რაზეც კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციას შესაბამის რეაგირება მოვთხოვე. 

თქვენი აზრით, უმჯობესია ძეგლი კონკრეტული პირის სარგებლობაში იყოს, ვიდრე უპატრონოდ?

ჩვენი ურთიერთობები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან ნაკლებ პრობლემატურია. რაბათის ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისას, როდესაც კათოლიკური ეკლესიის აღდგენა მიმდინარეობდა, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ჩვენ გარეშე. მათგან ნაკლებად ხდება დარღვევები. მუსლიმების შემთხვევაშიც იყო რამდენიმე ფაქტი, როცა ჩვენს მითითებებს დაემორჩილნენ.

ჩვენ ვნახეთ სოფელ საყუნეთის მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მუსლიმი მრევლი ითხოვს მის სარგებლობაში გადაცემას. ამჟამად, მეჩეთი უპატრონობისგან სავალალო მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს რა ვალდებულებები აქვს, როდესაც ვერ ახერხებს მის მოვლა-პატრონობას?

მართლაც მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ჰყავდეს მოსარგებლე, რომელიც ვალედებულებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ ობიექტს და მის მოვლა-პატრონობაში სახელმწიფო ხელს შეუწყობს. ჩემთვის, პირადად, გაცილებით უკეთესია, რომ კონკრეტული პირები და ორგანიზაციები იყვნენ მათი მოსარგებლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო რჩება მარტო ამ უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის წინაშე, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ფულს უნდა ხარჯავდეს, მაგრამ ძირითადად, მან ხელი უნდა შეუწყოს მოსარგებლეს, სწორად გაუკეთოს ძეგლს რეაბილიტაცია და მისი კარგი განმკარგავი იყოს. 
საყუნეთის მსგავსად ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია მიტოვებული.

ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა კონკრეტულად არავის ეკისრება?

რა თქმა უნდა, პიროვნულად პასუხისმგებლობას ვერავის დააკისრებ. ჩვენი ქვეყნის თითო კვადრატულ კილომეტრზე, დაახლოებით, სამი-ოთხი ძეგლი მოდის. მათ მოვლას დიდი ადამიანური რესურსი და ბიუჯეტი სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ეს ძეგლები კერძო მესაკუთრეებზე გადანაწილდება. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო გამოსავალია. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს სწორი მართვისთვის დარჩებოდა მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლები და არქეოლოგიური მემკვიდრეობა, რაც, დღესდღეობით, ძალიან დაუცველია. 

როდესაც დავაა ორ რელიგიურ კონფესიას შორის ძეგლის კუთვნილების საკითხზე, ეს ხომ არ ართულებს თქვენს მუშაობას, მათ შორის არსებული დავა ხომ არ აისახება თქვენს მუშაობაზე?

ჩვენ ამ საკითხს ძალიან მარტივად და პრაგმატულად ვუდგებით. ნებისმიერ მხარესთან სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე ვართ ორიენტირებული, რადგან ჩვენთვის მთავარი ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნება და ძეგლის გადარჩენაა. დავა, რომელიც სხვადასხვა კონფესიას შორის საკუთრების გარშემო მიმდინარეობს, ძეგლთა დაცვის თემა არ არის.

თუმცა, არის შემთხვევები, როცა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ძეგლის გადაკეთებაზე დავობენ.

ნებისმიერი არათავსებადი ცვლილება, რაც ძეგლის  ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, ძეგლის დაზიანებაა. პირადად ინსპექციის უფროსად ჩემი მუშაობის პერიოდში არაერთი მაგალითი მაქვს ნანახი, როდესაც ქართულ ეკლესიებს, კვალის წაშლის მიზნით, ათას საშინელებებს უკეთებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში უფრო ვაკონტროლებთ სიტუაციას. ნორაშენის ერთ-ერთ წარწერაზე როცა ერთი ასო ჩამოვარდა, საქმე სისხლის სამართლით გავუშვით. თუმცა, პრობლემა გვაქვს ისეთ რეგიონებში, სადაც ნაკლებია კონტროლი.

2012 წელს კულტურის მინისტრის ბრძანება გამოიცა, სადაც ათეულობით მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ერთი მხრივ, სახელმწიფოს დაემატა ვალდებულება, დაიცვას ეს ძეგლები, მეორე მხრივ, ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხები. სახელმწიფომ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ სტატუსის მინიჭების შემდეგ მოუაროს ძეგლებს? 

სტატუსის მინიჭება არის პირველი ეტაპი ობიექტის დასაცავად. ეს თემა ორ ნაწილად უნდა გავყოთ: ერთია დეკლარირება, მეორეა შესაძლებლობები. ფინანსური შესაძლებლობის არქონის გამო, დეკლარირებაზე უარს ვერ ვიტყვით, რადგან ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია მუდმივი პროცესია.  დღეს თუ არა გვაქვს საშუალება, ხვალ გვექნება. ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის მუდმივ პროცესში ვართ. რა თქმა უნდა, რთულია, ყველაფერზე ბიუჯეტი მოითხოვო. ეს, მერწმუნეთ, შეუძლებელიც არის. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის კულტურულ მემკვიდრეობაზე დიდი დაფინანსება გამოყოფილი. ამიტომ, იმის შიშით, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ არის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის პროცესი არ უნდა შევაჩეროთ. 

რამდენიმე მეჩეთია სამცხე-ჯავახეთში, რომლებსაც სტატუსი არა აქვთ. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფლატისა და ადიგენის მეჩეთებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით მომართა სააგენტოს. რა რეაგირება გექნებათ?

ჩვენ მზად ვართ, შევისწავლოთ ყველა განაცხადი. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება  სტატუსის მინიჭების ინიციატორი იყოს. ჩვენი მხრივ, საჭიროების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭება პრობლემა არ არის. 

დაბოლოს, რა ძირითადი პროექტები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში და რა იგეგმება მიმდინარე წელს რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით?

2014 წელს გავაკეთეთ თბილისის საკულტო ნაგებობების ინვენტარიზაციის პროექტი, რაც გულისხმობდა თბილისში საკულტო ნაგებობების ზოგად შეფასებასა და მათ გარშემო არსებული რეალური ვითარების შესწავლას. თბილისის მასშტაბით სომხურ ეკლესიებზე მთელი რიგი პროექტებია მომზადებული. მაგალითად, სურბნიშანის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მომიჯნავე მობინადრეებთან გვაქვს პრობლემები და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მათ უნდა დატოვონ ტერიტორია, რადგან სხვა შემთხვევაში, ეკლესიის რეაბილიტაციას ვერ მოვახერხებთ. 2015 წელს გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის პროექტი დავაფინანსეთ, რომლისთვისაც 100 000 ლარი იყო გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გერმანულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შევისწავლეთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, საკულტო ნაგებობებიცაა - ლუთერანული ეკლესიები. წელს შევარჩევთ სამ შენობას, რომელთა რეაბილიტაციის პროექტსაც სააგენტო მოამზადებს. სოფელ ასურეთში, სააგენტოს დიდი ძალისხმევით, ისტორიული ლუთერანული ეკლესია თვითნებურ გადაკეთებას გადაურჩა. ჩვენ მოვამზადეთ ასევე მეათე საუკუნის ძეგლის - კუმურდოს რეაბილიტაციის პროექტი. წელს ვიწყებთ მის რეაბილიტაციას. 

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები