კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაფიქსირებული დარღვევები და ტენდენციები

8 ოქტომბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს საქართველოს ოთხ რეგიონში აკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. ცენტრის მონიტორები და ჟურნალისტები ამჟამად იმყოფებიან: შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებსა და ქალაქ გორში; იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; ქვემო ქართლში, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და ქალაქ რუსთავში; კახეთის რეგიონში - პანკისის ხეობაში; 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, არჩევნები ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა გამოწვეულია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არაკვალიფიციურობით, საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში გამოვლინდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შსს-ს სწრაფად მოახდინოს რეაგირება ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე და პასუხისგებაში მიცეს მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის, სოფელ ქეშალოს 37-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ამავე ფაქტზე ადმინისტრაციული წესით რეაგირება უნდა მოახდინოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. 

შემაშფოთებელია ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. ამ მხრივ, ძირითადად, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები აქტიურობენ. ზოგიერთ შემთხვევაში, დაპირისპირებული პარტიების კოორდინატორები ერთმანეთსაც დაუპირისპირდნენ, რითაც ჩრდილი მიადგა არჩევნებს.

21:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა დაარეგისტრირეს 14 საჩივარი და 10-ზე მეტი შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.



მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქში, სოფელ ქეშალოს 37-ე უბანზე ამომრჩეველს კონვერტის გარეთ გატანა სურდა, რის შესახებაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა შენიშვნა მისცა კომისიის თავმჯდომარეს. საპასუხოდ, კომისიის თავმჯდომარემ თაია ძველიევმა და მისმა მოადგილემ დამკვირვებელს უყვირეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

უბანზე მომხდარი ინციდენტი გადაიღო საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, სადაც ჩანს, თუ როგორ უყვირის  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სამედ გაჯიევი რუსულ ენაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს და უხეშად ხელითაც ეხება. ფიზიკური შეურახყოფა ვიდეოს გადაღების შემდეგაც გაგრძელდა, რასაც ადასტურებენ მოწმეები.

შემთხვევის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა თამარ ავალიანმა პოლიციას შეატყობინა და ცოტა ხანში თვითონაც მივიდა ქეშალოს 37-ე უბანზე. მისი ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს აღენიშნება დაზიანებები. მას ასევე დაუხიეს ჩანაწერების რვეული. პოლიციამ დამკვირვებელი და მოწმეები პოლიციაში გადაიყვანა, სადაც დაიკითხნენ შემთხვევასთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცესკოსაც მიაწოდა.  

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის I ნაწილით (არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა), რაზეც მაქსიმალური სასჯელის სახით შესაძლებელია 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.


ბოლნისის 33-ე ოლქში, სოფელ ძველი ქვეშის მე-20 უბანზე, შუადღისას, ადამიანის უფლებათა ცენტრის მობილური ჯგუფის მისვლისას აღმოჩნდა, რომ უბანი დროებით დახურული იყო და ამომრჩევლები დერეფანში ელოდებოდნენ, როდის გაიხსნებოდა. 

უბნის დახურვის მიზეზად კომისიის წევრებმა სადილის დრო დაასახელეს. მობილური ჯგუფის ცნობით, კომისიის წევრებს დოკუმენტებზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი, რა დროსაც დოკუმენტების ნაწილს წყალი გადაასხეს და შემდეგ გაშრობას ცდილობდნენ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რომელიც კომისიამ არ დაარეგისტრირა. დამკვირვებელმა დაუკავშირდა ცესკოს, რომელმაც განაცხადა, რომ მათი წარმომადგენელი მივიდოდა უბანზე. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ დამკვირვებელმა კვლავ დარეკა ცესკოში, საიდანაც განუცხადეს, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმყოფებოდა უბანზე და ყველაფერი რიგზე იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არასწორია, რადგან მას უბანი არ დაუტოვებია და არც არავინ გამოცხადებულა წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიიდან. დამკვირვებელი კვლავ მოითხოვდა საჩივრის რეგისტრაციას, რის გამოც კომისიის წევრები გაბრაზდნენ და თავად დარეკეს ცესკო-ში. მათ განაცხადეს, რომ დამკვირვებელი ხელს უშლიდათ საქმიანობის განხორციელებაში. საპასუხოდ ცესკოდან მათ მოუწოდეს, დაერეგისტრირებინათ დამკვირვებლის საჩივარი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის თქმით, ამის შემდეგ კომისიის წევრებმა მაინც ვერ დაურეგისტრირეს საჩივარი, რადგან არ იცოდნენ, ეს პროცედურა როგორ განეხორციელებინათ. 

დამკვირვებელი, ასევე, აცხადებს, რომ უბანზე რეგისტრაციის წიგნში დარღვევების შესახებ ინფორმაცია ქართული ასოებით არის შეტანილი, მაგრამ - არაქართული სიტყვებით, რის გამოც გაურკვეველია, რა წერია რეგისტრაციის წიგნში. დამკვირვებელმა აღნიშნულთან დაკავშირებით და ასევე სხვა დარღვევების შესახებ შენიშვნები დააფიქსირა. 

ამავე უბანზე, დამკვირვებლის ინფორმაციით, შევიდა უცხოელი, რომელსაც არ ჰქონდა დამკვირვებლის მოწმობა, მაგრამ კომისიის წევრებმა იგი, როგორც დამკვირვებელი, მაინც გაატარეს და დაუშვეს უბანზე, რის შესახებაც ასევე დაფიქსირდა შენიშვნა. 


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზისქენდის მე-14 საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი 8:00 საათზე მივიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი სიები. ცენტრის დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ ერთიანი სიები გამოაკრეს. 

გარდა ამისა, უბანზე ამომრჩევლებს ნაკადის მომწესრიგებელი არ უკეთებდა მარკირებას. მოწოდების შემდეგ ნაკადის მომწესრიგებელმა დაიწყო მარკირების პროცესი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, აზისქენდის მე-14 უბანზე გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ იყო ჩაგდებული. 

ზემოაღნიშნული დარღვევების გარდა, უბანზე სამკერდე ნიშნის გარეშე გადაადგილდებოდნენ პირები, რომელთაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ვინაობა ჰკითხა. მათ კი უპასუხეს, რომ აგიტატორები იყვნენ. მოწოდების შემდეგ მათ დატოვეს უბანი და ეზოში ხვდებოდნენ სამარშუტო ტაქსებს, რომელთაც ჯგუფ-ჯგუფად მოჰყავდა ხალხი, ხოლო აგიტატორები მათ მითითებებს აძლევდნენ. ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მეორედ ცდილობდა, ხმის მიცემას.

დარღვევების დასაფიქსირებლად დამკვირვებელმა დაწერა 2 საჩივარი, მაგრამ კომისია უარს აცხადებდა საჩივრების დარეგისტრირებაზე. მიზეზად კი დამკვირვებელს დაუსახელეს, რომ საჩივარი აზერბაიჯანულ ენაზე უნდა დაეწერა. ცესკო-ში სამჯერ დარეკვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოდან მოუწოდეს, დაერეგისტრირებინათ საჩივრები. ამის შემდგომ კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ „არ მუშაობდა ქსეროქსის აპარატი“. თუმცა, როგორც გაირკვა, მათ საერთოდ არ ჰქონდათ ჩართული „ქსეროქსის“ აპარატი. მრავალგზის მცდელობის შემდეგ, დამკვირვებელმა საჩივრების დარეგისტრირება შეძლო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, აზისქენდის მე-14 უბანზე არიან კომისიის არაკომპეტენტური წევრები, რომლებმაც საარჩევნო უბნის გახსნისთანავე ბევრი შეცდომა დაუშვეს.


ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, შიდა ქართლში, სოფელ ნიქოზში საარჩევნო უბნებთან დგანან პირები, ე. წ. კოორდინატორები, რომლებიც ინიშნავდნენ ამომრჩეველთა სახელებსა და გვარებს. მათ განაცხადეს, რომ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი პარტიისთვის მნიშვნელოვანია აღწერა, ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ არა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოწოდების შემდეგ მათ შეწყვიტეს სახელებისა და გვარების მონიშვნა, მაგრამ აღწერენ, რამდენი ამომრჩეველი მოდის. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დამკვირვებლის თქმით, ნიქოზის საარჩევნო უბნები იმდენად მცირე ზომისაა, რომ დამკვირვებლები ვერ ეტევიან უბანზე, რაც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას უშლის ხელს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის თქმით, გორის 42-ე ოლქის, 58-ე საარჩევნო უბანზე დილის 8 საათზე გამოკრული არ იყო სადემონსტრაციო ოქმი. დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ, კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ არ იცოდნენ, რა არის სადემონსტრაციო ოქმი. დამკვირვებელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია სადემონსტრაციო ოქმის შესახებ, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა სადემონსტრაციო ოქმი გამოაკრეს. 

ამავე უბანზე სხვადასხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები საარჩევნო ყუთთან ისხდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოწოდების, შემდეგ სხვა ორგანიზაციის დამკვირვებლები ყუთიდან მოშორებით დასხდნენ და ყუთთან მხოლოდ კომისიის ერთი წევრი დარჩა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 7 ოქტომბრის 20:00 საათიდან 9 ოქტომბრის 20:00 საათამდე დროებით ჩაკეტა ე. წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი. გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტმა მიიღო, რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიუხედავად, ისევე როგორც წინა სხვა არჩევნებისას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეები ცდილობენ, გადმოვიდნენ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ სოფლებში და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სადამკვირვებლო ჯგუფი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯრიადან გვატყობინებს, რომ #50 საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბნის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ვერ შეძლო ოკუპირებული ტერიტორიის სოფელ ქარძმანიდან გადმოსვლა და საარჩევნო უბანზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება.  

დამკვირვებელთა ინფორმაციით, სოფელ ჯრიაში #46 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 450 ამომრჩევლიდან 70 ამომრჩეველი ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათი ნაწილი ჯრიაში 7 ოქტომბერს გადმოვიდა სპეციალურად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნაწილი კი ე. წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ხმის მიცემას ვერ შეძლებს. ასეთივე მდგომარეობაა სოფელ პერევში #43 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული 773 ამომრჩევლიდან 74 ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

დამკვირვებელს ტირძნისის 62-ე უბანზე არ უშვებდნენ

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი ტირძნისის 62-ე საარჩევნო უბანზე დილით, 8:00 საათზე მივიდა. კომისიის წევრებმა მას განუცხადეს, რომ უბანზე ვერ დაუშვებდნენ, რადგან იგი დილით, 7:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, დამკვირვებლის უბანზე დაშვების მოთხოვნით, მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც დამკვირვებელი უბანზე შეუშვეს და განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, შეიძლებოდა თუ არა უბანზე დამკვირვებლის დაშვება 7:00 საათის შემდეგ.


უფლებათა ცენტრის მობილური ჯგუფის ინფორმაციით, მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის, ქეშალოს 38-ე საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გაზანთერ ალიევი ერთ-ერთ ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა და მიუთითა, თუ ვინ შემოეხაზა სიაში. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მას მოუწოდა, დაეტოვებინა კაბინა, მაგრამ ამომრჩეველს უკვე შემოხაზული ჰქონდა მოადგილის მიერ მითითებული კანდიდატი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი, რომელიც დილიდან იმყოფება 38-ე უბანზე აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან ეს ქმედება არაერთგზის განმეორდა, რაზეც დამკვირვებელმა დაარეგისტრირა საჩივარი.

ცენტრის დამკვირვებელმა ქეშალოს 38-ე საარჩევნო უბანზე შუადღით კიდევ ერთი დარღვევა დააფიქსირა - სამი ამომრჩეველი უბანზე ისე შეუშვეს, არ შეუმოწმებიათ ჰქონდათ თუ არა მარკირება. შეუმოწმებელმა ამომრჩევლებმა ხმა მისცეს, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივარი დაწერა.


მარნეულის 36-ე ოლქის, მე-7 უბანზე, მარკირების შესამოწმებელი ფანარი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც უბანზე არ უშვებენ ამომრჩევლებს. კომისიის თავმჯდომარემ დახმარებისთვის მიმართა საოლქო კომისიას, მაგრამ მათ განაცხადეს რომ აღნიშნული ფანარი ცესკოდან უნდა მოიტანონ, რასაც დრო დასჭირდება. ამომრჩეველთა რაოდენობა კი იზრდება უბნის წინ, რამაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის თქმით, შესაძლოა, ქაოსი და დაძაბულობა გამოიწვიოს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი ნახევარ საათში აღდგა, მაშინ როცა მარკირების შესამოწმებელი ფანარი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა მიიტანეს უბანზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, უბანზე მივიდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც, რომლებიც საარჩევნო პროცესის დროებით შეჩერების მიზეზს გაეცნენ. 


მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის, სოფელ თექალოს 44-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი, ნირალი გარაჯაევი ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს არ სთხოვდა და არ ამოწმებდა მათ დოკუმენტებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოწოდების მიუხედავად, მსგავსი შემთხვევა ისევ განმეორდა. რეგისტრატორი ცდილობდა, ერთ-ერთი ამომრჩეველი ვადაგასული პირადობის მოწმობით დაერეგისტრირებინა. 

