03:05, Friday, 10.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე ადმინისტრაციული საჩივრების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა

08.12.2016

 
ნათია გოგოლაშვილი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საჩივრების განხილვის მექანიზმების მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრობის მიმართ არსებულ კითხვებს ასახელებს. საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტებისა და საჩივრების დაუკმაყოფილებლობის ტენდენციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზგასმით მიუთითებს.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ 10 უბნის არჩევნების შედეგები გააუქმა და 4 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დანიშნა. თუმცა, ბევრი საჩივარი, რომელიც შემაჯამებელ ოქმებში არაზუსტი ციფრებისა და გაუქმებული ბიულეტენების მაღალი რიცხვის გამო ხმების ხელახლა გადათვლასა და გაუქმებას შეეხებოდა, არ დაკმაყოფილდა. საარჩევნო ადმინისტრაციის მტკიცებით, ეს ინციდენტები არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნებზე საპარლამენტო მანდატების ბედი საკმაოდ მცირე რაოდენობის ხმებმა გადაწყვიტა, პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად განსაკუთრებული ყურადღება, გამჭვირვალობა და თანამიმდევრულობა იყო საჭირო“, - ვკითხულობთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

NDI-ს რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო საჩივრების განხილვაზე პასუხისმგებელმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლომ დროულად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იმოქმედოს და, საჭიროების შემთხვევაში, საჩივრების დაკმაყოფილების ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა არჩევნების მიმდინარეობისას სულ 14 საჩივარი დაარეგისტრირეს. საჩივრები მომზადდა შემდეგ ძირითად დარღვევებთან დაკავშირებით: კომისიის წევრთა ნაწილის ჩართულობა ამომრჩევლებთან პოლიტიკურ დისკუსიებში; დამკვირვებლები ხშირ შემთხვევებში საარჩევნო უბანზე შესვლის ნებას აძლევდნენ პირს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული; იყო შემთხვევები, როცა დამკვირვებლებს არ უშვებდნენ საარჩევნო უბნებზე; შენობაში, სადაც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, არ იყო გამოკრული სადემონსტრაციო ოქმი; კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისას, კომისიის წევრმა არ დაწერა ახსნა-განმარტება; გადასატან ყუთში არ მოათავსეს საკონტროლო ფურცელი; მარკირების პროცედურის არ მიმდინარეობდა დადგენილი წესით და სხვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ანა გურიელის თქმით, საჩივართა უმრავლესობა დაკმაყოფილდა რეგისტრაციისთანავე, დაუკმაყოფილებელი საჩივრები კი, საოლქო საარჩევნო კომისიებში გასაჩივრდა. 

8 ოქტომბერს მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ანა გურიელმა დააფიქსირა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის ფაქტები. აღნიშნული დარღვევა ადგილზე არ აღმოიფხვრა, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივარი ზემდგომ ორგანოში - მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა. საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული საჩივრის განხილვა უნდა მომხდარიყო კონკრეტული ვადების დაცვით. საჩივრის განხილვამდე, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იყო, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის, როგორც საჩივრის ავტორისთვის, ეცნობებინა საჩივრის განხილვის დრო, მინიმუმ სამი საათით ადრე. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს. ამ განაწესს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს. 

ანა გურიელის თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მხოლოდ სარჩელის განხილვის შემდგომ შეატყობინა, რომ იგი არ დაკმაყოფილდა: „მთელი დღის განმავლობაში ჩემთან დაკავშირება არ მომხდარა. მხოლოდ დღის ბოლოს, დაახლოებით, 7 საათის შემდეგ, როცა საჩივრის განხილვის პროცედურა იყო დასრულებული, საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი დამიკავშირდა და შემატყობინა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი უკვე განიხილეს და არ დააკმაყოფილეს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას შედგენილი ჰქონდა მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრის განხილვამდე დაუკავშირდა საჩივრის ავტორს და შეატყობინა საჩივრის განხილვის დრო. აქტში წერია, რომ ჩემთან დაკავშირება მოხდა ტელეფონით. საჩივრის განხილვის დროდ კი მითითებული აქვთ 18 სთ 00 წუთი, ხოლოდ მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტის შედგენის დროდ - 14 სთ და 20 წთ. შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ ეს აქტი ფორმალურად იყო შედგენილი. ჩვენ, ბუნებრივია, მივმართეთ შესაბამისს ოპერატორს - მაგთიკომს, რათა დაგვედასტურებინა ის გარემოება, რომ 9 ოქტომბერს 18:00 საათამდე ნამდვილად არ შემოსულა კომისიის არც ერთი წევრისაგან ჩემს ტელეფონზე ზარი“.

ასევე, დარღვევა დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს უბანზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს გიორგი ტყებუჩავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დამკვირვებელი ცდილობდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილისთვის მიეთითებინა კონკრეტული დარღვევის შესახებ, რასაც მის მიმართ აგრესია მოჰყვა. ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიეცა შესაძლებლობა, დაეწერა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაგრამ მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ, განცხადებით ცესკოს მიმართეს. ცესკომ ეს საჩივარი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადააგზავნა და მათ მოსთხოვა რეაგირება. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ გიორგი ტყებუჩავას მიმართ იგი ვერ ხედავდა ფიზიკური ანგარიშსწორების ნიშნებს და, შესაბამისად, ვერ ხედავდა საფუძველს, რის გამოც უნდა დამდგარიყო კონკრეტული პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. ამის შემდგომ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა აღნიშნული საქმე, ადმინისტრაციული წესით, გაასაჩივრა ცესკოში. ცესკო საქმეს 9 დეკემბერს განიხილავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქმე სისხლის სამართლის კუთხითაც აღიძრა, მაგრამ პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმის წარმოება შეწყვიტა. 

არჩევნების პირველი ტურის დროს, საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის დამკვირვებლების მიერ წარდგენილ იქნა საჩივრები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის 443 ფაქტთან დაკავშირებით. მეორე ტურის დროს კი - საოლქო 79 ფაქტთან დაკავშირებით.

საიას მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო დავების განხილვისას გამოვლინდა საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტებისა და საჩივრების დაუკმაყოფილებლობის ტენდენცია: „როგორც საარჩევნო კომისიები, ასევე სასამართლოები საარჩევნო კანონმდებლობის ჩანაწერებს ძალიან ვიწროდ განმარტავდნენ, რაც, ფაქტობრივად, მათთან წარდგენილი საჩივრების დაუკმაყოფილებლად დატოვების საფუძველი ხდებოდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ასეთი მიდგომა არა საქმეზე კანონიერების/მართლმსაჯულების დადგენას, არამედ საჩივრების თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად.  მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა, ზემდგომი საარჩევნო კომისიები მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს უფარდებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს და არ ახდენდნენ საჩივარში დაყენებული სხვა კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას“.

საიას შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საუბნო და საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების წევრების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების გადახედვა-დახვეწას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. მნიშვნელოვანია სისტემური საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის კუთხით რეფორმის განხორციელება. 

აღსანიშნავია, რომ საიას ანგარიშშიცაა საუბარი ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე: „საოლქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით არ ატარებდნენ ადმინისტრაციულ წარმოებას. მაგალითად, არ იბარებდნენ საჩივრის ავტორებს საჩივრის განხილვაზე (ისნის ოლქი), არ ახდენდნენ სხდომის მიმდინარეობისას ოქმების შედგენას (კრწანისის ოლქი), არ ასაბუთებდნენ მიღებულ განკარგულებებს“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით  საოლქო საარჩევნო კომისიებში 244 საჩივარი წარადგინა. აქედან 93 საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, 40 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 90 არ დაკმაყოფილდა და 20 საჩივარი არ განიხილეს.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაწერილი საჩივრების უმეტესობაში დაყენებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი მათ მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. 4 შემთხვევაში მოთხოვნილი იყო კენჭისყრის შედეგების ბათილობა; ორმოცდაერთ შემთხვევაში საჩივრების მოთხოვნას წარმოადგენდა შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა; წარდგენილი საჩივრებიდან 91 ეხება შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას. ISFED-ის შეფასებით, საჩივრების განხილვის დროს გარკვეული საარჩევნო ოლქები არ ახდენდნენ მტკიცებულებების სათანადოდ შესწავლას, მოწმეთა და საუბნო კომისიის წევრთა დაბარებას და შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევას. ცალკეულ შემთხვევებში ორგანიზაციის დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ საშუალება საჩივრების განხილვის პროცესში სრულფასოვნად ჩართვის.

ფოტო: მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი აქტი.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC