კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გირჩი“ სახალხო დამცველის მოთხოვნას არ შეასრულებს

11 აგვისტო, 2016
 
გიორგი ჯანელიძე

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გააკრიტიკა ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდისა და სოციალურ ქსელების საშუალებით გავრცელდა. წინასაარჩევნო რეკლამა კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე - ახალგაზრდებზეა გათვლილი და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, რგოლში გამოხატულია „გირჩის“ პოზიცია ასაკოვანი ელექტორატის მიმართ. 

პოლიტიკური საარჩევნო რგოლით „გირჩი“ ახალგაზრდა ამომრჩეველს მიმართავს. კლიპში საუბარია, რომ არჩევნებზე, ძირითადად, ხანდაზმული ელექტორატი მონაწილეობს, რასაც არასასურველი შედეგები მოაქვს ახალგაზრდებისთვის და მათ იმედებს უცრუებს. ვიდეორგოლი აკრიტიკებს პოლიტიკოსებს, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმებაზე ან მათ განათლებაზე უნდა ზრუნავდნენ. ამის ნაცვლად კი, ისინი ხანდაზმულ ამომრჩეველს 200, 300 ან 500 ლარიან პენსიას ჰპირდებიან. „თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და მისცემთ ხმას, მიიღებთ თქვენსას. ხოლო თუ არ მიხვალთ და არ მისცემთ ხმას, მიიღებთ ბებიათქვენისას და ბაბუათქვენისას“, - ასეთია სარეკლამო რგოლის ფინალური მოწოდება.

„გირჩის“ ლიდერები თვლიან, რომ აქამდე სხვა  პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები ასაკოვანი ადამიანების ინტერესებზე იყო მორგებული, რაც ქვეყნისთვის არაპოპულარული არჩევანია. ამან განაპირობა ვიდეორგოლის დამზადება ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის. 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რეკლამაში არ არის დაბალანსებული მოსახლეობის ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ინტერესები. ამის საპირისპიროდ, ერთგვარი ირონიით არის ხაზგასმული, რომ თუ ქვეყანა ასაკოვანი ამომრჩევლის იმედად დარჩება, ეს არაპროგრესული და განვითარებისთვის ხელისშემშლელი არჩევანი იქნება. 

„საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ხელს უწყობს სტერეოტიპული განწყობის გამყარებას ასაკოვანი ადამიანების მიმართ, რომლებიც, ხშირ შემთხვევებში, ისედაც განიცდიან უთანასწორო მოპყრობას. ასეთი მიდგომა ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობასთან დაკავშირებით და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში სხვადასხვა სფეროში დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას ასაკის გამო“, - ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

უჩა ნანუაშვილმა ახალ პოლიტიკურ ცენტრს „სტერეოტიპების შემცველი წინასაარჩევნო რეკლამის“ ინტერნეტსივრციდან მოხსნა მოსთხოვა, რადგან თვლის, რომ აღნიშნული რგოლი „ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ცალკეული ჯგუფების მიმართ“. 

ომბუდსმენისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ სათაო ოფისში. ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა მარტა ბარამიძემ humanrights.ge-ს განუცხადა, რომ „გირჩი“ არ აპირებს სახალხო დამცველის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

„გირჩის“ პრესსპიკერის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში არაა დაკონკრეტებული, რგოლის რომელი ნაწილი შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საერთოდ არაა დისკრიმინაცია. პირიქით, მგონია, რომ ძალიან კარგი მესიჯი გავუშვით ახალგაზრდებისკენ, რათა ისინი არჩევნებზე მოვიდნენ. რასაკვირველია, რგოლის სოციალური ქსელიდან ამოღებას არ ვგეგმავთ. სახალხო დამცველის ირიბად განვითარებული ფანტაზიის გამო, ამ კლიპს ნამდვილად არ მოვხსნით სოციალური ქსელიდან. ამ კლიპმა თავისი ფუნქცია შეასრულა, ახლაც ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს. ჩვენი მიზანი იყო, რომ ერთგვარი ვირუსული ვიდეო გაკეთებულიყო. დღეს საქართველოში, არჩევნებზე ძირითადად საზოგადოების ხანდაზმული ნაწილი აქტიურობს. ახალგაზრდების აქტივობა ყოველთვის არის დაბალი. ეს კი ძალიან დიდი პრობლემაა და ეს მესიჯებიც ამაზე იყო გათვლილი. არ გვიფიქრია ამ მესიჯებით ვინმეს შეურაცხყოფა“. 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISFED) იურისტი, ნინო რიჟამაძე „გირჩის“ ვიდეორგოლში დისკრიმინაციის ნიშნებს ვერ ხედავს: „აღნიშნულ საარჩევნო ვიდეორგოლს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო გზავნილს ამომრჩეველთან და მიაჩნია, რომ  აღნიშნულ პოლიტიკურ რეკლამაში დისკრიმინაციის ნიშნები ან შეურაცხყოფა არ იკვეთება“.

განსხვავებული აზრი აქვს ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ გამგეობის თავმჯდომარეს, ირინა ფუტკარაძეს: „ასაკობრივი დისკრიმინაციის პრობლემა საქართველოში  2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო და მისი ავტორები თუ თანაავტორები დღემდე აგრძელებენ სვლას ამ ნიშნით. „გირჩის“ წინასაარჩევნო რეკლამაში ჩანს კლასიკური ასაკობრივი დისკრიმინაციის ნიშნები, სადაც იკვეთება ხანდაზმული ადამიანების უპატივცემულობა. ასაკობრივი დისკრიმინაცია – აგრესიის ცალკეული სახეობაა და ძალიან სამწუხაროა, როცა პოლიტიკური პარტია თავის საარჩევნო რეკლამის მთავარ თეზად დისკრიმინაციის შემცველ ელემენტებს ირჩევს. ვფიქრობ ძალიან დამამცირებელი გამონათქვამებია რეკლამაში, კერძოდ - „მიიღებთ ბებიათქვენისას და ბაბუათქვენისას“. პოლიტიკური პარტიები უნდა ცდილობდნენ, ახალგაზრდებს  აუხსნან, რომ ასაკის მატება შრომისუუნარობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ჩამორჩენილ აზროვნებას არ ნიშნავს და არა პირიქით - დააკნინონ  და დაამცირონ ასაკობრივი ნიშნით ადამიანები“, - აღნიშნა humanrights.ge-თან საუბრისას ირინა ფუტკარაძემ.

„გირჩის“ ვიდეორგოლი, როგორც ჩანს, მედიასივრცეში დარჩება, რადგან პოლიტიკური ორგანიზაცია სახალხო დამცველის მოწოდების შესრულებას არ აპირებს, სახალხო დამცველი კი კერძო პირებს ვერ ავალდებულებს მისი რეკომენდაციის შესრულებას. 

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან შუბაშვილმა humanrights.ge-ს განუცხადა, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებას როგორც საჯარო, ასევე, კერძო პირების მიმართ: „ამ მხრივ, კერძო პირების შემთხვევაში, უფრო რთულადაა საქმე, ვინაიდან არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დაავალდებულებდა მათ, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის საფუძველზე სახალხო დამცველის გადაწყვეტილების შესრულებას. ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატს შემუშავებული აქვს საკანანომდებლო წინადადება, რომელიც პარლამენტში უკვე შესულია და ელოდება განხილვას“.
 

ახალი ამბები