კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მმართველმა გუნდმა შიდა ქართლის რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა დაასრულა

26 აგვისტო, 2016
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ვალერი გელაშვილმა თავის თავზე იწვნია ის უსამართლობა და სახელმწიფო აპარატის წნეხი და ფიზიკური განადგურების წინაშეც დადგა. ის ვაჟკაცურად დაუდგა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში იყო. მისთვის უცხო არ არის ის პრობლემები, რაც ხაშურელებს აწუხებს და ჩვენ ერთად ვეცდებით მის მოგვარებას" -ამ სიტყვებით წარუდგინა ხაშურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოქმედი პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარლამენტის წევრიც არ დაინდეს და სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად.  

ვალერი გელაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. იგი საქართველოს პარლამენტის 3 მოწვევის დეპუტატი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტიდან. 

,,3-ჯერ, ერთად ბრძოლით, გავიმარჯვეთ უსამართლობის წინააღმდეგ და მეოთხედ, სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ერთად გავიმარჯვებთ ",- განაცხადა გელაშვილმა. 

,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" კვლევის თანახმად, ვალერი გელაშვილი იმ დეპუტატებს შორის მოხვდა, რომელიც 2012 წლის მოწვევის პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ერთხელაც არ გამოსულა სიტყვით. გელაშვილის განმარტებით, საქმის გაკეთებისთვის აუცილებელი არ არის სიტყვით გამოსვლა. 

ხაშურის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი თოთლაძე წარუდგინა. გიორგი თოთლაძის განცხადებით, მან კარგად იცის მოსახლეობის პრობლემები და, მისი მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, მმართველ გუნდთან ერთად ეცდება მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს.

მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას პრემიერ-მინისტრთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც ესწრებოდა. კალაძემ სიტყვის გამოსვლის დროს პარალელები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან გაავლო და განაცხადა, რომ ქვეყანაში შიში და ტერორი ხელისუფლების ცვლილებისთანავე დასრულდა. ქარელის მოსახლეობამ კახა კალაძეს რაიონული საავადმყოფოს პრობლემის მოგვარება სთხოვა.

პრემიერ- მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტი რეგიონების განვითარებაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის საგარეო კურსზეც ისაუბრა და განაცხადა რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდა.

,,მუნიციპალიტეტი დღეს არის საფუძველი იმისათვის, რომ სწრაფი ნაბიჯებით, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმით წავიდეთ წინ. დღეიდან იქნება თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობა. მოსახლეობა იგრძნობს იმ კეთილდღეობას, რომლის საფუძველიც ჩაყრილია საქართველოში. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, გონივრული საგარეო პოლიტიკით შევძელით ის, რომ ტემპერატურა დავწიეთ: ერთი მხრივ გავზარდეთ დინამიკა ევროპასთან და მეორე მხრივ შევამცირეთ დაძაბულობა რუსეთთან. ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით, მაგრამ ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მმართველმა გუნდმა შიდა ქართლის რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა 23 აგვისტოს დაასრულა. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ საპარლამენტო მანდატის მოპოვებას ქ. გორში იოსებ მაკრახიძე, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი პარლამენტის წევრი თემურ ხუბულური, კასპის მუნიციპალიტეტიდან კი ირაკლი მეზურნიშვილი ეცდება.

ახალი ამბები