კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“ - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

17 ნოემბერი, 2016
 
ლანა გიორგიძე 

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ოფიციალური მიღება გამართა. მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. განსხვავებულია ჩვენი ეროვნება, კულტურა, ტრადიცია, მწრამსი, რაც, დიდწილად, ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, ამიტომ ტოლერანტობა, შესაბამისად, ერთმანეთის პატივისცემას გულისხმობს. ჩემთვის ტოლერანტობის, შემწყნარებლობის საუკეთესო ცოცხალი მაგალითი - უნიკალური ძეგლი ჩვენი დედაქალაქის შაგულში, ძველი თბილისია. აქ ყველაზე თვალსაჩინოა, რომ ჩვენი მრავალფეროვნება მართლაც ჩვენი სიმდიდრეა. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მეამაყება ძველი თბილისი, მეამაყება, როგორც ჩვენი ისტორიის დღევანდელობისა და მომავლის სახე. იგი იმ საქართველოს სიმბოლოა, რომელიც მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის მძლავრ ტრადიციებზე დგას და მიისწრაფვის, ამ საძირკველზე დააშენოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მიღების გახსნისას და შეკრებილ საზოგადოებას ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე გამოიფინა ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლოს“ გამარჯვებული ფოტოები. ფოტოების ავტორებს სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ხელმძღვანელმა რამაზ აფციაურმა სიგელები და USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. ამავე ფოტოების გამოყენებით დაგეგმილია 2017 წლის სამაგიდო კალენდრების გამოცემაც. 

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის მხარდაჭერა. ფოტოკონკურსში, ერთი მხრივ საინტერესო იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაციის, მეორე მხრივ, მათი კულტურის, რეგიონებისა და რეგიონების მთავარი მახასიათებლების ასახვა“, - განაცხადა ფოტოკონკურსის ჟიურის წევრმა, კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,  ირინე საგანელიძემ.  

ფოტოკონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტია. 

„ფოტოკონკურსის შესახებ ინტერნეტით გავიგე და გავაგზავნე ჩემ მიერ გადაღებული ფოტო. ფოტოზე ასახულია პატარა გოგონა, რომლის თვალებში კარგად ჩანს საქართველოში მცხოვრები ბოშების მძიმე სოციალური მდგომარეობა“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ლუკავამ.

მიღებაზე ასევე, გაიმართა ვიდეორგოლების ჩვენება ასოცირების ხელშეკრულებისა და განათლების საერთაშორისო პროგრამების შესახებ. 

„სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, რადგან ეს დღე საფუძვლად უდევს ჩვენს პოლიტიკას. ჩვენ, მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. ეს არის პირველი წელი, როდესაც მოქმედებს ახალი სტრატეგია, რომელიც 2015 წლის ზაფხულში მივიღეთ და მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკასა და მის პრიორიტეტებს. ძალიან დიდი აქცენტები კეთდება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებაზე, რაც წინაპირობაა სხვადასხვა სფეროში სრულფასოვანი ჩართულობის. ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა მედიაზე ხელმისაწვდომობას. სტრატეგიის განსაკუთრებულ ფოკუსს წარმოადგენს მცირე ეთნიკური ჯგუფები და გენდერული მეინსტრიმინგი, რაც მანამდე არ იყო სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს 20 ნოემბერს დახურავს მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, რომელიც ბათუმში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს სამუსიკო სკოლების (ქუთაისი, სამტრედია, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი) და ოზურგეთის სოციალურად დაუცველ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. 

ახალი ამბები