კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სხვა მეჩეთების მსგავსად აზანის ხმა ჯუმა მეჩეთის გარეთაც უნდა ისმოდეს“

18 ოქტომბერი, 2016
 
თურალ გურბანლი

„დაახლოებით 10 წლის წინ მეიდანზე,ჯუმა მეჩეთის სიახლოვეს მცხოვრებმა მოსახლეობამ აზანის (ლოცვა, რომელსაც მხოლოდ იმამი კითხულობს) ხმით გამოწვეული ხმაურის გამო იჩივლა: მას შემდეგ მეჩეთიდან აზანის ხმა აღარ ისმის,“ - წუხს ეთნიკური აზერბაიჯანელი, ჯავიდ გურბანოვი. იგი სალოცავად ძველი თბილისის ცენტრში, გოგირდოვანი აბანოებით ცნობილ მეიდანთან არსებულ ჯუმა მეჩეთში დადის. ჯავიდი ამბობს, რომ ადრე, აზანის დროს მისი ხმა მთელ დასახლებაში ისმოდა, ახლა კი ის მხოლოდ მეჩეთის შიგნით ისმის, რადგან ხმის გამაძლიერებლის გამოყენება აიკრძალა. 

„აზანი ისლამის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ყველას აქვს რელიგიური რიტუალის აღსრულების უფლება. სხვა მეჩეთების მსგავსად აზანის ხმა ჯუმამეჩეთის გარეთაც უნდა ისმოდეს. ეს აქ მომლოცველთა და მეჩეთის ახლოს მცხოვრები ყველა მუსლიმის უფლებაა, ამ უფლების შეზღუდვა კი სხვა რელიგიების მიმართ ტოლერანტობაზე არ მიუთითებს“,  - ამბობს ჯავიდი

აზანი არაბულად გაგებინებას, შეტყობინებას და განცხადებას ნიშნავს. მისი მთავარი მიზანია, მოსახლეობას ლოცვის - ნამაზის დრო შეატყობინოს და მუსლიმებს ლოცვისკენ მოუწოდოს. ბევრ ქვეყანაში აზანი ხმის გამაძლიერებლით გადაიცემა. ასეა საქართველოშიც, სადაც მოსახლეობის 10,7% მუსლიმია. ჯუმა მეჩეთში კი  აზანის ხმა სიმბოლოურად, მხოლოდ შენობის შიგნით ისმის. 

ილჰამ ამიანოღლუც სალოცავად ჯუმა მეჩეთში დადის. ილჰამი მიიჩნევს, რომ აზანის ხმის გამაძლიერებლებით გადაცემა მუსლიმებისთვის წმინდა პარასკევ დღეს მაინც აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი: „არ მგონია, რომ საქართველოს მთავრობა ნებას დაგვრთავს, რომ თბილისის  ცენტრში, აზანის ხმა მიკროფონით დღეში რამდენჯერმე ისმოდეს. უფლება მოგვცენ, რომ ხმის გამაძლიერებელი პარასკევის ლოცვების დროს მაინც გამოვიყენოთ. ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და გვსურს, რომ რელიგიური რიტუალიწესის მიხედვით შევასრულოთ“.

საქართველოში ისლამი ქრისტიანობის შემდეგ ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიაა. ქვეყანაში500 ათასამდე მუსლიმი ადამიანი (ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები, ქისტები და აჭარლები) ცხოვრობს. საქართველოში დაახლოებით 250-მდე მეჩეთია. აქედან 140 აჭარაში, 50-მდე კი ქვემო ქართლში. ჯუმა მეჩეთი თბილისში არსებული ერთადერთი მეჩეთია. 

„ჯუმა მეჩეთი საქართველოში არსებული ერთ-ერთი უძველესი უძველესი მეჩეთია. აქშიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ. ეს მეჩეთი ტოლერანტობის ნიმუშია და აქედან აზანის ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს“, - ამბობს მეჩეთის ერთ-ერთი იმამი, რამილ ჰუსეინალიევი და აღნიშნავს, რომ აზანის გადაცემაზე შეზღუდვები 2006 წელს დაწესდა.

მეიდანზე მცხოვრებ მოსახლეობაში აზანის ხმის გამაძლიერებლით გადაცემის მომხრეებიც არიან და მოწინააღმდეგებიც. 30 წლის სანდრო ასათიანი აცხადებს, რომ საქართველო აქ მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანების  სამშობლოც არის და ყველა მათგანის რელიგიური თავისუფლება დაცული უნდა იყოს: „ეთნიკური აზერბაიჯანელებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი ყველა პრობლემის დროს ჩვენს გერდით დგანან. მათ მიმართ პატივისცემა საქართველოს მთავრობამაც უნდა გამოიჩინოს. მე მეიდანზე ვცხოვრობ და აზანის ხმა არ მაწუხებს“.

24 წლის გიორგი კი აზანის ხმამაღლა გადაცემის წინააღმდეგია: „არსებობს მეჩეთები, სადაც მუსლიმებს რელიგიური რიტუალების შესრულებას არავინ უკრძალავთ. კიდევ რა სჭირდებათ?! საკუთარ რელიგიას მეჩეთებიდან გამოსული მაღალი ხმით უნდა გაუწიონ პროპაგანდა?! მე პირადად აზანის მოსმენა არ მინდა. მეიდანზე მარტო მუსლიმები არ ცხოვრობენ. აქ სხვა რელიგიის მიმდევრებიც ვცხოვრობთ და ეს ხმა ჩვენ გვაწუხებს“.

გვანცა, რომელიც მე-3 კურსის სტუდენტია და მეიდანთან ცხოვრობს, ამბობს, რომ  მეჩეთიდან, დღეში 5-ჯერ, აზანის ხმის გამაძლიერებლით გადაცემა მასაც ძალიან შეაწუხებს: „ზოგადად, ნებისმიერი რელიგიური რიტუალის ხმის გამაძლიერებლით შესრულების წინააღმდეგი ვარ. საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა. აქ ბევრი ტურისტი მოდის. მეიდანზე მუსლიმზე მეტი ქრისტიანი ცხოვრობს. ტურისტებმა რატომ უნდა იფიქრონ, რომ აქ  ბევრი მუსლიმი ცხოვრობს? აზანის ხმა მათ საქართველოზე არასწორ შთაბეჭდილებას შეუქმნის“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ჯუმა მეჩეთში აზანის ხმის გამაძლიერებლით გადაცემის აკრძალვის თაობაზე კომენტარის მოცემაზე უარი განაცხადა და მუსლიმთა საბჭოსთან გადაგვამისამართა.

მუსლიმთა საბჭოს მუფთი, იასინ ალიევი მიიჩნევს, რომ ჯუმა მეჩეთში აზანის ხმის გამაძლიერებლით გადაცემის აკრძალვა დაუშვებელია: „ყველა ასეთ პრობლემურ საკითხს კანონი უნდა არეგულირებდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯუმა მეჩეთში  აზანის ხმის გამაძიერებლით გადაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს: აზანი ისლამის ძერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია“.

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიიის თავმჯდომარე, თედო კობახიძე აცხადებს, რომ ჯუმა მეჩეთში აზანის ხმის გამაძლიერებლით გადაცემაზე არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული: „აზანის ხმის გამაძლიერებლით გადაცემის აკრძალვაზე არანაირი ოფიციალური საბუთი და გადაწყვეტილება არ არსებობს“. 

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ შესაძლებელია პრობლემის ისე მოგვარება, რომ არც მეჩეთთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის უფლება დაირღვეს და არც მუსლიმი მრევლის: „მეჩეთში შეკრებილმუსლიმებს  აქვთ საკუთარი რელიგიური რიტუალის აღსრულება უფლება. თუ აზანის ხმა მაღალია და ამის გამო მეჩეთის სიახლოვეს  მცხოვრები მოსახლეობა წუხდება, საკითხი ქალაქის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. უნდა გადაწყდეს, ხმა რამდენად მაღალი შეიძლება იყოს. პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს,  რომ არავის უფლება არ დარღვეს“.

„მე არ მჯერა, რომ აზანის ხმა აქ მცხოვრებ ქართველებს აწუხებს. ისინისხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანებს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდნენ. თბილისი სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიისადამიანების საერთო ქალაქია. მისი მთავარი ხიბლიც სწორედ ეს მრავალფეროვნებაა“, - ამბობს ჯავიდ ქურბანოვი და ნამაზის შემდეგ,ძველი მეიდნის ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩებით სახლისკენ მიმვალ გზას  მიუყვება. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.



ახალი ამბები