კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაღდათში 83 წლის მოხუცებულს სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს

23 მარტი, 2016
 
გიორგი ჯანელიძე

83 წლის ელენე გოგსაძე ბაღდათში, ამორტიზებულ, ნახევრადდანგრეულ სახლში მარტო  ცხოვრობს. მას გულის მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი და ექიმის დანიშნულებით, მედიკამენტებით მუდმივი მკურნალობა სჭირდება. ელენე გოგსაძე 2006 წლიდან სოცალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებოდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც 2015 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონულმა განყოფილებამ  ის ქულების გადამოწმების მიზნით ხელახლა შეამოწმა და მისი სარეიტინგო ქულა 123 000-ით განსაზღვრა, მოხუცებულს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისად, დახმარებაც მოეხსნა -  სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებს ახლა ის ვეღარ ყიდულობს.  
  
უკიდურესი გაჭირვება ელენე გოგსაძის სახლის კარის ზღურბლთანვე იგრძნობა: იატაკი რამდენიმე ადგილზე ჩატეხილია, ჭერიდან კი წყალი ჩამოდის.  სახლში ზუსტად ისე ცივა, როგორც გარეთ. ელენე გოგსაძეს ოთხი შვილი ჰყავს, თუმცა, მასთან მუდმივად არცერთი ცხოვრობს. 

„ჩემი სარეიტინგო ქულა ჯერ 105 000 გახადეს, შემდეგ  კი 123 000-მდე გაზარდეს. ეს გამიკეთა სოციალური მომსახურების ბაღდათის რაიონულმა განყოფილებამ. შეგნებულად თუ შეუგნებლად,  მათ საბუთებში  ჩემი შვილის სახელი და გვარი შეიტანეს და აღნიშნეს, თითქოს ის მუდმივად  ჩემთან ცხოვრობს. სავარაუდოდ, ეს გახდა ჩემთვის ქულების მომატებისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის ჩამორთმევის მიზეზი,“ - ამბობს ელენე გოგსაძე და იქვე დასძენს, რომ იმ დროს, როცა სოციალური აგენტი მასთან გადამოწმების მიზნით მივიდა, მისი ერთ-ერთი შვილი მართლაც მასთან იმყოფებოდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისთვის წამლები დროულად მიეტანა და დახმარებოდა.
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ლიანა გიორგიძე აცხადებს, რომ მსგავსი შეცდომების გამო სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ხშირად ზარალდებიან: „ასეთივე პრობლემით წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მოქალაქე მოგვმართავს.  წესით, საკითხი ხელახლა რომ შევისწავლოთ, ბოლო გადამოწმებიდან 2-3 წელი უნდა იყოს გასული.  ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ელენე გოგსაძის მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს სოციალური დახმარების გარეშე 2-3 წლის განმავლობაში თავის გატანა ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომ, გამგეობამ  ასეთ მოქალაქეებს  შუამდგომლობა გაუწია, რომ მათი სარეიტინგო ქულა ვადაზე ადრე  გადამოწმდეს“. 

როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურიდან გვაცნობეს, ქულების გადამოწმება ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ოფიციალური საბუთებით დასტურდება, რომ  ელენე გოგსაძეს პირველი განაცხადი სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების თაობაზე, 2006 წელს აქვს შეტანილი. მაშინ მას  36 790 ქულა მიენიჭა. მომდევნო გადამოწმების შემდეგ, 2008 წელს  მან 16 730 ქულა მიიღო, 2013 წელს  - 45 660, 2015 წელს კი 123 000, რის შემდეგაც, 2015 წლის სექტემბერში სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისად, დახმარებაც მოეხსნა. 

ლიანა გიორგიძე ჩვენთან საუბარში ელენე გოგსაძისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის მიზეზსაც განმარტავს: აგენტმა იმ დროისთვის საწოლში მწოლიარე ელენე გოგსაძის ნაცვლად, ანკეტაში ოჯახის უფროსად მისი ვაჟიშვილი მიუთითა. 

ინფორმაციის გადამოწმება სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელთან, ემელიანე ლომიძესთან ვცადეთ. გვინდოდა გაგვერკვია,  რა შეიცვალა 83 წლის მოხუცებულის ცხოვრებაში ისე, რომ მისი სარეიტინგო ქულა 45 660-დან 123 000-მდე გაიზარდა. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის - ადამიანის უფლებები რეგიონებში" - ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ახალი ამბები