კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლაცია ადამიანის უფლებების დაცვას ართულებს

16 ივლისი, 2016
 ალეკო ცქიტიშვილი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, თვითონ ომია, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი სამხრეთ ოსეთსა და კოდორის ხეობაში, სადაც მანამდე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა. საომარი მოქმედებებისას სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ბოევიკებმა ეთნიკური ქართველების სახლები გადაწვეს და ზოგან მიწასთანაც გაასწორეს. ის ადამიანები კი, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარჩა, უფლებების დარღვევის მაღალი რისკის ქვეშ ცხოვრობენ. 

ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება დიდწილად გამოწვეულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციით. რუსეთის ფედერაციამ, საერთაშორისო ნორმების დარღვევით და საერთაშორისო ინსტიტუტების გვერდის ავლით, ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და დაიწყო ამ არაღიარებული რესპუბლიკების სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე - საქართველოს იურისდიქციაში მყოფი ტერიტორიებისგან მათი გამიჯვნა მავთულხლართებითა და სხვა სახის ბარიერებით.

იზოლაციაში მყოფი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მოკლებულია ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, როგორიცაა, თუნდაც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. მათზე არ ვრცელდება ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებისა თუ ინსტიტუტების უფლებადაცვითი ბერკეტები. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვა დამოკიდებულია მხოლოდ დე ფაქტო სამართალდამცველ ორგანოებსა და სასამართლოებზე, სადაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რეფორმები არ გატარებულა და გაბატონებულია კორუფცია.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სუსტია სამოქალაქო საზოგადოება. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტი, ვინც რეალურად მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე, ერთი მხრივ, მუდმივად დგას საქმიანობის აკრძალვის საფრთხის წინაშე, მეორე მხრივ კი, მათ არა აქვთ ფინანსური მდგრადობა, რადგან დასავლური დონორი ორგანიზაციების დახმარება მათთან იშვიათად აღწევს. ამიტომ ორგანიზაციების ნაწილი ირჩევს დე ფაქტო ხელისუფლებასთან „თანაცხოვრების“ გზას ან ფინანსდება რუსეთში არსებული ფონდებიდან. 

განსაკუთრებით რთულია მუშაობა სამხრეთ ოსეთში. აქ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისეთივე თვალით უყურებენ, როგორც რუსეთის ფედერაციაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია უცხო ქვეყნის აგენტად უნდა იყოს რეგისტრირებული. ეს კი ავტომატურად ნიშნავს არასასურველ სტიგმას, რომ ორგანიზაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს. სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაჩერა მუშაობა. 

აფხაზი და ოსი უფლებადამცველები განსაკუთრებული სიმწვავით განიხილავენ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ არაღიარებული ქვეყნების მოქალაქეობა აქვთ, მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში შეუძლიათ გამგზავრება, ასევე - იმ ორიოდე ქვეყანაში, რომლებმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო. ევროპაში თუ მსოფლიოს სხვა კონტინენტებზე მოგზაურობა მხოლოდ რუსეთის მოქალაქის პასპორტით არის შესაძლებელი. ამიტომ ბევრი იღებს ორმაგ მოქალაქეობას და მადლიერია რუსეთის ფედერაციის, რომელიც მას აძლევს საშუალებას, გაარღვიოს იზოლაცია და იმოგზაუროს რკინის ფარდის მიღმა. 

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ციხისთავი-ხუციშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების გადაადგილების უფლების დარღვევებზე თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, მოძებნოს გამოსავალი, რაც არ უნდა რთული იყოს ეს და დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები. მისივე თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ფაქტობრივად, იქცა გეტოებად იქ მცხოვრებთათვის და დროა, მათ დასაცავად ქართველი, აფხაზი და ოსი უფლებადამცველების ძალისხმევა გაერთიანდეს.  

დონორების ხელშეწყობით, სხვადასხვა „მესამე“ ქვეყანაში შესაძლებელია ქართველი, აფხაზი და ოსი უფლებადამცველების შეხვედრები, სადაც, ბოლო წლებია, ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა სწორედ ადამიანის უფლებებია. აფხაზი უფლებადამცველები საუბრობენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, რაც აფხაზეთში სხვადასხვა სახით ვლინდება. მაგალითად - აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დადგენილებით, აიკრძალა აბორტი, რის საფუძველზეც უხეშად ირღვევა ქალთა უფლებები. თუმცა, არაღიარების პირობებში, აფხაზი უფლებადამცველები მოკლებული არიან ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს. საერთაშორისო ინსტიტუტებსა და  უფლებადამცველ ორგანიზაციებს აფხაზეთში წარმომადგენლობები არა აქვთ და შესაბამისად, მათ ანგარიშებში აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე ბევრი არაფერია ნათქვამი. 

