19:46, Monday, 25.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მარნეულში ამომრჩეველთა აქტივობა შემცირდა

01.11.2016

 
გულნურ ქაზიმოვა

„ამომრჩეველთა აქტივობა საგრძნობლადაა შემცირებული. 8 ოქტომბერს, 12-საათამდე უკვე სულ მცირე 700-მდე მოქალაქე იყო მოსული, ახლა კი  სულ 200-მდე ადამიანი მოვიდა,“ - ამბობს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე  მყოფი დამოუკიდებელი დამკვირვებელი, რეზო ალიევი. 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე მოსახლეობის პასიურობის მიზეზს სოფლის მკვიდრნი სხვადასხვანაირად ხსნიან. “8 ოქტომბერს ჩვენს სოფელში ექვსი ახალგაზრდა დააკავეს.  ახლაც ყოველ ჯერზე ხან ვის და ხან ვის ემუქრებიან. სოფლის შემოსასვლელში პატრულთა ჯგუფი დგას. ხოდა თავი რატომ უნდა შევიწუხო. არც არჩევნებზე წავალ და არც ხმას მივცემ ვინმეს,“ - აცხადებს სეირან ჯაფაროვა.
  
ყიზილაჯლოში მცხოვრები  49 წლის გასიმ გასიმოვი კი ამბობს, რომ მოსახლეობა არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეს: „ხმის მიცემა ჩემი უფლებაა. სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ვინც გვინდა, ის უნდა ავირჩიოთ, დაკავებული ახალგაზრდები კი გაანთავისუფლონ.“

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აზერ სულეიმანოვი აცხადებს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან და განმეორებით არჩევნებთან შედარებით მკვეთრად შემცირდა:„ამომრჩეველთა აქტივობის შემცირების ერთ-ერთი  მთავარი მიზეზი შიშია. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ხალხს ეს პროცესი მობეზრდა. ერთი თვის განმავლობაში ამ უბანზე არჩევნები სამჯერ ჩატარდა.“

მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში მცხოვრები მაზაჰირა ალიევა ამბობს, არჩევნებზე სკოლის ხელმძღვანელობის მითითებით მოვიდა: „სკოლის მასწავლებლად ვმუშაობ. მთავრობა და  სკოლის ხელმძღვანელობა სწორად მიიჩნევს, რომ 41-ე ნომერს მივცეთ ხმა. მეც ყველა მასწავლებელი შევკრიბე და მოვიყვანე. მათაც იციან, რომ მთავრობას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ. ყველამ  „ქართული ოცნების“ კანდიდატს უნდა მივცეთ ხმა.“

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი აცხადებს, რომ ის დამკვირვებლები, რომლებიც  არჩევნების პროცესში არსებულ დარღვევებს უარყოფენ, ზეწოლის ქვეშ არიან: „ყიზილაჯლოში, 50-ე  საარჩევნო უბანზე კედელზე 41 ნომერია დაწერილი და გამოკრულია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები. ის დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტები  გააპროტესტეს, უბნიდან გაიყვანეს. ჩვენ მათ ჩასანაცვლებლად სამი სხვა ადამიანი გავგზავნეთ. რაღაცეები მოიმიზეზეს და უბნიდან ისინიც გაიყვანეს. საერთოდ, მარნეულის მასშტაბით, საარჩევნო უბანი 26 დამკვირვებელს დაატოვებინეს. სოფელ გიურარხში ამომრჩევლებზე ზეწოლის დროს მცირე ინციდენტიც მოხდა აგიტატორებსა და დამკვირვებლებს შორის. საარჩევნო უბანზე მყოფი აგიტატორები ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.“

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს 30 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა კოორდინატორი მარნეულში, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ არჩევნების პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა შემცირდა: „შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველთა აქტივობა განახევრებულია. გამოვლინდა მცირე დარღვევებიც. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა ერთმა და იმავე ადამიანმა ორჯერ  მისცა ხმა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამომრჩევლები არ აქტიურობენ.“

მარნეულის რაიონის სოფელი ყიზილაჯლო 2016 წლის 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს ყველაზე ხმაურიანი  ექსცესებით გახდა ცნობილი. ხმის მიცემის დასრულებამდე 48-ე საარჩევნო უბანზე თავდასხმა მოხდა. უბანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა, ცესკო-მ კი არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა. იმავე ღამეს  საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას ან ძალადობის მუქარის ბრალდებით ყიზილაჯლოში 6 პირი დააკავეს. 

30 ოქტომბერს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ხმათა 27, 85% “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, აკმამედ იმამკულიევმა მიიღო, 72,15% კი “ქართული ოცნების” კანდიდატმა, თამაზ ნავერიანმა. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC