კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახელმწიფო ვალდებულია, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონება შესაბამის რელიგიურ თემს დაუბრუნოს“

8 თებერვალი, 2016
 
 
ნათია გოგოლაშვილი

როგორ მიმდინარეობს საკულტო ნაგებობების რელიგიური უმცირესობებისთვის გადაცემის პროცესი და რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ კონფესიებს შორის არსებულ დავებთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე Humanrights.ge რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, არჩილ მეტრეველს ესაუბრა. 

- რა ფორმით გადაეცემათ რელიგიურ უმცირესობებს საკულტო ნაგებობები? 

- კანონი იძლევა საკულტო ნაგებობების მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის შესაძლებლობას ისე, რომ დაუშვებელია ამ ნაგებობების პრივატიზება. კანონმდებლობის ეს ხარვეზი ვიდრე არ გასწორდება, არა გვაქვს შესაძლებლობა, რომ რელიგიურ გაერთიანებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაგებობები სხვა ფორმით გადავცეთ. თუმცა, სარგებლობის ფორმით გადაცემის შემთხვევაში, მოსარგებლე სარგებლობს აბსოლუტურად ყველა უფლებით: სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, მშენებლობის და სხვა. 

კანონმდებლობაში არის სხვა ხარვეზიც: რელიგიური გაერთიანებები რეგისტრირდებიან ამა თუ იმ რელიგიური თემის წარმომადგენლობით ორგანოდ, მაგრამ სარეგისტრაციო ფორმით ყოველთვის ვერ დგინდება, რომ ისინი მართლაც წარმოადგენენ ამა თუ იმ რელიგიურ თემს. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ესა თუ ის ქონება დაუბრუნდეს შესაბამის რელიგიურ თემს და არა ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას, რომელსაც შესაძლოა, ნაკლები წარმომადგენლობა ჰქონდეს. ამასთან, საკულტო ნაგებობების რელიგიური უმცირესობებისათვის გადაცემის პროცესი სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ხორციელდება. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს რესტიტუციის კლასიკურ მოდელს. საქართველო არაა იმ სახელმწიფოს სამართალმემკვიდრე, რომელმაც რელიგიურ უმცირესობებს ესა თუ ის  ქონება ჩამოართვა, მაგრამ, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რელიგიური ნაგებობები საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში აღმოჩნდა, ცხადია,  სახელმწიფო თავს ვალდებულად თვლის, რომ რელიგიურ კონფესიებს სარგებლობაში გადასცეს ის ნაგებობები, რომელიც დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაშია და ისტორიულად ამა თუ იმ რელიგიურ კონფესიას ეკუთვნის. 

- როგორია  საკულტო ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცედურა და რა ეტაპზეა ამ დროისთვის ეს პროცესი? 

- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში შექმნილია რელიგიური გაერთიანებების ფინანსური და ქონებრივი საჭიროებების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიან სააგენტოსა  და სხვა უწყების წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები. ამასთან, კომისიაში როტაციული წესით ხმის მიცემის უფლებით მონაწილეობს იმ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელსაც უკავშირდება განსახილველი საკითხი.  საკულტო ნაგებობების საკითხებიც ამ ფორმატში განიხილება. კომისია დაარსების დღიდან მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. დღეისათვის განხილულია: მუსლიმთა მეჩეთების საკითხი; ებრაელთა სინაგოგების საკითხი; კათოლიკეების საკითხი, რუსთავში სალოცავის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით; ქალაქ გორში მდებარე ევანგელისტურ-პროტესტანტული სალოცავის სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი;  კომისია მანამ გაარძელებს მუშაობას, სანამ არ ამოიწურება ის ქონება, რომლის საკუთრებაში გადაცემის საჭიროებაც არსებობს. 

ამ ეტაპზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადებითი რეკომენდაცია გაიცა 11 სინაგოგისა და 87 მეჩეთის რელიგიური უმცირესობებისათვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ნელ-ნელა მიმდინარეობს სარგებლობის უფლების რეგისტრაცია. ვინაიდან, ყველა მეჩეთი არ წარმომადგენს სახელმწიფო საკუთრებას, პირველ ეტაპზე დგინდება არის თუ არა სახელმწიფოს საკუთრება და ამის შემდეგ გადაეცემა რელიგიურ თემს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისია რელიგიური უმცირესობებისათვის საკულტო ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაციებს იღებს და არა საბოლოო გადაწყვეტილებებს. ჩვენი რეკომენდაცია მიმართულია მთავრობისადმი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 

- შენობა-ნაგებობების სარგებლობაში გადაცემის პროცესს ასევე სადავო საკულტო ნაგებობების არსებობაც აფერხებს. მაგალითად, სოფ. მოხეს სადავო შენობის საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია, მაგრამ მას ამ დრომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გაუცია. თქვენი შეფასებით, რამდენად შედეგიანია სადავო საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა?  

