კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდების მოწმე პოლიციელი აცხადებს, რომ ადვოკატმა მდინარაძემ მას და პოლიციის უფროსს ყური აუწია

22 სექტემბერი, 2016
 
ლანა გიორგიძე

14 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა კვირკვაიას სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლილი მსხილაძემ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. მოწმეები პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის თვითმხილველები არიან. 

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2015 წლის ნოემბრის თვეში დააკავეს. თუმცა, 2015 წლის 29 დეკემბერს ადვოკატის ცემაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლაშა კვირკვაიას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს. 

ადვოკატი გიორგი მდინარაძე სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში 2015 წლის 8 ნოემბერს მოათავსეს. ადვოკატის განცხადებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

შემთხვევას  მეორე დღეს გამოეხმაურა ათი არასამთავრობო ორგანიზაცია და საქმის დაუყონებლივი გამოძიება მოითხოვეს. NGO-ები მოუწოდებდნენ პროკურატურას, დროულად წარემართა საგამოძიებო მოქმედებები და საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ. 

„გიორგი მდინარაძე სახით მიეჯახა კარის ჩარჩოს“

Humanrights.ge-მ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები სასამართლო პროცესზე სრულად ჩაწერა. მკითხველს ვთავაზობთ მნიშვნელოვან ფრაგმენტებს ამ ჩვენებებიდან.

ბრალდების მოწმე დავით გაფრინდაშვილი პოლიციელია. 2015 წლის 7 ნოემბრის ღამეს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში იმყოფებოდა. მისი ჩვენებით, ადვოკატი გიორგი მდინარაძე პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად მივიდა და აგრესიულად მიმართა გამომძიებელ ნინო ზანგურაშვილს. 

დავით გაფრინდაშვილი, ბრალდების მოწმე: „გიორგი მდინარაძემ ნინო ზანგურაშვილისადმი დიდი აგრესია გამოიჩინა. მიმართა უხეშად და უცენზუროდ, რომ ის იყო არაკომპეტენტური გამომძიებელი. ამ დროს გვერდით მაგიდასთან ვიჯექი და ეს ყველაფერი მესმოდა. რადგან უცენზურო სიტყვებით მიმართავდა გამომძიებელს, ჩავერთე საუბარში, ავდექი და გიორგი მდინარაძეს მოვუწოდე, მიემართა გამომძიებლისთვის კომპეტენტურად. მას მივუთითე, რომ არ იყო საჭირო აგრესიული ტონით საუბარი, მით უმეტეს, რომ გამომძიებელი იყო გოგო. გიორგი მდინარაძე შემობრუნდა, ჩემთან ახლოს მოვიდა და მითხრა, შენ ვინ გეკითხება, პატარა ბიჭო, რატომ ერევი ჩვენს საუბარშიო. ამ დროს სახე სახესთან მომიტანა, ყურზე ხელი მომკიდა და შემანჯღრია. ხელი მაშინვე გავაშვებინე და ხმამაღლა ვკითხე - რას კადრულობ-მეთქი... ხმაურზე გამოვიდა ჩვენი ხელმძღვანელი ლაშა კვირკვაია და მკითხა, რა ხდებაო. მას ავუხსენი საქმის დეტალები. ლაშამ მდინარაძეს ჰკითხა, რატომ იქცეოდა ასე ადვოკატი. გიორგი მდინარაძე ლაშას მიუბრუნდა და კითხვითვე უპასუხა - შენ რატომ ერევი, რამდენი ხანია, რაც პოლიციაში მუშაობ, სახე სახესთან მიუტანა და ყური აუწია. მომხდარის შემდეგ ლაშა კვირკვაიამ გასცა ბრძანება, რომ ადვოკატი დაგვეკავებინა ადმინისტრაციული წესით. როგორც კი ადვოკატმა გაიგო, რომ უნდა დაგვეკავებინა, აგრესიული გახდა და თავს ვეღარ აკონტროლებდა. მე და გიორგი წიგნაძე ვცდილობდით, გაგვეყვანა და მოგვეცილებინა ცენტრალური დარბაზიდან და შეგვეყვანა მოადგილის, გივი სიხარულიძის კაბინეტში. კაბინეტის კარი რადგან ვიწრო იყო, ჩვენ კი სამნი უნდა შევსულიყავით, პირველი მე შევედი და ვცდილობდი მდინარაძის შეყვანას. ამ დროს გიორგი მდინარაძე სახით მიეჯახა კარის ჩარჩოს, ცდილობდა, კარს არ მოშორებოდა და სახეს აჭერდა ჩარჩოს. ის კაბინეტში მაინც შევიყვანეთ. თუმცა, მაინც აგრძელებდა ჩვენგან თავის დაღწევის მცდელობას, რა დროსაც წაიქცა და მეც გადავყევი და ორივე დავეცით. მდინარაძე იქნევდა ხელ-ფეხს და საშუალებას არ გვაძლევდა, რომ მისთვის ბორკილები დაგვედო. მე და გიორგი წიგნაძემ მოვახერხეთ და უკან დავადეთ ხელბორკილი, ავაყენეთ და დავსვით კაბინეტში მდგომ ერთ-ერთ სკამზე. ამის შემდეგ დაკავებულს თავთან დავუდექით, რომ თვითდაზიანება აღარ მიეყენებინა“.

მოწმე გაფრინდაშვილის ჩვენებით, ადვოკატი მდინარაძე დაკავების შემდეგ დამშვიდდა და პოლიციელებს სახლში გაშვება სთხოვა: „ჩვენ ხელმძღვანელ გივი სიხარულიძეს შევუთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გიორგი მდინარაძე გაგვეთავისუფლებინა ხელწერილის საფუძველზე. მდინარაძეს შემდგომ საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით, როგორც მან თქვა, პრობლემა არ ჰქონდა“.

სასამართლო პროცესზე ჩვენების დასრულების შემდეგ, პროკურორმა გაფრინდაშვილს სთხოვა, დეტალურად გაეხსენებინა მაგიდების განლაგება განყოფილებაში და მაგიდასთან მსხდომი პირები. დავით გაფრინდაშვილის თქმით, 7 ნოემბრის ღამეს განყოფილებაში გამომძიებლის მაგიდასთან იმყოფებოდნენ გამომძიებელი, ბრალდებული, ადვოკატი და ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, კერძოდ, ბრალდებულის მამა. გაფრინდაშვილისვე თქმით, ამ დროს განყოფილებაში იმყოფებოდა გიორგი წიგნაძე, რომელიც გამომძიებლის მაგიდასთან ახლოს იჯდა: „რა თქმა უნდა, ამ დროს შენობაში იმყოფებოდა მორიგეც“.

პროკურორ ირაკლი ქარდავას კითხვამ - რა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატმა მდინარაძემ გამომძიებელ ნინო ზანგურაშვილს, ბრალდებულ კვირკვაიას ადვოკატის გაღიზიანება გამოიწვია და მან შუამდგომლობა დააყენა კითხვის არიდებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლე ლილი მსხილაძემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორი ასევე დაინტერესდა, თუ რატომ არ დააკავა დავით გაფრინდაშვილმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე ლაშა კვირკვაიას გამოსვლამდე და რატომ დაელოდა ხელმძღვანელს, თუკი მდინარაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს. დავით გაფრინდაშვილმა უპასუხა, რომ იგი აუცილებლად დააკავებდა მდინარაძეს, საქმეში დროულად რომ არ ჩარეულიყო მისი ხელმძღვანელი ლაშა კვირკვაია.

მოწმემ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან გიორგი მდინარაძის ადმინისტრაციული დაკავებისას მიიღო სხეულის დაზიანებები, კერძოდ - სისხლ-ნაჭდევები კისრის არეში და ხელებზე. ბრალდებულის ადვოკატმა დავით გაფრინდაშვილს შეახსენა 7 ნოემბრის ღამეს მიღებული ფიზიკური დაზიანებების შესახებ და აღნიშნა, რომ ამას მოწმობდა ექსპერტიზის დასკვნა. ამაზე ბრალდებულების ადვოკატმა მიიღო შენიშვნა, რომ მას არ შეეძლო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ მიეწოდებინა ინფორმაცია მოწმისთვის, ადვოკატს უნდა ესაუბრა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რამაც ადვოკატის უკმაყოფილება გამოიწვია.

„ადვოკატის დაკავების შემთხვევა პირველი იყო, ამიტომ ჩვენც დაბნეულები ვიყავით“

მოწმე გიორგი წიგნაძეც პოლიციელია. შემთხვევის დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. დავით გაფრინდაშვილის მსგავსად, მანაც აღნიშნა, რომ ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ გამომძიებელს არაკომპეტენტური უწოდა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დავით გაფრინდაშვილს, რომელიც ჩაერია გამომძიებლისა და ადვოკატის საუბარში. წიგნაძემ ასევე აღნიშნა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ მდინარაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დავით გაფრინდაშვილს.

