კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ ამომრჩეველს რუსულ პენსიას ჰპირდება

15 აგვისტო, 2016
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ქალაქ რუსთავის მცხოვრებლებს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ლიდერი თემურ ხაჩიშვილი  რუსეთისაგან დამატებით 400 ლარის ოდენობით პენსიის  მიღებას დაჰპირდა. 

ხაჩიშვილმა ამომრჩევლებს ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის საშუალებით მოუწოდა, ვისაც 400 ლარიანი ე.წ. „რუსული პენსიის“ მიღება სურს, ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს პარტია „ცენტრისტების“ რუსთავის ოფისში.

ხაჩიშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას აინტერესებს, რამდენ მოქალაქეს სურს მათ მიერ გაცემული პენსიის მიღება. ხაჩიშვილმა გადაცემაშივე განაცხადა, რომ ის პირები, რომლებიც 8 ოქტომბრამდე გაივლიან რეგისტრაციას, პენსიას 2017 წლიდან მიიღებენ, ხოლო ვინც გვიან დარეგისტრირდება, მათთვის პენსიის მიღების თარიღი 2018 წლისთვის გადაიწევს. 

როგორც ხაჩიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ მისი წარმომადგენლის, თემურ ხაჩიშვილის სახელით ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს ამომრჩეველთან. ხელშეკრულების თანახმად, ამომრჩეველი იღებს ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, შედეგად, კი არჩევნების დასრულების შემდეგ, 50 დღეში მიიღებს დამატებით რუსულ პენსიას - 400 ლარის ოდენობით.


„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ საარჩევნო სუბიექტი უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის, ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით, ეწევა ამომრჩევლის მოსყიდვას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში“,- ნათქვამია ISFED- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED) აცხადებს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ საზოგადოების დაინტერესებას რუსეთის სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ახდენს, რაც საარჩევნო კანონმდებლობასა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ISFED- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩევლებისთვის, როგორც ფულადი სახსრების გადაცემა, ასევე აღნიშნულის დაპირებაც.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებული წერილით პასუხობს.

„მსგავსი პრაქტიკა დანერგილია ისრაელში. ისრაელის მოქალაქეები, დადებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთიდან იღებენ პენსიას, რაც ქართული ვალუტის კურსის თანახმად, 400 ლარს უტოლდება. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას - სამართლიანი არჩევნები, ჩვენი აზრით, ის უშუალოდ ასრულებს ამერიკის საელჩოს დაკვეთას“,- ნათქვამია პოლიტიკური გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნები“-ს სარჩელი - ცენტრისტების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ - არ დააკმაყოფილა. მოსამართლე დავით წერეთლის განცხადებით, საარჩევნო სუბიექტს აქვს უფლება, ამომრჩეველს მომავალი საქმიანობის პროგრამა გააცნოს. მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი უნდა იქნას გაგებული სისტემურად, სხვა ნორმებთან ერთობლიობაში. 

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის, ნინო რიჟამაძის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებით სასამართლო მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს. რიჟამაძის თქმით, მათი სარჩელი სამართლებრივად არგუმენტირებულია და ორგანიზაცია დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

გარდა არასამთავრობო სექტორისა, პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ მოქმედი დეპუტატებიც დაუპირისპირდნენ და პოლიტიკური გაერთიანების დაპირებები კონსტიტუციის დარღვევად შეაფასეს.

სანამ საზოგადოების ნაწილი „ცენტრისტების“ შეჩერებას სამართლებრივი გზებით ცდილობს, პოლიტიკური გაერთიანება აგრძელებს რეგიონებში ამომრჩევლებთან რუსული პენსიის თაობაზე ხელშერულებების გაფორმებას. თითოეული ასეთი ხელშეკრულება „ცენტრისტების“  ბეჭდითაა დამოწმებული, რომელზეც რუსეთის სიმბოლო - დიდი დათვია გამოსახული.

ახალი ამბები