კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა გაიზარდა

19 მარტი, 2016
 
გიორგი ჯანელიძე

2015 წლის ნოემბერში, თბილისში, ვაზისუბანში მდებარე იეჰოვას  მოწმეთა სამეფო დარბაზი დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ დაცხრილეს -  დღისით და საღამოს. იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრებისთვის განკუთვნილი შენობის განზრახ დაზიანების ფაქტს, ოფიციალური ინფორმაციით,  არავინ შესწრებია. 

იეჰოვას მოწმეების ადვოკატი, მანუჩარ ციმინტია აცხადებს, რომ სამეფო დარბაზს ცეცხლი  23 ნოემბერს, საღამოს საათებში გაუხსნეს. მისი ვარაუდით, თავდამსხმელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, დაახლოებით 75 მ-ის მანძილიდან. იეჰოვას მოწმეთა კრების უხუცესს, ნუკრი მიბჩუანს უჭირს კონკრეტული პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის დადანაშაულება: „წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება ყოფილიყო. იმედია, ამას საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ. იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი ორი წელია, რაც ფუნქციონირებს. აქ ვაწყობთ რელიგიურ შეხვედრებს. იმ დღესაც ასეთი შეხვედრა იყო დაგეგმილი.“

მანუჩარ ციმინტია ამბობს, რომ სამართალდამცავებმა შენობის კედლებიდან 15-17 ტყვია ამოიღეს: „საბედნიეროდ, შენობის გარდა არავინ და არაფერი დაზიანებულა. შენობას მართლაც აქვს გარკვეული ზიანი მიყენებული. აქვეა ავტობუსის გაჩერება. სამეფო დარბაზი ისეთ დროს დაცხრილეს, როდესაც აქ ადამიანები ფეხით და ტრანსპორტით ინტენსიურად გადაადგილდებიან.“ 

ადვოკატის თქმით, ინცინდენტის კვალი მეორე დღეს აღმოაჩინეს და მის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებსაც აცნობეს. ადგილზე მისულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს, ამოიღეს როგორც ტყვიის გულები, ასევე მასრები. მანუჩარ ციმინტიას ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

როგორც ნუკრი მიბჩუანი ამბობს, ამ ინცინდენტმა იეჰოვას მოწმეებს შორის გარკვეული შიში გამოიწვია. 

სამეფო დარბაზის შენობა რამდენიმე ვიდეოთვალითაა აღჭურვილი. ამოღებულია ფირები, რამაც წესით, საქმის გახსნას ხელი უნდა შეუწყოს. ჩვენ დავინტერესდით, რა ეტაპზეა გამოძიება ამჟამად და ამ კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 29 თებერვალს მივმართეთ. შსს-ში განაცხადეს, რომ: “საქმე სსკ 187-ე მუხლის  I ნაწილითაა აღძრული. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით. ასევე დანიშნულია გენეტიკური და ბალისტიკური ექსპერტიზა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას.” 

ასეთივე ინციდენტი იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით 2013 წლის 21 ნოემბერსაც მოხდა. მაშინ ცეცხლი ზუგდიდის რაიონის  სოფელ ზედა ეწერში არსებულ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს გაუხსნეს. საფანტის თოფიდან ორჯერ გასროლილმა ტყვიამ შენობის ფასადი დააზიანა. გამოძიება მაშინაც სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

„გამოძიება ხშირად იწყება, მაგრამ ოფიციალური ვერსიით - "დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო",  მას, როგორც წესი, სამართლებრივი შედეგი არ მოსდევს-ხოლმე. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, 2012 წლიდან, მკვეთრად გაიზარდა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა. 2014 წელს ასეთი ორმოცდაათამდე შემთხვევა დაფიქსირდა, 2015 და 2013 წლებშიც  დაახლოებით ამდენივე სამართალდარღვევა მოხდა, 2011 და 2012 წლებში კი თხუთმეტამდე შემთხვევა დაფიქსირდა. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ არსებული ევროპული კომისიის ანგარიშში, რომელიც 1 კვირის წინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში, ზოგადად, გაზრდილია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის რიცხვი, განსაკუთრებით მუსლიმებისა და იეჰოვას მოწმეთა მიმართ. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მსგავსი დანაშაულის მიმართ უნდა იყოს უფრო მკაცრი, საქმე სწრაფად იქნას გამოძიებული და შშს-ში შეიქმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც კონკრეტულად რელიგიური და სხვა ნიშნით მოტივირებულ დანაშაულს შეისწავლის,“ - ამბობს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, ეკა ჭითანავა.  

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების  სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ახალი ამბები