გარდა ამისა, ნირალი გარაჯაევმა დაუძახა კაბინაში მისულ ამომრჩეველს, რომ დაბრუნებულიყო რეგისტრაციის მაგიდასთან, რადგან ბიულეტენზე ბეჭდის დარტყმა დაავიწყდა. ამომრჩეველი დაბრუნდა მაგიდასთან, სადაც მას უკვე შემოხაზულ ბიულეტენზე დაურტყეს ბეჭედი. დამკვირვებლის მოწოდების მიუხედავად, ბიულეტენი კონვერტში მოათავსეს და ყუთში ჩააგდეს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მათ არ დაურღვევიათ საარჩევნო კოდექსი, რადგან ბეჭდის გარეშე არ შეიძლებოდა ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს უჭირს კომისიის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია, რადგან იგი შეკითხვებს აზერბაიჯანულ ენაზე პასუხობს და თავს მოვალედ არ მიიჩნევს, პრობლემის არსი გაარკვიოს. 

საარჩევნო უბანი ძალიან პატარაა. ამის გამო უბანზე მუდამ ხალხმრავლობაა და ყუთთან სამ-ოთხ ადამიანს უწევს ყოფნა, რითაც ხელი ეშლება არჩევნების პროცესის გამჭვირვალობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით 2 საჩივარი დაწერა. 


მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის, სოფელ თექალოს 44-ე უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მაისური აცვია და სავარაუდოდ, აზერბაიჯანულ ენაზე აგიტაციას ეწევა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლისა და თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად, მან უბნის მიმდებარე ტერიტორია მაინც არ დატოვა.  

დამკვირვებელმა humanrights.ge-ს მოაწოდა ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ თავმჯდომარე კეთილგანწყობილია „ქართული ოცნების“ მაისურში გამოწყობილი მამაკაცის მიმართ. აღნიშნული პირის გამო კომისიის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა. 

შუადღისთვის თექალოს 44-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ხალხი შეიკრიბა. კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შექმნილი ხმაურის გამო მუშაობა უჭირთ. კომისიის თავმჯდომარის გაფრთხილების შემდეგ, რომ იგი პატრულს გამოძახებდა, თუკი ხალხი არ დატოვებდა უბნის მიმდებარე ტერიტორიას, მოქალქეები დაიშალნენ.


ადამიანის უფლებათა ცენტრის მობილური ჯგუფის ინფორმაციით, პანკისში, თითქმის ყველა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან პირები, რომლებიც იწერდნენ არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს. ჯოყოლოში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები აგიტაციას ეწეოდნენ და ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე კარგი პარტიაა. 

სოფელ ომალოში ამომრჩევლებს კაბინაში შესვლისას თან ატანდნენ კონვერტებსაც. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მითითების შემდეგ, მსგავსი დარღვევა აღარ განმეორებულა.


ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, გორის 42-ე ოლქის 92-ე საარჩევნო უბანი სოფელ ტყვიავში 13 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარე თავიდან აგრესიულობით გამოირჩეოდა - დამკვირვებლებს უშლიდა რეგისტრატორებთან მიახლოებას და კომისიის სხვა წევრებს უყვიროდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელის მოწოდების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე დამშვიდდა.

ამავე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები სიტყვიერად შელაპარაკდნენ და ერთმანეთი უშვერი სიტყვებით გალანძღეს. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.


ბოლნისის 33-ე ოლქის, სოფელ ჭაპალას მე-40 საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორი ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს არ სთხოვდა და არ ამოწმებდა დოკუმენტაციას. 

ამავე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ვერ დაარეგულირა ამომრჩეველთა ნაკადი, რის გამოც ამომრჩევლები უბანზე შეცვივდნენ. ამ დროს კომისიის თავმჯდომარემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ზოგიერთმა ამომრჩეველმა არ იცის წერა-კითხვა, რის გამოც მათ ხმის მიცემისას კაბინაში სჭირდებათ დახმარება. 

იმ დროს, როცა უბანზე იმყოფებოდა ცესკოს წარმომადგენელი, საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა და მიუთითა, რომელი კანდიდატი შემოეხაზა. ცესკოს წარმომადგენელმა მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.


მარნეულის 35-ე ოლქის, სოფელ თაქალოს 44-ე უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრებსა და დამკვირვებელთა შორის. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები აზერბაიჯანულ ენაზე მეტყველებდნენ, რის გამოც ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რა იყო დაპირისპირების მიზეზი უბანზე. შემდეგ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა („თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა) მას განუცხადა, კომისიის წევრები ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ, შემოეხაზათ 41 ნომერი.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა მოუწოდა „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელს დაეწერა საჩივარი აღნიშნული დარღვევის შესახებ, თუ ეს ყველაფერი მართლაც ხდებოდა, მაგრამ „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ აზრი არ ჰქონდა საჩივრის დაწერას, რადგან „მას მაინც არავინ განიხილავს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, გარდა თექალოს 44-ე უბანზე გამართული ამ სიტყვიერი დაპირისპირებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალბატონებს, რომელთაც არ აღენიშნებათ ფიზიკური შეზღუდვა და არც ამის შესახებ რაიმე დოკუმენტაცია აქვთ, მოჰყვებათ პირი, რომელმაც უკვე მისცა ხმა და კაბინაში ხმის მიცემაში ეხმარებათ მათ. 

ასევე, არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცები მოჰყვებიან მეუღლეებს და შედიან მათთან ერთად კაბინაში. დამკვირვებლის თქმით, ერთი მამაკაცი ჯერ დას შეჰყვა კაბინაში, შემდეგ კი  ცდილობდა, დედას შეჰყოლოდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი ცდილობდა, გაეფრთხილებინა კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ იგი ამ დროს არ იმყოფებოდა უბანზე. უბანზე დაბრუნების შემდეგ მან მამაკაცს უბანი დაატოვებინა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი დაწერა.


ნიქოზში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება და უშვერი სიტყვებით გინება ჩხუბსა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, სიტუაციის განმუხტვა პოლიციამაც ვერ შეძლო. ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ბოლოს დაპირისპირებული მხარეები ოჯახის წევრებმა წაიყვანეს ადგილიდან. ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. 


ტყვიავის 64-ე საარჩევნო უბნიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი გამოაძევეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მიზეზი  მისი  მხრიდან ამომრჩევლების  სიის მობილური ტელეფონით გადაღება გახდა. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ,,ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი და აცხადებს, რომ მას სია არ გადაუღია.  თუმცა, ის მაინც გააძევეს უბნიდან. ადამიანის უფლებათა ცენტრმა გადაიღო გაძევების ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ხელით შეხებაც არის დაფიქსირებული.


ბოლნისის 33-ე საარჩევნო ოლქში, სოფელ სამტრედოს 46-ე საარჩევნო უბანზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ვიდრე უბანზე ეუთოს დამკვირვებლები იმყოფებოდნენ. 

ეუთოს წარმომადგენლების წასვლის შემდეგ კომისიის წევრები უბნის გარეთ გავიდნენ და პოლიტიკურ პოლემიკაში შევიდნენ ამომრჩევლებთან. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა, რის შემდეგაც მდგომარეობა გამოსწორდა და კომისიის წევრები დაუბრუნდნენ საარჩევნო უბანს.


ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, ბოლნისის 33-ე ოლქის, სოფელ ჭაპალას მე-40 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც ფანჯრებიდან აკვირდებოდნენ უბანში მიმდინარე პროცესს. 
 
ერთ-ერთი მამაკაცი მოულოდნელად საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შეიჭრა და კომისიის წევრებს ჩხუბი დაუწყო. მან რეგისტრატორს ბრალი დასდო, რომ იგი ამომრჩევლებს მოუწოდებდა, ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისთვის მიეცათ. უბანზე შეჭრილმა მამაკაცმა კომისიის წევრებს მიუთითა რეგისტრატორის მაგიდაზე დახატულ დიდ ხუთიანზე - „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერზე, რომელიც კომისიის წევრებმა შემჩნევისთანავე კორექტორით წაშალეს. 

როგორც შემდეგ გაირკვა, აღნიშნული მამაკაცი, რომელიც უბნის გახსნიდანვე მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და შემდეგ უბანზე შეიჭრა, იყო ბოლნისის გამგებლის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდა, ფანჯარა გაეთავისუფლებინა გარე დამკვირვებლებისაგან, რის შესახებაც ჩანაწერთა წიგნშიც შეიტანა შენიშვნა. თავმჯდომარემ შენიშვნა გაითვალისწინა.


ადამიანის უფლებათა ცენტრი



ახალი ამბები