კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნებიდან მოიხსნა პრორუსული პარტია, რომლის სარეკლამო კლიპმაც პროტესტი გამოიწვია

20 აგვისტო, 2016
 
 Civil Georgia

პრორუსული პარტია, რომელიც ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი თავისი საარჩევნო რეკლამით გახდა, სადაც ის ქართველ ამომრჩეველს „რუსულ პენსიებს“ და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას პირდებოდა და რასაც მყისიერი და საყოველთაო დაგმობა მოყვა, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან პროცედურული დარღვევების საფუძველზე მოიხსნა და არა სარეკლამო რგოლის შინაარსის გამო.

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 16 აგვისტოს რეგისტაცია გაუუქმა პოლიტიკურ პარტია „ცენტრისტებს“ მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ პარტიას არ ჰყავდა უფლებამოსილი ხელმძღვანელობა.


2002 წელს დაფუძნებული პარტია „ცენტრისტები“ ფაქტიურად ქაღალდზე არსებობდა მანამ, სანამ 2016 წლის მაისის ბოლოს ლიდერები მის გააქტიურებას გადაწყვეტდნენ.

საჯარო რეესტრმა 15 აგვისტოს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ „ცენტრისტების“ მიერ მაისის ბოლოს გამართული რიგგარეშე ყრილობა და იქ პარტიის ახალი თავმჯდომარის „არჩევის პროცედურები არ შეესაბამებოდა რეგისტრირებული წესდებით დადგენილ რეგულაციებს“. უწყების განცხადებით, მან ამის შესახებ პარტიას 2 ივნისს აცნობა და ათი დღე მისცა „ხარვეზის აღმოსაფხვრელად“, მაგრამ ვითარების გამოსწორების ნაცვლად, „ცენტრისტებმა“ რეესტრს წარუდგინეს განცხადება-საჩივარი, სადაც აცხადებდნენ, რომ უწყებას ყრილობის ოქმის განხილვაში შესვლის ნაცვლად, ცნობად უნდა მიეღო ეს ოქმი და გაეცა სარეგისტრაციო მოწმობა.  საჯარო რეესტრმა განაცხადა, რომ მან განიხილა ეს საჩივარი და 1 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

„დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტიას „ცენტრისტები“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი“, - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

ეს განცხადება სახელმწიფო უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მწვავე პროტესტი მოჰყვა „ცენტრისტების“ 10-წამიან საარჩევნო კლიპს, სადაც ლიდერები პირდებოდნენ შემდეგს: „რუსული პენსია ყველა პენსიონერს - 400 ლარი; მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს; დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს; ჩვენ დავიცავთ საქართველოს“.

რეკლამა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვა, რასაც მას საარჩევნო კამპანიის დროს კანონი ავალდებულებს. თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვების შეწყვეტა საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მოუწია.

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 16 აგვისტოს განაცხადა, რომ პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნა იმ "ახალი გარემოების" გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომლის შესახებაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

მან განაცხადა, რომ ცესკომ ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც რეესტრმა 15 აგვისტოს წერილობით განცხადებაში განმარტებები გააკეთა.

იმავდროულად, რამდენიმე პარტია ერთმანეთს ეჯიბრება საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაში პარტია „ცენტრისტების“ წინააღმდეგ იმის გამო, რომ მათი თქმით, პარტიის გაცხადებული პოლიტიკა ანტიკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა პირველად გამოაცხადეს ამგვარი საკონსტიტუციო სარჩელის მზადების განზრახვა, მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ასევე განაცხადა, რომ ამზადებდა თავის სარჩელს, შემდეგ კი ანალოგიური გეგმები ნაციონალურმა მოძრაობამაც გაახმოვანა.

პარტია „ცენტრისტების“ ლიდერები თემურ ხაჩიშვილი და ლადო ბედუკაძე არიან.

ხაჩიშვილი 1992-93 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ის ერთ-ერთი ლიდერი იყო შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონის“, რომელიც 1995 წელს საქართველოს იმჟამინდელ ლიდერზე, ედუარდ შევარდნაძეზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაშალეს. ხაჩიშვილი 1995 წელსვე ამ ტერაქტის ორგანიზების გამო გაასამართლეს; თუმცა ის ციხიდან 2002 წლის ივლისში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა.

გათავისუფლებიდან რამდენიმე თვის თავზე ხაჩიშვილმა პრორუსული პარტია „დათვი“ დააფუძნა, რომელმაც რაიმე მნიშვნელოვანი როლი ვერ შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე თვეში, 2004 წლის გაზაფხულზე ხაჩიშვილი ცოტა ხნით დააკავეს იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებული ბრალდებით, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა და რუსეთში წავიდა.

ხაჩიშვილის გვარი ხელახლა 2011 წელს გაისმა, როცა ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების ფონზე სავარაუდო შეიარაღებული ჯგუფი აიყვანეს; მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ეს დაჯგუფება ხაჩიშვილის მითითებებით მოქმედებდა. ხაჩიშვილი საქართველოში 2012 წლის ბოლოს მას შემდეგ დაბრუნდა რუსეთიდან, რაც ხელისუფლებაში კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა.

„ცენტრისტების“ მეორე ლიდერი არის ლადო ბედუკაძე, ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომლის საქმეც 2013 წელს სასამართლოში იხილებოდა ციხის იმ სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც პენიტენციალურ დაწესებულებაში პატიმრების არაადამიანურ მოპყრობას ასახავდა და რაც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე გავრცელდა. თუმცა ამავე საქმის სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, ბედუკაძემ, რომელმაც ზოგიერთი ეს ვიდეო თავად ჩაწერა, მოახერხა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.


ახალი ამბები