კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისკო დასენი – „ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში 167 000 ლარის სანაცვლოდ

13 სექტემბერი, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

2016 წლის 12 აგვისტოს შპს „მისო ლიდერკრედიტმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარის ოდენობის შეწირულება ჩაურიცხა. იმავე დღეს პარტიის ანგარიშზე საერთო ჯამში 47 000 ლარი გადარიცხა შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა და ასევე მათმა ახლო ნათესავებმაც. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ამ საწარმოს ხელმძღვანელი ისკო დასენი მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილ პროპორციულ სიაში ე.წ. „გამსვლელ ნომრად“ ჩასვა. ისკო დასენი ალექსანდრე ჭიკაიძის ბიზნესპარტნიორია.

„ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სია, რომელიც 155 კანდიდატისგან შედგება, საზოგადოებისთვის 9 სექტემბერს გახდა ცნობილი. პარტიული სიის 26-ე ნომრად, ანუ ე.წ. „გამსვლელ სიაში“, ყველასთვის მოულოდნელად აღმოჩნდა მოლდოვას საპატიო კონსული საქართველოში ისკო დასენი.

საკონსულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისკო დასენი 1958 წლის 30 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2012 წლამდე იგი მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1986 წლის იანვარში დაინიშნა ქ.თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად, შემდეგ მუშაობდა ამავე რაიონის პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ. 1993 წლის 11 ივნისს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც მუშაობდა საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად, შემდეგ კი ამავე საგამოძიებო ნაწილის პროკურორად. 2013 წლის 12 დეკემბერს, როგორც დამფუძნებელი,  არჩეულ იქნა მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია „ლიდერკრედიტი “-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2013 წლის 21 დეკემბერს, სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარედ. 2014 წლის 6 ოქტომბერს, იგი დაინიშნა საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო კონსულად.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ეს ადამიანი გახლავთ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, იეზიდი მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე. ის დასაქმებულია ბიზნესსექტორში, არის წარმატებული ბიზნესმენი და ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ ისკო დასენი არის შპს „მისო ლიდერკრედიტის“ (ს/კ - 406045649) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და კაპიტალის 40 % წილის მესაკუთრე. საწარმოს სხვა მესაკუთრეები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - ტიტალ დასენი (35 %) და ადელინა სადოიანი (25 %).

უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოს ქონების ნაწილი - თბილისში მდებარე 2 უძრავი ნივთი, - დავალიანების გამო დაყადაღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებით. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შპს „მისო ლიდერკრედიტმა“ მმართველი პარტიის ანგარიშზე განახორციელა ყველაზე მსხვილი შემოწირულება - 120 000 ლარი, რაც კანონით იურიდიული პირებისთვის დასაშვები მაქსიმალური ოდენობაა.

იმავე დღეს, „ქართულ ოცნებას“ 22 000 ლარი ჩაურიცხეს იმავე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა - ზაზა ნარაკიძემ (12 000 ლარი), დავით წითურმა და ნიკოლოზ ჯაჯანიძემ (5000 – 5000 ლარი). გარდა ამისა, „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ ფინანსური შეწირულება განახორციელეს მათმა ახლო ნათესავებმაც: ლიკა ჯაჯანიძემ - 15 000 ლარი და ნათია ნარაკიძემ - 10 000 ლარი. ამრიგად, ისკო დასენთან დაკავშირებულ იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახელისუფლებო პარტიისთვის განხორციელებული შეწირულობების ოდენობამ საერთო ჯამში 167 000 ლარი შეადგინა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ასევე დაადგინა, რომ ისკო დასენი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან ალექსანდრე ჭიკაიძესთან დაახლოებული პირია. 2016 წლის 12 ივლისს მათ ერთობლივად დააფუძნეს ახალი საწარმო - შპს „ლეგიონი 2016“ (ს/კ - 402032741), რომლის დირექტორი და კაპიტალის 51 %-ის მესაკუთრეა ისკო დასენი, ხოლო დანარჩენი 49 % ალექსანდრე ჭიკაიძის საკუთრებაშია.

გარდა ამისა, ისკო დასენი კიდევ რამდენიმე საწარმოს პარტნიორია: იგი არის შპს „MmG“-ს 100 % წილის მესაკუთრე, წილის 70 %-ს ფლობს შპს „მასტერ ოქეი“-ში, ხოლო 20 %-ს - შპს „კიტ“-ში.


ახალი ამბები