კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალთა მიმართ ძალადობა - თაობათა მძიმე მემკვიდრეობა

29 ივლისი, 2016
 
 ალეკო ცქიტიშვილი

ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში შემაშფოთებელ მასშტაბებს აღწევს. ძალადობის ფაქტების აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახებში ხდება და ზოგჯერ უკიდურესი ფორმებით - ქალთა მკვლელობით ან დასახიჩრებით ვლინდება. მსგავსი ფაქტები წლიდან წლამდე იზრდება, რაც ექსპერტთა შეფასებით, განპირობებულია ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცველთა არაეფექტური რეაგირებით, ლმობიერი და ხარვეზიანი კანონმდებლობით, თავშესაფრების სიმცირით და ა.შ. სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს დაცვის სათანადო გარანტიებს ვერ აძლევს.

28 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოაწყო მრგვალი მაგიდა - „ოჯახში ძალადობა/ფემიციდი - პრობლემის ანალიზი და გამოსავლის ძიება“. დისკუსიას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა სადისკუსიოდ წარმოადგინეს თავიანთ წარმოებაში არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის ფაქტების მიმოხილვა და ანალიზი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესებს იცავენ მიმდინარე პროექტში - „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“. პროექტი მიზნად ისახავს, სტრატეგიული სამართალწარმოებით, მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას  რეგიონებში, კერძოდ - ქვემო ქართლსა და კახეთში. პროექტის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები. ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმარება ქალებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლები ან განიცდიან დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით. სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების წარმოებით ხდება ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალების პრობლემების ადვოკატირება აქტიური თანამშრომლობის გზით. საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე. პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის (PROLoG) ფარგლებში.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, თამარ ავალიანი ფემიციდის ხელშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორად პოლიციის არაადეკვატურ და ხშირად გულგრილ დამოკიდებულებას ასახელებს. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ფონიჭალაში 20 წლის ქალის შემზარავი მკვლელობა არ მოხდებოდა, პოლიციას არსებული საფრთხე ადეკვატურად რომ შეეფასებინა და მოძალადე ქმარი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დაეკავებინა. მუხედავად იმისა, რომ მოძალადე მსხვერპლს მოკვლით ემუქრებოდა, ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ იგი მხოლოდ ხელწერილით გააფრთხილა. ღამით მოძალადე შინ დაბრუნდა და თავისი მუქარა განახორციელა - ცოლი მცირეწლოვანი ძმის თვალწინ მოკლა.  
 
თამარ ავალიანის შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს საგამოძიებო ეტაპზე დანაშაულის არასწორი დაკვალიფიცირებაც. ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა, მაგალითად, აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, მაშინ, როდესაც გამოკვეთილია მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები (თუნდაც ის ფაქტი, რომ მკვლელობა მცირეწლოვანი ბიჭის თვალწინ მოხდა) და საქმე 109-ე მუხლით უნდა აღძრულიყო. 
 
ქვემო ქართლის ოფისის იურისტის, თამარ ლუკავას თქმით, ძალადობის მსხვერპლებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში არ არის თავშესაფარი, მაშინ, როდესაც ამ რეგიონში ოჯახში ძალადობა საკმაოდ ხშირია. თამარ ლუკავა იცავს ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელიც ყოფილი პოლიციელია. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან როგორც ყოფილმა პოლიციელმა კარგად იცის, რომ არსებული დამცავი მექანიზმები არაეფექტურია.  ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისს კონსულტაციისათვის მიმართავენ, ხშირად უარს ამბობენ საქმის წარმოებაზე, რადგან აცნობიერებენ, რომ თავშესაფარში მაქსიმუმ 1 წლით შეიძლება იცხოვრონ, შემდეგ კი რაკი სხვაგან წასასვლელი არსად აქვთ, ისევ მოძალადე ქმართან უნდა დაბრუნდნენ.

საპარლამენტო ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ დისკუსიისას აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, ახლანდელი მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე კანონი მიიღო, მაგრამ ვითარება გვიჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ არის. თავშესაფრების რაოდენობის გაზრდასთან ერთად აუცილებელია, მსხვერპლებისთვის არსებობდეს დასაქმების პროგრამები, რათა მათ ჰქონდეთ შემოსავალი და დამოუკიდებლად თავის რჩენის საშუალება. ასეთ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო მყარ გარანტიებს შესთავაზებს, მსხვერპლსაც აღარ შეეშინდება თამამი ნაბიჯების გადადგმის და ხმას აიმაღლებს ძალადობის წინააღმდეგ.

უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის წარმომადგენელი, ელენე პროშიკიანი, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტშიც მონაწილეობს, ბოშათა თემში არსებულ ძალადობის დიდ მასშტაბებზე საუბრობს. მისი თქმით, ყოველი მესამე ბოშა ქალი და ფაქტობრივად, ყველა ბოშა ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. მიუხედავად ამისა, ბოშები ჩუმად არიან, რადგან არ ენდობიან სახელმწიფოს და არ არიან დარწმუნებული, რომ თუ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავენ, მათ მიმართ ძალადობა შეწყდება.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის, შოთა თუთბერიძის აზრით, გამოძახებებზე მისულმა პოლიციამ მსხვერპლი ქალი კი არ უნდა გადაიყვანოს თავშესაფარში, საიდანაც ბოლოს მაინც ისევ მოძალადესთან უნდა დაბრუნდეს, არამედ თვითონ მოძალადე უნდა დააკავოს და გადაიყვანოს იზოლატორში. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება უნდა იყოს მყისიერი და ამისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უნდა მომზადდეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, თამარ დეკანოსიძე ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად ასახელებს პოლიციის უმოქმედობის წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო წესით საქმეთა წარმოებას. მისი თქმით, თითოეული საქმე, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ, შეიძლება იყოს პრეცენდენტული და გარდატეხის მომხდენი. საიამ სამოქალაქო სარჩელით დააყენა პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი და სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. პოლიციამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო უარს ამბობს აღიაროს თავისი შეცდომები და დანაშაული.

ფსიქოლოგი, ორგანიზაცია „სახლის“ წარმომადგენელი ლელა მუსერიძე განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს მსხვერპლთა სარეაბილიტაციო პროგრამების დეფიციტს. მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლთა ტრავმები თაობებს გადაეცემა და ამ გზით, ძალადობა, ფაქტობრივად, ხდება გენეტიკური პრობლემა. ქალი, რომელიც თავის ბიჭს წკეპლით ცემს, ოდესღაც თვითონ იყო ასეთივე ძალადობის მსხვერპლი. ახლა კი თავის შვილს გადასცემს ძალადობას მემკვიდრეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბიჭიც, სავარაუდოდ, მოძალადედ გაიზრდება.

სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის, ინდირა რობაქიძის განცხადებით, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული თავშესაფრები ღიაა ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლი ქალბატონისთვის. თუმცა თავშესაფარში მხოლოდ მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალბატონებს შეუძლიათ დაბინავება მაქსიმუმ 1 წლის ვადით. უახლოეს მომავალში ფონდი გახსნის კრიზისულ ცენტრს, სადაც მიმართვა და განთავსება შეეძლებათ იმ ქალბატონებს, რომლებიც ოჯახის წევრების მხრიდან გახდნენ ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ სტატუსი. 

ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელი, თამთა აშორდია კიდევ უფრო რთულ და კომპლექსურ პრობლემად ასახელებს ლგბტ თემის წარმომადგენელ ქალებზე ძალადობას. ტრანსგენდერი ქალები ხშირად არიან ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობის აგრესიისა და ძალადობის მსხვერპლები. არის შემთხვევები, როდესაც მათ ჯგუფურად ესხმიან თავს, ფაქტობრივად, მხოლოდ მათი სექსუალური იდენტობის გამო.

ზოგადად მიიჩნევა, რომ ქალთა მიმართ ძალადობას განაპირობებს მძიმე სოციალური ფონი და მოსახლეობის სიღარიბე, რაც ზრდის აგრესიას ოჯახებში. თუმცა, დისკუსიისას გამოითქვა საპირისპირო მოსაზრებაც, რომ ეს ფაქტორი არ არის განმსაზღვრელი და უფრო მეტად ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს განაპირობებს კულტურული და მენტალური ფაქტორი, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, როდესაც საზოგადოება თვლის, რომ ქალი უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს ოჯახის მამაკაცი წევრების მხრიდან (იქნება ეს ქმარი, მამა, ძმა თუ შვილი). ამ მოსაზრებას აქვს გარკვეული საფუძველი, რადგან ძალადობის ესკალაცია მძიმე სოციალური ფონით რომ იყოს გამოწვეული, ოჯახში ძალადობის ყველაზე უკიდურესი გამოვლინებებით დაზრალებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალი არ იქნებოდა და ეს მამაკაცებსაც შეეხებოდა.

ახალი ამბები