კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიუსაფართა თავშესაფარი

26 თებერვალი, 2016
 
 
გიორგი ჯანელიძე

დიდი ხნის ლოდინისა და მას შემდეგ, რაც ძლიერი ყინვის გამო თბილისის ქუჩებში რამდენიმე უსახლკარო ადამიანი დაიღუპა, თბილისის მერიამ ლილოს დასახლებაში მიუსაფართა მუდმივი თავშესაფარი გახსნა. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი გამოიყო. თავშესაფარი, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს, 240 ბენეფიციარზეა გათვლილი და ორ ფლიგელად არის დაყოფილი: ცალკე  ქალებისთვის და ცალკე კაცებისთვის. შენობაში 24 საძინებელია, თითოეულ საძინებელში კი 5 ორსართულიანი საწოლი დგას. თავშესაფარს აქვს სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკი. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის კი სპეციალური მენიუ არსებობს. თავშესაფრის ბინადრებს 24-საათიან რეჟიმში შეუძლიათ პირველადი სამედიცინო  მომსახურების მიღება. თუმცა, იმისთვის, რომ უსახლკარო ადამიანი აქ მოხვდეს, მან გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს: უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და აუცილებლად უსახლკარო.

თავშესაფარს დაცვის სამსახური იცავს. შესაბამისად, წესრიგი შენობაში შესვლისთანავე იგრძნობა. შინაგანაწესით, ის ადამიანი, რომელიც თავშესაფარში 5 დღის განმავლობაში არ მივა, ბენეფიციარის სტატუსს დაკარგავს. 
თავშესაფარში მისულებს სასიამოვნო სურპრიზი დაგვხვდა: იქ შექმნილ ოჯახში ბავშვი დაიბადა. 

პირად საუბრებში თავშესაფრის მაცხოვრებლები კმაყოფილებას არ მალავენ. ამბობენ, რომ მოსკოვის გამზირზე სახელდახელოდ მოწყობილი  "კარვების ქალაქის" შემდეგ, აქ ცხოვრება ბევრად კომფორტულია. 

თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას მიწაზე გაშლილი ლოგინი დავინახეთ. როგორც გაირკვა, იქ თავშესაფრიდან გამოძევებული ერთ-ერთი ბენეფიციარი, ო. ნ-ძე ცხოვრობს: „ახალი წლისთვის ჩვენს ოთახში ტელევიზორი ჯერ არ იყო დამონტაჟებული. ვთხოვეთ, რომ თუ ნებას დამრთავდნენ, დროებით ჩვენ შემოვიტანდით ჩვენთვის ნაჩუქარ  ტელევიზორს და როცა მისი საჭიროება აღარ იქნებოდა, ისევ უკან გავიტანდით“.  საუბარში მისი მეგობარი, გ. ვ - შვილი  ჩაერთო. როგორც გაირკვა, ისიც თავშესაფრიდან გამოძევებული იყო: "ტელევიზორის ანტენის დასამაგრებელი ადგილი მოვძებნეთ, შემდეგ კაბელის მოსატანად წავედით.  როცა დავბრუნდით, გვითხრეს, შინაგანაწესი დაარღვიეთ-ო და აღარ შეგვიშვეს.“

მიუსაფართა თავშესაფრის თანამშრომელი კახა ლობჟანიძე აცხადებს, რომ ბენეფიციარები თავშესაფრიდან შინაგანაწესის დარღვევის გამო გააძევეს: „მოსკოვის გამზირზე მოწყობილ დროებით თავშესაფარში კონტროლი არ იყო. მათ  იქ ყველაფერი საკუთარის სურვილისამებრ ჰქონდათ მოწყობილი. უნდათ, რომ აქ ძველი წესები  გადმოიტანონ. ცდილობდნენ, რომ  კონფლიქტში მათ ოთახში მცხოვრები ბენეფიციარებიც  ჩაერთოთ. თვითნებობენ, არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ  ალკოჰოლური სასმელებს სვამდნენ. ისინი მუდმივად უკმაყოფილონი იყვნენ და სხვებსაც დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ, რაც საბოლოოდ დაწესებულებიდან მათი გაძევების მიზეზი გახდა."                                                                  
თავშესაფარი, ჯერ-ჯერობით, სრულად არ არის დატვირთული. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ზამთარში და უამინდობის დროს საპატრულო ეკიპაჟი თავშესაფარში მიიყვანს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც კი იქ გადაყვნას მოითხოვს. 

რამდენი მიუსაფარი ადამიანი ცხოვრობს თბილისში და ზოგადად, საქართველოში, ეს ზუსტად  არავინ იცის. ასეთი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების  სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ახალი ამბები