კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკური უმცირესობების არჩევანი - საინტერესო ტენდენციები

7 ნოემბერი, 2016
 
გიორგი ჯანელიძე

30 ოქტომბერს საქართველოს 50 ოლქში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ოფიციალური ინფორმაციით, 48 ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. არჩევნების როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ხმაურითა და ინცინდენტებით მარნეულის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნები გამოირჩეოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ცნობით, სოფელ ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. 

Humanrights.ge-ს არქივი ინახავს ვიდეო-აუდიო მასალას, რომელიც ასახავს 2010-2011 წლებში ჩატარებულ არჩევნებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა დამოკიდებულებას ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ იორმუღანლოსა და მის მიმდებარე სხვა სოფლებში. ამ კადრებში, ისევე, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უნბებში გადაღებულ საარქივო ვიდეომასალაში, ხშირად გაისმის აგიტატორთა და კომისიის წევრთა გადაძახილები - „ბეშ, ბეშ!“ რაც აზერბაიჯანულ ენაზე „ხუთს“ ნიშნავს. იმ დროს ხელისუფლების სათავეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო თავისი უცვლელი საარჩევნო ნომრით - 5.

სიტუაცია იმავე სოფლებსა და მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებში შეიცვალა 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ბევრად უფრო მეტი ხმა მისცეს ოპოზიციურ პარტიებს. ხოლო  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა სენსაცია, როდესაც ოპოზიციურმა კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკმამედ იმამკულიევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში დაამარცხა „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამაზ ნავერიანი. საბოლოოდ, ამ ოლქში, ორი ტურის ჯამში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, თამაზ ნავერიანმა 72,15%-ით სძლია ნაციონალ აკმამედ იმამკულიევს (27,85%), მაგრამ ამ მონაცემებიდანაც ჩანს, რომ ოპოზიციურ მაჟორიტარ კანდიდატებს, სხვა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით,  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მეტი ხმა მისცეს. საყურადღებოა კიდევ  ერთი მონაცემი - პროპორციულ აჩევნებში მარნეულში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 47,41%-ით დაამარცხა „ქართული ოცნება“ (41,27%). ეს მაშინ, როცა ამავე მუნიციპალიტეტში, 2012 წელს, ენმ-მ 79,1%-16,35% მოუგო „ქართულ ოცნებას“. 2008 წელს კი, ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში მარნეულის მოსახლეობის წილი 82,55% იყო გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელმაც თავის მხრივ, მხოლოდ 6,31 % მოაგროვა.  

Humanrights.ge კომენტარითვის ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი ზესაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეთნიკურ გარემოებებზე ხაზგასმა სწორად არ მიაჩნია და დასძინა: „ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკა და განსხვავებაა გააჩნია, მათ შორის, ეთნიკური, რელიგიური კუთხით და სხვა. თუმცა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც სამეცნიერო კვლევის დონეზე უნდა იქნას შესწავლილი. ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი უნდა გაკეთდეს“. 
                 
2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით,  საქართველოს მოსახლეობის 6,3% ეთნიკური აზერბაიჯანელია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში 344 საარჩევნო უბანი შეიქმნა, აქედან 207 ქართულ-აზერბაიჯანული სოფელია.

ახალი ამბები