აფხაზი უფლებადამცველები ინტერესით ელიან ცნობილი უფლებადამცველის, თომას ჰამარბერგის სოხუმში ვიზიტის შედეგებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰამარბერგი აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით სწავლობს. ჰამარბერგი აფხაზეთს კიდევ ერთხელ ეწვევა შემოდგომაზე, რის შემდეგაც, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის მოამზადებს ანგარიშს და რეკომენდაციებს აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. 

მსგავსი ანგარიშები, ალბათ, მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას მოახდენს მდგომარეობის შეცვლაზე, რადგან აფხაზეთი, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი, არ არის მიერთებული სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებს და არც შესაბამისი ვალდებულებები გააჩნია. მიუხედავად ამისა, აფხაზი და ოსი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ასეთი მაღალი ნდობის მქონე ანგარიშები მათ მაინც ძალიან სჭირდებათ, რათა ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების აღმოფხვრის ადვოკატირებაზე იმუშაონ.

შეუძლიათ თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, როცა ევროკონვენციით დაცული ადამიანის უფლებები ირღვევა? თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ საკითხავია, ვინ უნდა იყოს აპლიკანტი ქვეყანა? საერთაშორისო სამართლით, ეს ქვეყანა საქართველოა, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი იურისდიქცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუკი ასეთი სარჩელი აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან სტრასბურგში მაინც გაიგზავნება, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის არგუმენტიც სწორედ ეს იქნება, როცა მას სასამართლო ჰკითხავს, რატომ ვერ დაიცვა ამ მოქალაქის უფლება საქართველომ. სწორედ ამ არგუმენტით იმართლა თავი საქართველოს ხელისუფლებამ, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაინტერესდა, თუ რატომ არ არის გამოძიებული სრულყოფილად 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულები. 

ფაქტია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს სარჩელი არ შეუტანიათ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ უფლებადამცველებს ქართველმა კოლეგებმა შესთავაზეს დახმარება სარჩელის მომზადებასა და გაგზავნაში. გამონაკლისია სამი გაუჩინარებული ოსი ახალგაზრდის საქმე, რომელთა ოჯახებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართეს დასახმარებლად და საიამ გააგზავნა სარჩელი სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, ეს საქმე ეხება საქართველოს იურისდიქცის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მომხდარ უფლებადარღვევას, რაზეც საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დავას არც იწვევს. ხოლო პრეცენდენტი, რომ უშუალოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ უფლებადარღვევაზე გაგზავნილიყო სტრასბურგში სარჩელი, ჯერ არ გვქონია.

2008 წლის ომამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიები მოქმედებდნენ. ოსი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ეუთოს (OSCE) მისიის აქტივობა ცხინვალში ომამდე ძალიან მაღალი იყო. მისია მცირე გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უჭერდა მხარს უფლებადაცვით პროექტებში. ეს შესაძლებლობა დღეს აღარ არსებობს, რადგან ომის შემდეგ არაღიარებულ რესპუბლიკებში, ფაქტობრივად, ყველა მისიის მოქმედება შეწყდა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) ამჟამად მხოლოდ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მუშაობს და გამყოფი ხაზების გასწვრივ არსებულ ვითარებას აკვირდება. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებზე მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენას და ნდობის გაჩენას, რაც სათავეს დაუდებს შერიგებასა და მშვიდობას. ამ მიზნით, EUMM-მა მცირე გრანტების გაცემაც დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაზე მუშაობენ.

საქართველოს ხელისუფლებას დე ფაქტო მთავრობებთან მოლაპარაკებების მცირე შესაძლებლობები აქვს. ერგნეთში, გალსა თუ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა ხშირად სწორედ ადამიანის უფლებებია. თუმცა, ამ მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობა ხშირად მარტივ საკითხებზე შეთანხმებასაც კი ართულებს, რადგან რუსეთისთვის არსებული კონფრონტაცია უფრო მისაღებია, ვიდრე თანამშრომლობა. დიდი პოლიტიკა ხშირად ივიწყებს ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკოსებისგან ზოგჯერ ელემენტარული საკითხების გადაწყვეტას ელიან.

ფოტო: ნეტგაზეთის

ახალი ამბები