კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის არჩევნების მეორე ტური - სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები

2 ნოემბერი, 2016
 
ნათია გოგოლაშვილი

საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაცია, მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები, დამკვირვებელთა მიმართ მუქარა და ხელის შეშლა - საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებით, საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა არაკვალიფიციურობა პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზეც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.

საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, სადამკვირვებლო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დაფიქსირებულ დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის 9 დამკვირვებელმა და არჩევნებზე აკრედიტებულმა ჟურნალისტმა, რომლებიც სამ რეგიონში სამ მობილურ ჯგუფად იყო განაწილებული, ჯამში 4 საჩივარი დაწერა და რამდენიმე შენიშვნა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა, დარღვევები, ძირითადად, პროცედურული და ტექნიკური ხასიათის იყო და, დიდწილად, საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა არაკვალიფიციურობით იყო გამოწვეული.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ საარჩევნო უბნებთან პარტიათა წარმომადგენლების მხრიდან გაწეულ აგიტაციაზე. „ისევე როგორც არჩევნების პირველ ტურში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გადამეტებულად აქტიურობდნენ „ქართული ოცნებისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები და აგიტატორები, რომლებიც აღწერდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ირიბად ახდენენ ზემოქმედებას მათ არჩევანზე. აღნიშნული ფაქტების არსებობა ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას. ამავე დროს, როგორც ეს 8 ოქტომბრის კენჭისყრისას გამოვლინდა, საარჩევნო უბანთან შეკრებილი სხვადასხვა პარტიების აგიტატორები, კოორდინატორები და მხარდამჭერები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ზოგჯერმსგავსი დაპირისპირება ფიზიკური შეხლა-შემოხლით მთავრდებოდა. მსგავსი კონფლიქტები კი ხელს უშლის კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

„პრობლემური იყო მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები (დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების ხმის მიცემის და ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები), ამომრჩევლის ნების განსხვავებული ფორმით გაკეთების (ბიულეტენის ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შევსების, ბიულეტენთან ერთად სარეგისტრაციო ბარათის კონვერტში მოთავსების ცალკეული ფაქტები), დამკვირვებელთა მიმართ მუქარისა და ხელის შეშლის/უფლებების შეზღუდვის, დამკვირვებელთა სამკერდე ნიშნების მონაცემების სიზუსტის პრობლემები. ასევე დაფიქსირდა სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები. დაფიქსირდა ფიზიკური შეურაცხყოფის 1 ფაქტი (გორში), მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი (ბათუმი)“, - აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

30 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს საია-ს თბილისისა და 9 რეგიონში 400 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა. ორგანიზაციის შეფასებით, „პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ  არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს ძალადობას უბნების გარე პერიმეტრზე ან უბნების დარბევის შემთხვევებს,  ადგილი არ ჰქონია. მშვიდი და არაძალადობრივი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სამართალდამცავი ორგანოების მობილიზებული მოქმედებები“.

„სამართლიანი არჩევნები“ 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი 30 ოქტომბერს კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევდა მონიტორინგს.ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის პროცესში ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები, როგორიცაა, ხმის მიცემის ფარულობისა და მარკირების პროცედურის დარღვევები. მაგალითად, #66 მაჟრიტარული ოლქის #72 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ხმის დათვლის დროს ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა. 

კერძოდ,  35 კონვერტში საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, რაც ამომრჩევლების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. #36 მაჟორიტარული ოლქის #48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) და #69 მაჟორიტარული ოლქის #8 საარჩევნო უბანზე (ლანჩხუთი) ამომრჩეველს, რომელსაც აღენიშნებოდა მარკირება ხმის მიცემის უფლება მისცეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2016 წლის 30 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი.

„მთლიანობაში არჩევნების დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა, საარჩევნო უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დროულად გაიხსნა და დაიხურა.  კენჭისყრისა და შედეგების შეჯამების პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა. ჩვენმა დამკვირვებლებმა მთელი დღის განმავლობაში 70-მდე მეტნაკლებად სერიოზული ძირითადად პროცედურული დარღვევა აღმოაჩინეს. ჩვენ მიერ დაიწერა 11 საჩივარი. აღნიშნულ დარღვევებს ამომრჩევლის ნების ფორმირებასა და არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნებოდა“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში. 

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც შეაფასეს:

იგნასიოს სანჩეს ამორი (ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორი): „კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა, საარჩევნო ადმინისტრაცია უკეთესად იყო მომზადებული. მხოლოდ რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. ასევე, საკანონმდებლო ჩარჩო არ არეგულირებს იმას, თუ როგორ უნდა გაიმართოს მეორე ტური. კანონში არ არის გაწერილი ყველა პროცედურა“.

ანა გომესი (ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი): „ჩვენ შევშფოთდით იმ ინფორმაციაზე, რაც მივიღეთ ზეწოლის შესახებ. საუბარი იყო იმაზე, რომ ადამიანებს აშინებდნენ სოციალური დახმარების მოხსნით ან სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ ისინი ოპოზიციას დაუჭერდნენ მხარს. ჩვენთვის გასაგებია, რომ შეიძლება, ბევრი ასეთი ბრალდება დაუსაბუთებელი იყოს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გარკვეული შიში ამ მხრივ არსებობს და გვინდა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა სათანადო ყურადღება დაუთმონ, რათა მუქარა არ განხორციელდეს“.

ალექსანდრე კელთჩევსკი (ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი): „არჩევნების მეორე ტური უფრო პოზიტიური იყო, ვიდრე პირველი. მედია გარემოც და გაშუქებაც უფრო დაბალანსებული იყო. რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ არ არსებობს საქართველოში საერთო საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უნდა არეგულირებდეს არჩევნების მეორე ტურს.“

ახალი ამბები