კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიციის მოსაზრებები სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღასთან” დაკავშირებით

19 მარტი, 2016
 
კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმაურება სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღას” და წარმოადგენს მოსაზრებებს რეფორმის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების განახლებულ ვერსიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სრულყოფილი და საბოლოო სახით, კანონპროექტი კოალიციისთვის არ გამხდარა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ვეყრდნობით ცვლილებების იმ ვერსიას, რომელიც მეორე მოსმენისთვის პარლამენტში იქნა წარდგენილი. 

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი შეიცავს ინიციატივებს რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემაში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრას და გაუმჯობესებულ რეგულირებას. თუმცა, სისტემაში დღეს არსებული კრიზისისა და საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხის პირობებში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხელისუფლებამ გამოხატოს მზადყოფნა შემდგომი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, კოალიციის პოზიციაა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების და პროგრესული დებულებების დროულად და არაგონივრული დაყოვნების გარეშე ამოქმედება არსებითად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, არსებული კრიზისის შესუსტებისა და ცვლილებების ეფექტიანობის გაზრდის კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია საქმეთა შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებული ელექტრონული განაწილების სისტემის ამოქმედება დროულად და ყოველგვარი უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე. თუმცა, ამ სისტემის სრული მასშტაბით ამოქმედებამდე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია კანონპროექტის ავტორებმა იფიქრონ გარდამავალი პერიოდის სამართლებრივ რეგულირებაზე იმისათვის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს არ დარჩეთ საქმის განაწილების პროცესში ჩარევის ბერკეტები.

მიუხედავად ცალკეული პროგრესული ინიციატივებისა, სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღა” სრულად ვერ პასუხობს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. ამასთან, კოალიცია თვლის, რომ კანონპროექტებში წარმოდგენილი არაერთი ინიციატივა დამუშავებას და გადახედვას საჭიროებს, რაზეც ქვემოთ დეტალურად იქნება საუბარი.

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციების გამიჯვნა
სამწუხაროდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი აღარ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციების სამართლიან და ობიექტურ გამიჯვნას მსმენელთა შერჩევისა და მიღების პროცესში. კოალიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროცესში საბჭო არაგონივრულად ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სამართლიანი პროცესის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მსმენელთა მიღების ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობის გამორიცხვა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლის გაძლიერება.

2. მოსამართლეობის კანდიდატების შეფასება და კენჭისყრა
დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს კომპეტენტურობის კრიტერიუმით კანდიდატების შეფასებას ქულების მეშვეობით. თუმცა, კოალიცია უარყოფითად აფასებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში კენჭისყრის მექანიზმის შენარჩუნებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს მოსამართლეთა დანიშვნას მხოლოდ ქულათა სისტემაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით, ვაკანტურ ადგილებზე არჩეულად ჩაითვლებიან ყველაზე მაღალი შედეგის მქონე კანდიდატები. პროცესის ობიექტურად წარმართვისათვის ასევე მნიშვნელოვანია საბჭოს თითოეულმა წევრმა გასაუბრების დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ (და არა კანონპროექტით შემოთავაზებულ 5 სამუშაო დღის ვადაში) ასახოს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში კანდიდატისთვის მინიჭებული ქულა და დასაბუთება.

3. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა
მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისა და კონკურსის შედეგად მიღებული შესაბამისი ქულის, ასევე, საბჭოს წევრების მიერ განხორციელებული შეფასების საჯაროობა გარანტირებული იყოს კანონით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის.

4. საბჭოს წევრის მიერ გასაუბრების პროცესში მონაწილეობის არმიღების სამართლებრივი რეგულირება
კანონპროექტი არ არეგულირებს იმ შემთხვევას, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ მონაწილეობს ყველა კანდიდატის გასაუბრების პროცესში და შესაბამისად, ვერ ახორციელებს მათ შეფასებას. ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა გახდეს პროცედურული დარღვევის საფუძვლით გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი, მნიშვნელოვანია, რომ კანონით ნათლად იყოს განსაზღვრული ამ საკითხის რეგულირება, რათა დაცული იყოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის ინტერესები და სამართლიანი პროცესის პრინციპები.

5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
პოზიტიურ სიახლეს წარმოადგენს თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. წარმოდგენილი კანონპროექტით აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. მოსამართლეობის კანდიდატთა ინტერესების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს  სამართლებრივი გარანტიები, რაც საბჭოს მხრიდან გადაწყვეტილების დასაბუთებულობას დაადგენს, რაც თავის მხრივ ეფექტურ გასაჩივრებას უზრუნველყოფს.

6. ინტერესთა შეუთავსებლობა
კანონპროექტი არეგულირებს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესში ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, მიზანშეწონილია ინტერესთა შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმები გავრცელდეს არა მხოლოდ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესზე, არამედ საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი საკითხის განხილვის დროსაც, მათ შორის, მოსამართლის დაწინაურება, სხვა სასამართლოში კონკურსის გარეშე გადაყვანა, მივლინება და ა.შ.

7. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა
კოალიციის კრიტიკული მოსაზრებების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს წევრთა მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა კვლავ ორგანული კანონით მოხდება (არანაკლებ 16 მოსამართლე).

8. სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევა
კოალიცია მხარს უჭერდა და მიესალმებოდა კანონპროექტის იმ რედაქციას, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევას თავად სასამართლოს მოსამართლეთა მიერ. შეცვლილი კანონპროექტის მიხედვით, იცვლება თავმჯდომარეების სრული არჩევითობა და ნაცვლად ამისა, სასამართლოს მოსამართლეების მიერ ნომინირებული კანდიდატებიდან თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აღნიშნული ჩანაწერით დანიშვნის საბოლოო ბერკეტი საბჭოს რჩება, რაც მას არაგონივრულად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. 

9. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევა პარლამენტის მიერ
კანონპროექტში შენარჩუნებულია საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მე-5 წევრის უბრალო უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა. კოალიცია აღნიშნულ ცვლილებას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრი არ უნდა იყოს კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს N10 დასკვნის თანახმად, თუ საბჭოს არამოსამართლე წევრები არჩეული არიან პარლამენტის მიერ, არჩეული უნდა იქნან კვალიფიციური უმრავლესობით, რომელსაც ესაჭიროება ოპოზიციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

10. სასამართლოს მიერ მოსამართლისათვის საქმის განხილვის დავალება
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს დებულებას, რომლის მიხედვითაც აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს უფლება მოსამართლეს დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა  სპეციალიზებულ შემადგენლობაში (პალატაში/კოლეგიაში). აღნიშნული ჩანაწერი საფრთხეს უქმნის საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპს.

11. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნა 
კანონპროექტით, ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ. მნიშვნელოვანია, კანონით ნათლად გაიწეროს შერჩევის კრიტერიუმები და გადანიშვნის პროცედურები და დარეგულირდეს ის შემთხვევა, როდესაც სხვა სასამართლოში არსებულ ვაკანსიაზე გადასვლის სურვილი რამდენიმე მოსამართლეს გაუჩნდება. აღნიშნული მექანიზმის ობიექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია საკითხის კანონის დონეზე და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით რეგულირება.

12. მოსამართლეთა დაწინაურება
კოალიციას მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები და პროცედურა უნდა დარეგულირდეს კანონის დონეზე და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული აღნიშნული მექანიზმის თვითნებური გამოყენება საბჭოს მხრიდან.

13. მენეჯმენტის დეპარტამენტი
კანონპროექტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი ორგანიზაციული ერთეულის - მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული დეპარტამენტი წარმოადგენს კონტროლის დამატებით ორგანოს, რომელსაც ექნება არაერთი ფართო და ბუნდოვანი ფუნქცია, რაც საფრთხეს შეუქმნის ცალკეული სასამართლოების ავტონომიას. ამ მხრივ აღსანიშნავია ისიც, რომ მენეჯმენტის დეპარტამენტის ცალკეული ფუნქციები იკვეთება საბჭოს, მენეჯერისა და სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებთან.

14. დამოუკიდებელი ინსპექტორი
კანონპროექტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შექმნა. კანონპროექტი არ აწესრიგებს მისი შერჩევის პროცედურას და ასევე, ითვალისწინებს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბუნდოვან და სახიფათო დებულებებს. ამდენად, სუსტია ინსპექტორის დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიები.

15. დისციპლინური პროცესის დაწყება მოხსენებითი ბარათის საფუძველზე
კანონპროექტი უცვლელად ტოვებს დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესაძლებლობას სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ჩამოთვლილ პირებს ემატება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც. კოალიცია თვლის, რომ მოხსენებითი ბარათი ზრდის მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს.

16. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება
კანონპროექტის მიხედვით, სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები, მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა დისციპლინური სამართალწარმოების გასაჯაროება, კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. კოალიცია თვლის, რომ პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, გამოქვეყნდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც. ასევე, მოსამართლეს უნდა შეეძლოს საწყისი ეტაპიდანვე მოითხოვოს პროცესის გასაჯაროება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, კანონპროექტის ავტორებმა მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული საკითხები და მოახდინონ კანონპროექტის სრულყოფა არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზით. როგორც დასაწყისში აღინიშნა, კოალიცია შემუშავებულ კანონპროექტს მიიჩნევს მნიშვნელოვან ნაბიჯად სასამართლოს რეფორმირების პროცესში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ისეთი სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად როგორიც არის მოსამართლეთა დანიშვნის მანკიერი და თვითნებური სისტემა, საჭიროა უმოკლეს ვადებში რეფორმის ახალი ინიციატივების შემუშავება. სხვა შემთხვევაში, კვლავ რჩება გაუმჯობესებული საკანონმდებლო რეგულირებებით მანიპულირების შესაძლებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც არ შექმნის ვითარების რეალურად შეცვლის შესაძლებლობას. კოალიცია გამოხატავს მზადყოფნას, ითანამშრომლოს სასამართლოს რეფორმირების შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნებისთვის.   

ახალი ამბები