- ამ პროცესის დადებითი მხარე გამოიხატება იმაში, რომ ინტერრელიგიური დიალოგის ამ ფორმატის გაჩენამ ბევრ სხვა ადგილებში ჩვენ პრევენციული ღონისძიებების მიღების საშუალება მოგვცა. სხვა ადგილებში ასეთი სიმწვავით დაპირისპირებები დღესდღეობით არ გამოვლენილა. რაც შეეხება უშუალოდ მოხეს საკითხთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტას, ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. ამ პროცესში სააგენტო, უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მხოლოდ არბიტრის როლს ასრულებს. ჩვენი შეთავაზება არის საკითხის გადაწყვეტა ისე, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დარჩეს კმაყოფილი და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრებაგაგრძელდეს.ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომისია,საკუთრებასთან დაკავშირებით, შეიმუშავებს მხოლოდ რეკომენდაციას და არა გადაწყვეტილებას.  

- საინტერესოა, ასევე, ისტირიული კათოლიკური ტაძრების ბედიც. მაგალითად, ქუთაისისა და ბათუმის ტაძრები, რომლებიც დღესდღეობით მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია. თუ მოუმართავთ კათოლიკეების აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? 

- ამ ეტაპზე კათოლიკური ეკლესიის პრიორიტეტს ახალი სალოცავების აშენება წარმოადგენს. სადავო ტაძრებთან დაკავშირებით, კათოლიკურ ეკლესიას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიისთვის არადროს მოუმართავს. იმისათვის, რომ შესაბამისმა კომისიამ განიხილოს სადავო ეკლესიების კუთვნილების საკითხი, აუცილებელია, რომ შესაბამისმა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა კომისიას მიმართონ. ზოგადად, სახელმწიფო ამგვარ დავებში არ უნდა ერეოდეს, განსხვავებით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული ქონებისა. ზოგადად, ეს თემა მუდმივი მსჯელობის საგანია, მაგრამ პროცედურულად ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. 

- ასევე, საკმაოდ პრობლემურია მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შორის არსებული დავა ტაძრებთან დაკავშირებით. განსხვავებით კათოლიკე მრევლისაგან, სომხური ეკლესიის წარმომადგენლები აქტიურად ითხოვენ ტაძრების სარგებლობაში გადაცემას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? 

- სომეხთა სამოციქულო ეპარქიამ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 442 ტაძრის კუთვნილების საკითხის გადასაწყვეტად მიმართა. ამ ეტაპზე პრიორიტეტულად ირჩევა ის ტაძრები, რომლებთან დაკავშირებული საკითხებიც შეიძლება უფრო მარტივად გადაიჭრას.  სადავო ტაძრების შემთხვევაში, არსებითად იგივე მდგომარეობაა. ტაძრების დიდი ნაწილი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია და ისინი უკვე სარგებლობენ ამ ტაძრებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყეთ კონსულტაციები შესაბამისი კომპეტენციის სახელმწიფო უწყებებთან და ინსტიტუტებთან, ძირითადად - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო სააგენტოსთან. ამ ინსტიტუტებს შეუძლიათ კომპეტენტური დასკვნის დადება. ეს პროცესი ასე გაგრძელდება, რადგან, ერთი მხრივ, ესაა ინტერრელიგიური დავის საგანი და, მეორე მხრივ, ესაა კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რადგან სიაში მოყოლილია უამრავი ნაგებობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მათი შესწავლის დროს ყველა კანონით გაწერილი პროცედურა უნდა იყოს დაცული. სახელმწიფოსთვის ყველაზე კომფორტული იქნებოდა, რომ რელიგიურ კონფესიებს შორის კონსესუსი ყოფილიყო მიღწეული და ამ დავებში სახელმწიფო უფრო ნაკლებად ყოფილიყო ჩართული.

მასალა მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.



ახალი ამბები