კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვისგან მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ფულადი შემოწირულობები

11 აგვისტო, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

2016 წლის ივლისში პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ყველაზე მსხვილი შემოწირულობა - 120 ათასი ლარი შპს „ალფამ“ გადარიცხა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით არჩეული კასპის ყოფილ მაჟორიტარს კობა კურდღელაშვილს ეკუთვნის. მმართველი პარტიის შემომწირველ ფიზიკურ პირებს შორის კი ყველაზე მეტი თანხა ახლადწარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ჩარიცხეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების მიერ 2016 წლის ივლისში მიღებული შემოწირულობების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად,  „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მსხვილი შემოწირულობა - 120 000 ლარის ოდენობით, - შპს „ალფასგან“ მიიღო. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ შპს „ალფა“ 2010 წელს დაფუძნდა. მისი დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია კობა კურდღელაშვილი, რომელიც 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტში კასპის მაჟორიტარი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

კობა კურდღელაშვილი ბიზნესის სფეროში 1992 წლიდან საქმიანობს. შპს „ალფას“ გარდა, იგი წილებს კიდევ 13 საწარმოში ფლობს: შპს „ლუქსი ქუთაისი“ (55 %); შპს „ჭრელი აბანო“ (15 %); შპს „ლუქსი პროვაიდერი“ (50 %); შპს „მარანი“ (86 %); შპს „ლუქსი 2007“ (50 %), შპს „დაკო“ (50 %), შპს „ბიარ ჯორჯია“ (50 %), შპს „მელიორა“ (50 %), შპს „ივერია“ (5 %, ამავე საწარმოში წილის 40 % ეკუთვნის შპს „ალფას“), შპს „ლუჩიანო“ (45 %), შპს „ლუქსი 2004“ (50 %), შპს „ვესტინი“ (60 %) და შპს „სკაი ჰაუსი“.

კობა კურდღელაშვილი ბიზნესმენისა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეული პარლამენტარის კახაბერ ოქრიაშვილის მეგობარია, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად იქნა წარდგენილი წალკა-დმანისის საარჩევნო ოლქში. კახაბერ ოქრიაშვილის და კობა კურდღელაშვილის ინტერესები ბიზნესის სფეროში ოფიციალურად არ იკვეთება, თუმცა მათ არაერთი საერთო ბიზნესპარტნიორი ჰყავთ. ამასთან, კურდღელაშვილს ერთობლივი ბიზნესი აქვს კახაბერ ოქრიაშვილის ძმასთან ვაჟა ოქრიაშვილთან - ისინი შპს „ლუქსი პროვაიდერში“ კაპიტალის 50 – 50 % წილის მესაკუთრეები არიან.

კობა კურდღელაშვილი ფიგურირებდა თბილისის გოგირგის აბანოებთან დაკავშირებულ დავაში. ყოფილი მესაკუთრე მას ქონების იძულებით ჩამორთმევაში თანამონაწილეობას ედავებოდა. იგი აცხადებდა, რომ „ჭრელი აბანო“ პროკურატურის ზეწოლის შედეგად 2006 წელს ჩამოართვეს და იგი სახელმწიფოს გადაეცა, შემდეგ კი ეს ქონება კობა კურდღელაშვილის საკუთრებაში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სახალხო დამცველსა და მთავარ პროკურატურას მიმართა, მის საჩივრებს არსებითი შედეგი არ მოჰყოლია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ თბილისის გოგირდის აბანოს და „ჭრელი აბანოს“ ურთიერთშერწყმა სწორედ კობა კურდღელაშვილმა და მისმა პარტნიორებმა მოახდინეს 2008 წლის მაისში.

როგორც აღინიშნა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კობა კურდღელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ იყო წარდგენილი კასპის მაჟორიტარად. იმ პერიოდში მას რაიმე სახის შეწირულობა პირადად არ განუხორციელებია, თუმცა მისი ბიზნესპარტნიორები აქტიურად ეხმარებოდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მაგალითად, ვაჟა ოქრიაშვილმა (შპს „ლუქსი პროვაიდერი“) 60 000 ლარის შეწირულობა გადარიცხა, ალექსანდრე ქამუშაძემ (შპს „ივერია“) – 10 000 ლარი, ზურაბ კიკალეიშვილმა (შპს „ლუჩიანო“) – 2 600 ლარი.

საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში შპს „ალფა“ აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო შესყიდვებში, თუმცა მხოლოდ ორი დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას და, როგორც წესი, იმარჯვებს კიდეც. სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მონაცემებით, ამ კომპანიამ 2015-2016 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“ (ს/კ 404482537) მიერ საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ 13 ტენდერში გაიმარჯვა. აღნიშნული ტენდერების სახელშეკრულებო ღირებულებამ კი ჯამში 1 077 395 ლარი შეადგინა.

იგივე კომპანიამ გაიმარჯვა შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერშიც, რომელთა ღირებულება ჯამში 201 540 ლარს შეადგენდა. ამავე უწყების მიერ 2015 წელს გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში ასევე გაიმარჯვა „ალფას“ შვილობილმა კომპანიამ - შპს „ივერიამ“, რომელისგანაც 185 500 ლარის ღირებულების ძეხვეულის შესყიდვა განხორციელდა.

რაც შეეხება 2016 წლის ივლისში ფიზიკური პირებისგან მიღებულ შეწირულობებს, სახელისუფლებო პარტიამ მაქსიმალური თანხა მხოლოდ ერთი პირისგან მიიღო - მას 60 ათასი ლარი გადაურიცხა ჩაჩავას კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ელგუჯა გოცირიძემ, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ №50 (ტყიბული-თერჯოლა) საარჩევნო ოლქშია წარდგენილი მაჟორიტარად. 55 000 ლარის შეწირულობები განახორციელეს ქუთაისის №47 და №49 ოლქებში მაჟორიტარად წარდგენილმა კანდიდატებმა  გენადი მარგველაშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა, ასევე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულმა ამბროლაურის მაჟორიტარმა და ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ, რომელსაც „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტიის ოლქში მაჟორიტარად წარადგენს. თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქშია მაჟორიტარად წარდგენილი - 20 000 ლარის შეწირულობა გადარიცხა. საინტერესოა, რომ ყველა ეს შეწირულობა ერთსა და იმავე დღეს - 29 ივლისს განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა - 120 000 ლარს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი უკვე იუწყებოდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ კანონით დაშვებული მაქსიმალური ოდენობის შემოწირულობა შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისგანაც“ მიიღო.

ახალი ამბები