ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
17 ივნისს, გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ღამის საათებში, პოლიციის რეიდის დროს ინცინდენტი მოხდა. მოსახლეობის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 14-15 წლის მოზარდებს მოუწოდეს, სახლებში წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ დაკავებით დაემუქრნენ. მოსახლეობისვე თქმით, მოზარდები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების გაფრთხილებას, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინცინდენტის დროს პოლიციელებმა მეზობლად მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დააკავეს.
„ინცინდენტის დროს გამოვიდა გოჩა ავლოხაშვილი და პოლიციელებს ჰკითხა, 15 წლის ბავშვებს რატომ ედავებითო. ამ სიტყვების შემდეგ იგი ძირს დააგდეს და 6-7 პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. ცემის შემდეგ მას ხელბორკილები დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს“, - განაცხადა მუსხელიშვილის ქუჩის მცხოვრებმა.
შსს პრესსამსახურმა Humanrights.ge-სთან საუბრისას პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტი კატეგორიულად უარყო. შსს-ს ინფორმაციით, საპოლიციო შემოწმების დროს გოჩა ავლოხაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს. რის შემდეგაც ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.