„ლაშა კვირკვაია როცა ჩაერთო საუბარში და გაერკვა საქმის არსში, გიორგი მდინარაძე მისკენაც გაიწია და უთხრა: შენ რატომ ერევი, რამდენი ხანია, რაც პოლიციაში მუშაობო. მდინარაძემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციასაც. დაკავებისას არ გვაძლევდა საშუალებას, შეგვეყვანა ცალკე ოთახში. ადვოკატის დაკავების შემთხვევა პირველი იყო. ამიტომ ჩვენც დაბნეულები ვიყავით“, - აღნიშნა წიგნაძემ.

წიგნაძემ დაბნეულობას დააბრალა აგრეთვე ის, რომ ვერ გაიხსენა კონკრეტულად, რომელი თანამშრომლები იმყოფებოდნენ განყოფილებაში შემთხვევის დღეს, ან ვინ დაადო ხელბორკილები დაკავებულ მდინარაძეს.

რაც შეეხება მობილურის ზარს, ორივე მოწმემ აღნიშნა, რომ როდესაც მდინარაძის ტელეფონი რეკავდა, მდინარაძემ მათ უთხრა, რომ ორსული მეუღლე ინერვიულებდა და საშუალება მიეცათ, ზარისთვის ეპასუხებინა, რისი უფლებაც, როგორც მოწმეებმა აღნიშნეს, მათ დაკავებულს მისცეს. მოწმეებმა კატეგორიულად გამორიცხეს, რომ დაკავების პროცესში მდინარაძეს ტელეფონის ზარისთვის ეპასუხებინა, რადგან მათი თქმით, გიორგი მდინარაძეს ტელეფონზე ე.წ. „ბუდე“ ჰქონდა გადაკრული, რის გახსნის გარეშეც იგი ვერ შეძლებდა, ეპასუხებინა შემომავალი ზარისთვის. მოწმეთა ეს ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის გიორგი მდინარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან. მდინარაძე მედიასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ მან ცემის დროს, სენსორულ ეკრანზე ხელის მოძრაობით შემთხვევით უპასუხა ტელეფონის ზარს, რისი საშუალებითაც მეუღლემ შეიტყო მისი დაკავებისა და ცემის ფაქტის შესახებ.

14 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მესამე მოწმე მამუკა მამუკიანი დაიკითხა. შემთხვევის დღეს იგი პოლიციის განყოფილებაში პირველ სართულზე მორიგეობდა. მამუკიანმა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს: „ხმამაღალი ლაპარაკი როცა დაიწყო, უკან მოვტრიალდი, მაგრამ მალევე ჩემი საქმე გავაგრძელე. სიტყვები არ მესმოდა. როცა კვლავ გავიგონე ხმამაღალი საუბარი, უკან მოხედვისას გაფრინდაშვილი და მდინარაძე დავინახე. ისინი ფეხზე იდგნენ. დავინახე, რომ მდინარაძემ ხელი შემოარტყა გაფრინდაშვილს. დაკავებისას კი, ადვოკატისთვის ბორკილების დადებას ცდილობდნენ, ის კი წინააღმდეგობას უწევდა. ამ დროს იქვე მიეჯახნენ მაგიდებს და მდინარაძე წაიქცა. ოთახში შეყვანამდეც მდინარაძე კარს დაეჯახა. ხელბორკილები, მგონია, რომ ოთახში შეყვანამდე ვერ დაადეს“, - აღნიშნა მოწმე მამუკიანმა.

გიორგი მდინარაძის ინტერესებს სასამართლო პროცესზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს. Humanrights.ge-მ მას ბრალდების მოწმე პოლიციელების ჩვენებათა შეფასება სთხოვა. 

„ამ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდების მოწმეები პოლიციის მოქმედი თანამშრომლები არიან. მათი ჩვენება არ არის სანდო, რადგან ისინი ცდილობენ, დაადასტურონ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, როცა მათი უშუალო უფროსი ჯერ კიდევ იყო ბრალდებული ლაშა კვირკვაია და მის წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს. მათ რომ ახლა რეალური ჩვენება მისცენ სასამართლოს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ გამოძიების პერიოდში ცრუ ჩვენების მიცემისთვის. საქმეზე არსებულ ფაქტებთან დაკავშირებით, დღეს წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები არსებითად განსხვავდება იმ მოწმეთა ჩვენებებისგან, რომლებიც არიან ობიექტური და არანაირი სამსახურეობრივი ან პირადი ინტერესი არა აქვთ“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ლაშა კვირკვაიას საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 28 სექტემბერს ჩაინიშნა.

ახალი ამბები