კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერიის ინიციატივა - ლიფტი შშმ პირებისთვის

15 ნოემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 წლის ვიქტორ ქარქიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, იგი ქ. გორში 5 სართულიან კორპუსის მეოთხე სართულზე ცხოვრობს, მას ყოველდღიურად უწევს სახლიდან გამოსვლა და ამბობს, რომ სახლიდან ეზოში ჩამოსვლა უფრო უჭირს, ვიდრე -  ქალაქში გადაადგილება.

„პარა მოცეკვავე ვარ და ყოველ დღე მიწევს გარეთ გასვლა. ხშირად ცეკვის რეპეტიცია გამიცდენია იმის გამო, რომ კიბეზე ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. სახლიდან ხელში აყვანილი ჩამოვყავარ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. თუმცა, ხანდახან თხოვნაც მიძნელდება, რადგან ყოველთვის ვერ დაავალდებულებ ვერც ოჯახის წევრებს და ვერც მეგობრებს, ყველას თავის საქმე აქვს. ქალაქში გადაადგილებას რაც შეეხება, ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორდა. ძირითადად ადაპტირებულია გარემო და ეტლით დამოუკიდებლად დავდივარ“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას ვიქტორ ქარქიშვილი.

ვიქტორ ქარქიშვილის მსგავსად, სახლიდან ეზოში ჩამოსვლა ასევე პრობლემა იყო ლამზირა მელიქიძისთვის, თუმცა გორის მერიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტიდან 1950 ლარი გამოყო ელიოზიშვილის ქუჩის №15-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე შშმ პირის საჭიროებებზე გათვლილი ლიფტის გასაკეთებლად, რის შემდეგაც ქალბატონი ლამზირა დამოუკიდებლად გადაადგილდება.

„23 წელია, რაც შშმ პირი ვარ და დღემდე მეზობლებს ვაწუხებდი, რადგან დამოუკიდებლად სახლიდან გამოსვლა არ შემეძლო. ლიფტის დამონტაჟების შემდეგ საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას ვახერხებ, რაც ძალიან მიხარია. მადლობა ჩვენს მერს, რომელმაც დანაპირები სწრაფად შეასრულა“, - აღნიშნა ლამზირა მელიქიძემ.

გორის მერი არ გამორიცხავს, რომ ანალოგიური ლიფტები მერიამ მაღალ სართულებზე მცხოვრებ შშმ პირებსაც დაუმონტაჟონ, თუმცა მანამდე სათანადო სახსრების მოძიების პრობლემა დგას. 

,,შშმ პირების გერემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა გორის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი სოციალური ბიუჯეტი 820 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 210 000 ლარი შშმ პირების დახმარებისთვისაა გათვალისწინებული. აღნიშნული თანხით ფინანსდება 11 სოციალური პროექტიც, რომელთა ბენეფიციარები სწორედ შშმ პირები არიან. გარდა ამისა, მერიის მიერ 2014 წლიდან განხორციელებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ქალბატონი ლამზირას სამაგალითო აქტიურობის შედეგად, შესაძლოა, ლიფტების დამონტაჟება სხვა სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვისაც დავიწყოთ“, - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა. 

ვიქტორ ქარქიშვილს იმედი აქვს, რომ მის საცხოვრებელ კორპუსშიც დამონტაჟდება სპეციალურ საჭიროებებზე გათვლილი ლიფტი. იგი ასევე იმედოვნებს, რომ მისი კორპუსის ბინათმესკუთრეთა ამხანაგობა მხარს დაუჭერს და თანადაფინასებაშიც მიიღებს მონაწილეობას. 

,,ძალიან კარგი და ინოვაციური პროექტია და იმედი მაქვს, რომ ყველა შშმ პირი შეძლებს პროექტით სარგებლობას.  ჩვენი საზოგადოებაში ინტეგრაცია დაკავშირებულია გარემოს ადაპტირებასთან. თუ პროექტი გაგრძელდება, ბევრი მეგობარი ჩემ მსგავსად გამოვა გარეთ და გახდება საზოგადოების სრულყოფილი წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ბინის ამხანაგობის სრული შემადგენლობა ამ პროექტს მხარს დაუჭერს, რადგან ყველა მიცნობს და ყველამ იცის მეტ-ნაკლებად ჩემი პრობლემის შესახებ”, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბარში ვიქტორ ქარქიშვილი.

ქალაქის მერი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე, შშმ პირების საჭიროებებზე გათვლილი ლიფტების უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, შემდეგ უკვე დაიწყება მისი დანერგვა ქალაქის მასშტაბით ყველა იმ კორპუსში, სადაც შშმ პირი ცხოვრობს. ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ შშმ პირების საჭიროებაზე გათვლილი ლიფტების საკითხის გადაჭრას მთლიანად მერიის ბიუჯეტით შეეცდება და თანადაფინანსების პროგრამა აღარ იქნება საჭირო.

ახალი ამბები