კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე უნდობლობას უცხადებს

29 ივნისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი 17 ივნისს, გორში მუსხელიშვილის ქუჩაზე, ე.წ. „საპოლიციო კონტროლის“ დროს საპატრულო პოლიციის მიერ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული გოჩა ავლოხაშვილის საქმეს ორი დღის განმავლობაში განიხილავდა. სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ავლოხაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც დააკავეს. ავლოხაშვილი კი პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ავლოხაშვილის ადვოკატის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის პროვოცირებას შეეცადნენ. მისივე თქმით, ავლოხაშვილის დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა ძალა გამოიყენეს. გოჩა ავლოხაშვილის დაკავების დროს ელექტროშოკის გამოყენება სასამართლო პროცესზე დაადასტურა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გიორგი კაპანაძემ და იგი გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა.  

სასამართლოს სხდომაზე პოლიციის თანამშრომელმა წარადგინა სამკერდე კამერით გადაღებული კადრები, თუმცა ინცინდენტი ბოლომდე არ არის გადაღებული, რაზეც პატრულ-ინსპექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ  კანონის მიხედვით, ისინი არ არიან ვალდებული, სრულად გადაიღონ ფაქტები. ამ განცხადების შემდეგ დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, რაზეც თავდაპირველად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ავტომანქანის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ავტომობილის კამერაზე ინცინდენტი სრულად არ იქნება ასახული. მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა მოხსნა, რადგან როგორც მოსამართლე ფილიშვილმა განმარტა, ეს საქმესთან არანაირ კავშირში არ არის, რადგან იგი პოლიციის მიმართ ავლოხაშვილის მიერ წინააღმდეგობის ფაქტს განიხილავდა. მოსამართლის  გადაწყვეტილება გააპროტესტა დაცვის მხარემ და მისი აცილება მოითხოვა, რაც მოსამართლე ფილიშვილმა ასევე არ დააკმაყოფილა. 

ადვოკატმა ზაზა გიგაურმა სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს კითხვა დასვა თუ რატომ გამოვიდა გოჩა ავლოხაშვილი სახლიდან და განაგრძო სიტუაციის აღწერა, რომლის მიხედვით, პოლიციიის თანამშრომლები არასრულწლოვნებს ჩხრეკდნენ. ადვოკატის განცხადებით, სწორედ პოლიციის თანამშრმლობლების ეს მიმართვა გახდა ხმაურის გამოწვევის მიზეზი. ხმაურზე გამოვიდა ავლოხაშვილი და პოლიციელებს მიმართა, თუ რის საფუძველზე ჩხრეკდნენ არასრულწლოვნებს და რატომ ემუქრებოდნენ დაჭერით. ამის შემდეგ, გიგაურის თქმით, სამართალდამცველებმა სიტუაციის პროვოცირება მოახდინეს -  როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი სახლში შედიოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ გაუშვეს და დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახეს. გიგაურის თქმით, ეკიპაჟის მოსვლის შემდეგ რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საპასუხოდ პატრულ-ინსპექტორმა, გიორგი კაპანაძემ განაცხდა, რომ სანამ ავლოხაშვილი სახლში შესვლას დააპირებდა, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს,რის გამოც არ მისცეს უფლება სახლში შესვლის.

„გოჩა ავლოხაშვილი ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 -ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვროს 1000 ლარი” - ორდღიანი განხილვის შემდეგ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა  გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიანე ფილიშვილმა. აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე.

„გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. ავლოხაშვილს აჯარიმებენ იმის გამო, რომ იგი სახლიდან გამოვიდა მაშინ, როცა მის შვილს პატრული დაჭერით ემუქრებოდა. დღეს გორში არცერთი მოქალაქე დაცული არ არის“,-განაცხადა გოჩა ავლოხაშვილის ადვოკატმა, ზაზა გიგაურმა.

მუსხელიშვილის ქუჩაზე ე.წ. „საპოლიციო კონტროლის“ დროს მომხდარ ინცინდენტს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტად აფასებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი, ალექსი მერებაშვილი.

,,ადამიანი უფლებათა ცენტრი აწარმოებს აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ დაკავების პროცესში საპატრულო პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, კერძოდ კი, გამოყენებულ იყო ისეთი სპეციალური საშუალებები, რომლებიც არ იყო თანაზომიერი კონკრეტული პროცესუალური მოქმედების შესრულებისას“,- განაცხდა მერებაშვილმა

ახალი ამბები