კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში მდებარე სადავო სომხური ტაძრები ინგრევა

10 თებერვალი, 2016
 ნათია გოგოლაშვილი

დღესდღეობით თბილისში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოში სომეხთა წმინდა მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას შორის რამდენიმე სადავო ტაძარია, მათ შორისაა: ნორაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სურბ ნიშანი, მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია, სურბ მინა და შამქარეცი. დღეს ეს ტაძრები, ფაქტობრივად, ინგრევა და ნადგურდება. ხუთივე ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ ეტაპზე მხოლოდ ნორაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

აღნიშნული ტაძრებიდან ყველაზე ადრეულად ითვლება სურბ ნიშნის ეკლესია, რომელიც აგებულია 1703-1720 წლებს შორის. საბჭოთა პერიოდში აქ განთავსებული იყო საჯარო ბიბლიოთეკის წიგნთსაცავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხანძრისგან განადგურდა. ტაძარში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძაღლების თავშესაფარიც კი იყო გახსნილი, რის გამოც ტაძრის ინტერიერი დაბინძურებულია. 

2011 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირი ICOMOS საქართველო“-მ შეადგინა სურბნიშნის ტაძრის რეაბილიტაციის სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მომდევნო წელსვე ტენდერში გამარჯვებული შპს „კონსტრუქტორი 2012“-ს მიერ განხორციელდა შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები, რაც მოიცავდა ინტერიერში ჩრდილოეთის დაძრული ნაწილის გამაგრებით სამუშაოებს. მას შემდეგ სამუშაოები შეწყვეტილია, რადგან თბილისის მერიის მიერ ტაძრის მომიჯნავედ მცხოვრები მოქალაქის გასახლება ვერ მოხერხდა. ამ მოქალაქეს ზედ ტაძრის კედელთან, ეზოში, ძაღლების თავშესაფარი აქვს, რის გამოც გარშემო მუდმივად არაჰიგიენური სუნი და ხმაურია.

მოღნისის წმ. გიორგის ეკლესია  1751 წელსაა  აგებული. 2009 წლის 19 ნოემბერს ჩამოიქცა დაზიანებული შენობის გუმბათი და კედლების დიდი ნაწილი. ქ. თბილისის მერიის მიერ მალევე მოხდა ძეგლის ნანგრევებისგან გაწმენდა, რის შემდეგაც უკვე 2010 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „არქიტექსმა“ შეასრულა საპროექტო სამუშაოები. ძეგლის შემდგომი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, მისი ძლიერ დაძრული აღმოსავლეთი ნაწილი ლითონის მჭიმებით შეიკრა. 

„საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მოღნისის წმ. გიორგის ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. საბჭოთა პერიოდში ტაძარი ეთნოგრაფიის მუზეუმის ნაწილად გამოიყენებოდა. შემდეგ უპატრონოდ დარჩა და ნგრევა დაიწყო. ჩვენ ბევრჯერ მივმართეთ შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობებს, რომ ტაძარი ჩვენ გადმოგვცემოდა, მაგრამ უშედეგოდ. უპატრონობისადა უყურადღებობის შედეგად, 2009 წლის შემოდგომაზე ტაძრის გუმბათი ჩამოინგრა. ბოლო წლებში ჩვენ მიმართული გვაქვს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთვის, რომ ტაძარი თავის ისტორიულ მემკვიდრეს დაუბრუნდეს“, - გვითხრა სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა მიხეილ ავაქიანმა.

ნორაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 1796 წლის შემდგომ, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას დანგრეული ეკლესიის ადგილასაა აგებული. 1925 წელს საბჭოთა ხელისუფლებას ეკლესიის დანგრევა სურდა, მაგრამ თბილისის მოქალაქეების წინააღმდეგობამ იგი განადგურებისაგან იხსნა და საბოლოოდ შენობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკას გადასცეს.

2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „ინჟინრულმა აზრმა“ შეადგინა ნორაშენის ტაძრის რეაბილიტაციის სრული საპროექტო დოკუმენტაცია. იმავე წლის სექტემბერში შპს „აბა ჯგუფი“ შეუდგა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას, რომელიც დღემდე მიმდინარეობს „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. 

„ტაძარი იყო ძალიან დაზიანებული, დამსკდარი იყო კედლები, ქვები ჩამოცვენილი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტაძარი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, დანგრევას გადაგვერჩინა. სამუშაოები„ქართუ“ ფონდმა დააფინანსა. პროექტი კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაამუშავა. სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო 2014 წელს და დღემდე მიმდინარეობს. გარეთ რომ გავთხარეთ, საშინელი მდგომარეობა დაგვხვდა - არ იყო მყარი ზედაპირი, რაზეც შეიძლებოდა ტაძრის კონსტრუქციულ მდგომარეობას გავლენა მოეხდინა. ამიტომ იძულებულები გავხდით, რომ ტაძრის გარშემო ხიმინჯები გაგვეკეთებინა, ტაძრის საძირკველს რკინა-ბეტონის პერანგი შემოეკრა. ახლა იწყება რესტავრაციის მეორე ეტაპი, ტაძრის ფასადის სარეკონსტრუქციო სამუშაოები“, - აცხადებს შპს „აბა ჯგუფის“ დირექტორი თამაზ აბულაძე.

„ნორაშენის ტაძარი ჩვენთვის სადავო ტაძარს არ წარმოადგენს, რადგან ისტორიულად ტაძარი აგებულია სომხების მიერ. ამასთან, წირვა-ლოცვა გასაბჭოებამდე სომეხი სასულიერო პირების მიერ ხორციელდებოდა. ეს ის ტაძარია, რომელიც ჩვენთვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს“, - ამბობს მიხეილ ავაქიანი.

შამქორელთა ღვთისმშობლის ეკლესია, იგივე „კარმირ ავეტარანი“ (წითელი სახარება) შამქორიდან გადმოსახლებული სომხების მიერაა აშენებული XIX საუკუნის 40-იან წლებში. 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა და მას ხან პურის საცხობად და ხან საწყობად იყენებდნენ. 1989 წლის 13 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ შენობა ძლიერ დაანგრია. გადარჩენილი რელიეფები (შვიდი ფილა) გადატანილია ავლაბრის ეჩმიაძინის ეკლესიის ეზოში და დღემდე იქაა გამოფენილი.

„შამქორელთა ღვთისმშობლის ეკლესია თბილისში ყველაზე მაღალი ტაძარი იყო, დღეს კი იგი სავალალო მდგომარეობაშია. 90-იან წლებში მივმართავდიღ და ახლაც მივმართავთ მთავრობას, რომ ტაძარი დაგვიბრუნდეს. ამის შემდეგ ჩვენ საკუთარ თავზე ავიღებთ მის მოვლა-პატრონობას. აქამდე იმიზეზებდნენ, რომ ეპარქიას სტატუსი არ გააჩნდა, 2011 წლიდა სტატუსი გაგვაჩნია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვართ, მაგრამ ტაძრის დაბრუნება კვლავ არ ხდება“, - ამბობს მიხეილ ავაქიანი.

სურბ მინას ტაძრის ეზოში ცხოვრობენ დევნილები, მათი თქმით, აღნიშნული ფართი მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  გამოუყო. ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მოახდინა ეკლესიის სარდაფის პრივატიზება და იქ მარანი მოაწყო. მაცხოვრებლების განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, ისინი მზად არიან დატოვონ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

