კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის №67-ე სკოლის დირექტორისა და პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს

23 დეკემბერი, 2016
 ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, გაატაროს მკაცრი ადმინისტრაციული ზომები და სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტოს ქ. თბილისის №67-ე სკოლის დირექტორს და ამავე სკოლის პედაგოგს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის დამრიგებელს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს მოქალაქეს, რომელიც ითხოვს მისი შვილისთვის განათლების სრულფასოვანი მიღებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფროსკლასელ რ.ი.-ს აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. ამას თან ერთვის თანაკლასელთა მხრიდან სისტემატიური ფიზიკური და ვერბალური ძალადობა, რასაც ხელს უწყობს სკოლის დირექტორის, დამრიგებლისა და სხვა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობა. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, რ.ი.-ს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაუწესოს შეღავათები მისი სწავლისა და აღზრდისთვის აუცილებელი პირობების შესაქმენლად. თუმცა, რეალურად არ ხორციელდება ისეთი ძირითადი უფლების დაცვაც კი, როგორიცაა სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლეების უსაფრთხოება.  
 
მთავარი პრობლემა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობაა. 2015 წლის დეკემბერში ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მშობლის, ი.შ.-ს განცხადების საფუძველზე, მშობლის თანდასწრებით გააფრთხილეს რ.ი.-ს თანაკლასელი, რათა შემდგომში აღარ მიეყენებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლასელისთვის შეურაცხყოფა და დაეცვა სკოლის შინაგანაწესი. ამის მიუხედავად, ძალადობა ისევ პერმანენტული ხასიათის იყო, კვლავ გრძელდებოდა რ.ი.-ს მიმართ ბულინგი.

2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისამდე მოსწავლე რ.ი. არ ცხადდებოდა სკოლაში, ვინაიდან მისთვის გაუსაძლისი იყო დაცინვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტად ყოფნა. 

ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, შშმ ბავშვების მიმართ სახელმწიფომ ყველა ზომებს უნდა მიმართოს, რათა შშმ ბავშვები სხვა ბავშვების თანასწორად სარგებლობდნენ ადამიანის უფლებებითა და ყველა ფუნდამენტური თავისუფლებით. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 ნაწილით, მოსწავლეს უფლება აქვს, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.  ამავე კანონის მე-20 მუხლით, სკოლა ვალდებულია, ძალადობის, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

რ.ი.-ს უფლებებისა დასაცავად არ ხორციელდება არც საერთაშორისო და არც ეროვნული კანონმდებლობის დათქმა, ვინაიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების უმოქმედობის გამო ვერ აღიკვეთა მის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. ამის გამო რ.ი. სკოლაში თვეების განმავლობაში არ გამოცხადებულა. შედეგად დაირღვა მისი განათლების უფლება.

შშმ მოსწავლე რ.ი. დღესაც უარს ამბობს სკოლაში სწავლაზე, რისი მიზეზიც მის მიმართ განხორციელებული გაუსაძლისი დაცინვა და ფიზიკური შეურაცხყოფაა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი განათლების მინისტრისგან მოითხოვს, გატარდეს მკაცრი ადმინისტრაციული ზომები და სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდეს პირებს, რომლებიც უმოქმედობით მონაწილეობას იღებენ შშმ მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები