კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო პლაკატების ომი

30 სექტემბერი, 2016
 
გიორგი ჯანელიძე

საარჩევნო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დადებითად აფასებენ წინასაარჩევნო კამპანიას. ცესკო თავმჯდომარე გვპირდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უფრო მეტად ორგანიზებული იქნება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. თამარ ჟვანიას განცხადებით, ის ხარვეზები, რასაც წინა არჩევნებზე ჰქონია ადგილი, გამოსწორებადია. 

ექსცესები წლევანდელ წინასაარჩევნო კამპანიასაც ახლდა. მათ შორის, კვლავ ვიხილეთ საარჩევნო პლაკატების ომი, რაც ყველა წინა არჩევნებს თან სდევდა. ხშირად შეგვხვედრია გარე განათების ბოძებზე გაკრული მაჟორიტარი კანდიდატების პლაკატები, რომელთაგან ზოგს ულვაში აქვს მიხატული, ზოგს ყურები და ზოგიც მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც ჩამოხეულია ან კიდევ ზედ სხვა პარტიის პლაკატი აქვს გადაკრული. 

როგორც წესი, დედაქალაქსა და რეგიონებში, პლაკატების მასობრივად გაკვრა ღამის საათებში იწყება. ექსცესებიც, სავარაუდოდ, სწორედ ღამის საათებში ხდება. 25 სექტემბერს, პოლიტიკურ ბლოკ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ავლაბრის ოფისის ხელმძღვანელმა, ნენე დალაქიშვილმა, ბლოკის დაზიანებული პოსტერები სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით გამოაქვეყნა: „დღეს იმ ადგილებში გავიარეთ, სადაც წუხელ პლაკატები გავაკარით. გულზე ხელის დადებით შემიძლია დავიფიცო, რომ სადაც სხვა პარტიების პლაკატები დაგვხვდა, წებო არ დავინანეთ და ჩვენებს თუ ვაკრავდით, მათსას ვასწორებდით. სამაგიეროდ, ჩვენი პლაკატები ჩამოუხევიათ კოხტად და მშვენივრად“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ირმა პავლიაშვილი საარჩევნო გარემოს 8 ივნისიდან აკვირდება. „ამ დროითვის, სხვა დარღვევებთან ერთად, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა მასალების გავრცელების ხელშეშლისა და ჩამოხევა/დაზიანებისა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით საიას განცხადება/საჩივრები წარდგენილი აქვს შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებში. კენჭისყრის მოახლოებასთან ერთად მასალების დაზიანების ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა, რაზეც უწყებათშორისმა კომისიამ არაერთი რეკომენდაცია გამოსცა და მოუწოდა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ მსგავსი ფაქტებისაგან. საარჩევნო კოდექსით დაცულია სუბიექტების უფლებები, რომ უკანონოდ არავინ  დააზიანოს მათი  სააგიტაციო მასალები და განსაზღვრულია პასუხისმგებლობა“, - ამბობს humanrights.ge-თან საუბრისას საიას იურისტი. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად,  სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იქნეს უზრუნველყოფილი. დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

„თავის მხრივ, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამასთან, როგორც ამას საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღრავს, დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.  აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ანა გურიელი. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლით განსაზღვრულია სააგიტაციო მასალის დამზადების, რეგისტრაციისა და განთავსების წესები. ასევე, განსაზღვრულია პრევენციის მექანიზმები მასალების განთავსების წესების დარღვევისა თუ მათი დაზიანების შემთხვევაში. 

ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე: „ცესკოს სწავლების ცენტრის დახმარებით გაიცა გრანტი, რომლის საშუალებითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ არაერთი ტრენინგი არჩევნების დღესთან და წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშრებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, თავის მხრივ, ცესკომ ჩაუტარა ტრენინგები და მათ დეტალურად მიეწოდათ სამართლებრივი ნორმების შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუკი მოხდებოდა სააგიტაციო მასალის დაზიანება ან მათი გამოკვრის წესების დარღვევა, ამას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება“.  

თბილისის მერიის პრეს-სამსახურმა მიმდინარე წლის 26 სექტემბრისთვის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ოქმების სია მოგვაწოდა, რითაც ირკვევა, რომ არჩევნებში მონაწილე 10 პარტიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული (ჯარიმა- 50 ლარი) 131 ოქმია შედგენილი, ხოლო სამის ქმედება დამატებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის I ნაწილს დაექვემდებარა (ჯარიმა - 1000 ლარი).

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.

ახალი ამბები