საპატრიარქოს მდივნის, მამა მიქაელის(ბოტკოველი) თქმით, სომეხთა მოთხოვნები, ტაძრების საკუთრებასთან დაკავშირებით, არარეალურია: „ჩვენი ისტორიული უკუღმართობის შედეგია ის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში  სომხები თბილისში ყიდულობდნენ ტაძრებს. როგორ შეიძლება, საქართველოში 600-ზე მეტი სომხური ეკლესიაიყოს?! სწორედ ამ ციფრს ასახელებენ ხოლმე და ამის გამო ძალიან რთულდება მათთან დიალოგი. მათი მოთხოვნები ძალიან არარეალურია. მათი მხრიდან ასეთი ამბიციების გამოხატვა საქართველოში ტაძრების კუთვნილებასთან დაკავშირებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ არ გამოვიდეთ დიალოგის რეჟიმიდან და ვიყოთ კონსტრუქციული. შეიძლება ეს პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობდეს, მაგრამ ამის აუცილებლობას ნამდვილად ვხედავ. მე არ ვიცი, შედეგი როდის დადგება, მაგრამ ეს დიალოგი და ურთიერთობები ჩვენ გვაძლევს მშვიდი ცხოვრების საშუალებას. ისეთი სენსიტიურია ეს თემები, ისე რთულად ხდება საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, რომ სწრაფად და მოკლე დროში ამ საკითხების მოგვარება შეუძლებელია“.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, არჩილ მეტრეველის განცხადებით, სომეხთა სამოციქულო ეპარქიამ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 442 ტაძრის კუთვნილების საკითხის გადასაწყვეტად მიმართა:„ამ ეტაპზე პრიორიტეტულად ირჩევა ის ტაძრები, რომლებთან დაკავშირებული საკითხებიც შეიძლება უფრო მარტივად გადაიჭრას.  სადავო ტაძრების შემთხვევაში, არსებითად იგივე მდგომარეობაა. ტაძრების დიდი ნაწილი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია და ისინი უკვე სარგებლობენ ამ ტაძრებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყეთ კონსულტაციები შესაბამისი კომპეტენციის სახელმწიფო უწყებებთან და ინსტიტუტებთან, ძირითადად - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო სააგენტოსთან. ამ ინსტიტუტებს შეუძლიათ კომპეტენტური დასკვნის დადება. ეს პროცესი ასე გაგრძელდება, რადგან, ერთი მხრივ, ესაა ინტერრელიგიური დავის საგანი და, მეორე მხრივ, ესაა კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რადგან სიაში მოყოლილია უამრავი ნაგებობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მათი შესწავლის დროს ყველა კანონით გაწერილი პროცედურა უნდა იყოს დაცული. სახელმწიფოსთვის ყველაზე კომფორტული იქნებოდა, რომ რელიგიურ კონფესიებს შორის კონსესუსი ყოფილიყო მიღწეული და ამ დავებში სახელმწიფო უფრო ნაკლებად ყოფილიყო ჩართული“, - აცხადებს არჩილ მეტრეველი.

უნდა აღინიშნოს, რომ სანამ აღნიშნული ტაძრების საკუთრების საკითზე დავა მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ფაქტობრივად, ნადგურდება. ნგრევის პროცესის შესაჩერებლად კი სახელმწიფო რეალურ ნაბიჯებს არ დგამს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, გაცილებით უკეთესია, რომ კონკრეტული პირები და ორგანიზაციებიიყვნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოსარგებლეები.

„მართლა მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ჰყავდესმოსარგებლე, რომელიც ვალედებულებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდება ამობიექტს და მის მოვლა-პატრონობაში სახელმწიფო ხელს შეუწყობს. ჩემთვის, პირადად, გაცილებით უკეთესია, რომ კონკრეტული პირები და ორგანიზაციებიიყვნენ მათი მოსარგებლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო რჩებამარტო ამ უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის წინაშე, რომელსაც ქვეყნისბიუჯეტი ვერ გაწვდება. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ფულს უნდა ხარჯავდეს, მაგრამ ძირითადად მან ხელი უნდა შეუწყოს მოსარგებლეს სწორად გაუკეთოსძეგლს რეაბილიტაცია და მისი კარგი განმკარგავი იყოს“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაა და დავა, რომელიც სხვადასხვა კონფესიასშორის საკუთრების გარშემო მიმდინარეობს, ძეგლთა მდგომარეობაზე არ უნდა აისახებოდეს.

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები