კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაჯარიმდებიან თუ არა პოლიტიკური პარტიები

8 დეკემბერი, 2016
 
ლანა გიორგიძე

ერთ თვეზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველი და მეორე ტური დასრულდა. თუმცა, დედაქალაქის ქუჩებში და არამარტო, კვლავ შეხვდებით პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად კი, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნას სააგიტაციო მასალა.  

„საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი განსაზღვრავს სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებულ საკითხებს. მე-8 პუნქტის თანახმად, შესაბამის საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. სანქციების დაწესების უფლებამოსილება, კანონმდებლობის თანახმად, არ აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამ საკითხზე პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ისინი განსაზღვრავენ იმ შენობა-ნაგებობებს, სადაც შესაძლებელია, განთავსდეს სააგიტაციო მასალა“, - აღნიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ humanrights.ge-სთან საუბრისას.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ცენტრალურ უბნებში უკვე დაიწყო პლაკატების ჩამოხსნა.
„პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ სააგიტაციო მასალა ჩამოხსნან, მათ შორის პლაკატები. თუმცა, ამ თვალსაზრისით ჯერჯერობით მაღალი აქტივობა არ შეინიშნება. ჩვენ ცენტრალურ უბნებში უკვე დავიწყეთ ”თბილსერვისის” შესაბამისი ჯგუფების მობილიზება და პლაკატების ჩამოხსნა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ humanrights.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 1 დეკემბრიდან ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად ახორციელებს მონიტროინგს ქალაქის მასშტაბით და ყველა გამოვლენილ დარღვევაზე კანონით გათვალისწინებულ ზომებს ატარებს.

„2016 წლის 16 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურად დასრულების დღეს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წერილობით გაფრთხილებულ იქნა ყველა საარჩევნო სუბიექტი (პოლიტიკური პარტიები) და მიეცა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადა საარჩევნო-სააგიტაციო მასალის ე.წ. „პლაკატების“ ჩამოსახსნელად. აღნიშნული 15 დღიანი ვადა 2016 წლის 1 დეკემბერს გავიდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგს ქალაქის მასშტაბით და ყველა გამოვლენილ დარღვევაზე ატარებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი)“, - აღნიშნულია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათ წერილობითი გაფრთხილება მისცა.
„მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ადმინისტრაციული სამართალწარმოების ოქმი სააგიტაციო მასალის შესახებ 2 დღის წინ მივიღეთ. ოქმი დათარიღებულია 2 დეკემბრის რიცხვით. ოქმში მითითებული იყო კონკრეტული ინფორმაცია, თუ სად უნდა ჩამოგვეხსნა ე.წ. „პლაკატები“. ქალაქის მასშტაბით უამრავი პლაკატი იყო გამოკრული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ჩამოვხსენით, ზოგ ადგილზე, ალბათ, გამოგვრჩა“, - განაცხადა პარტია  „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მანანა მურღულაიამ humanrights.ge-სთან საუბრისას.

იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის პლაკატების ჩამოხსნის ბოლო ვადად 1 დეკემბერი განისაზღვრა, ქუჩებში ჯერ კიდევ შეხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო მასალებს. მსგავსი პრობლემა 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც დაფიქსირდა. ამის გათვალისწინებით,  დაუსჯელობისა და საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტები კვლავ გრძელდება. 

ახალი ამბები