კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი მიმართვა ადვოკატთა ხელშეშლის ფაქტებზე

5 ივლისი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოხატავენ  შეშფოთებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მანკიერი პრაქტიკის გამო, როდესაც სად-ის თანამშრომლები ადვოკატებისგან კანონდარღვევით მოითხოვენ, გააცნონ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ვიზიტისას მომზადებული ჩანაწერები. 

ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა 1 და 5 ივლისს #7 და #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები იმყოფებოდნენ თავის დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან და სად-იდან გამოსვლისას მათ კონფიდენციალური ჩანაწერების წარმოდგენა მოსთხოვეს. 

სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ადვოკატებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა პროფესიული საქმიანობის დროს, როგორც ჩანს, სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სად-ის თანამშრომლები ადამიანის უფლებათა ცენტრის ორდერით მომუშავე ადვოკატებს უცხადებენ, რომ სხვა ადვოკატები მათ მოთხოვნას ემორჩილებიან.  

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა წარმოადგენს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, ადვოკატს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა; ადვოკატი, ასევე, ვალდებულია დაიცვას  პროფესიული ეთიკის კოდექსი, რომლის მე-4 მუხლი განსაზღვრავს  კონფიდენციალობის პრინციპს: ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობისას, კონფიდენციალურია. ადვოკატი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია იმგვარად, რომ მესამე პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან.

ადვოკატი უპირობოდ დგება პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის საფრთხის წინაშე, თუკი იგი დაემორჩილება სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მოთხოვნას და გააცნობს მათ კონფიდენციალურ ჩანაწერებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა აღნიშნული პრობლემის თაობაზე ჯერ კიდევ 2014 წელს აცნობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. საპასუხოდ, ცენტრს წერილობით ეცნობა, რომ  ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს თავის დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შეუძლია, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში გარკვევით აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ისეთ სამართლებრივ ნორმას, რომელიც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს აძლევს უფლებას, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, აკონტროლონ, გაეცნონ ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის ჩანაწერებს. ასევე კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს საკონტაქტო ინფორმაციის ჩაწერის შეზღუდვას.  

ამ განმარტების მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატთა უკანონო კონტროლი კვლავ გრძელდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, დაინტერესდეს არსებული ვითარებით და გაატაროს ქმედითი ზომები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეწყდეს ადვოკატთა საქმიანობის ხელშეშლის პრაქტიკა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ახალი ამბები