კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება მძიმედ დაავადებულ მსჯავრდებულთა პრობლემების შესახებ

16 თებერვალი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ როდესაც პენიტენციური სისტემის პირობებში მსჯავრდებულს ვერ მკურნალობენ, რამაც მის სიცოცხლეს შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას, შესაძლებელი უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გათავისუფლება ავადმყოფობის  გამო, პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია არაერთი საქმე მსჯავრდებულებისა, რომლებიც სასჯელაღსრულების #18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. ისინი დაავადებული არიან ერთბაშად რამდენიმე მძიმე დაავადებით და მათი დიაგნოზი შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რაც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას, რათა სრულყოფილად შეესწავლათ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაენთავისუფლებინათ ისინი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რთულდება სასჯელის მოხდა.  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მათი დარჩენით კი მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლეს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 15-ე  მუხლი. 

ამ მხრივ, საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარის, მსჯავრდებულ თამაზ რასოიანის მდგომარეობა, რომელსაც მკვეთრად უქვეითდება მხედველობა და არსებობს საფრთხე, რომ იგი ორივე თვალით სრულად დაბრმავდეს. მსჯავრდებული საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას, მაგრამ მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ოპერაციული მკურნალობა ვერ განხორციელდება, ვიდრე იგი იმყოფება პენიტენციური სისტემის პირობებში. აღსანიშნავია, რომ თამაზ რასოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია. სწორედ აღნიშნული ფიზიკური ზეწოლის შედეგად განუვითარდა მხედველობის დაქვეითება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს, ასევე, მომართა მსჯავრდებულმა მურად თოდუამ, რომელიც იმყოფება სასჯელაღსრულების #18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც დღემდე უშედეგოდ მკურნალობს. მურად თოდუას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, წამოჯდომა, საკვების მიღება და ა.შ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის ინგა წულაძის საქმე. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში ცემისა და წამებისაგან დაავადდა მძიმე დაავადებებით. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასჯელისაგან გათავისუფლების კრიტერიუმებს, ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია ადამიანის უფლებათა ცენტრს მუდმივად უარს ეუბნება ინგა წულაძეს სასჯელისაგან გათავისუფლებაზე. 

პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული გათავისუფლებას ექვემდებარება  ავადმყოფობის  ან  ხანდაზმულობის  გამო,  საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში. 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივმა მუდმივმოქმედმა კომისიამ თამაზ რასოიანს, მურად თოდუას და ინგა წულაძეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების მიერ დასმული დიაგნოზები შეესაბამება იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძველს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს აქვს უფლება, მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, რაც მოიცავს არა მხოლოდ კვალიფიციურ კონსულტაციებსა და გამოკვლევებს, არამედ სათანადო მკურნალობას, რაც მიმართული იქნება ადამიანის გამოჯანმრთელებისკენ და არა გამოჯანმრთელების  რაც შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით გადადებისკენ. 

სახელმწიფო პასუხისმგებელია პატიმრობაში მყოფ ყოველ ადამიანზე, რომლებიც მთლიანად სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ არიან. ამდენად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ აღასრულოს პატიმრობის კოდექსის მოთხოვნა, როდესაც მსჯავრდებული ექვემდებარება გათავისუფლებას მძიმე ავადმყოფობის ან ასაკის გათვალისწინებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები