კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო მიმართვა: საქართველოს მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე

11 იანვარი, 2017
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (NHC)
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)
 
თბილისი, ოსლო, პარიზი, 10.01.2017.
 
საქართველოს მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (NHC) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამოსავლენად, მათ შორის, განაახლოს საგამოძიებო მოქმედებები, უზრუნველყოს დაზარალებულთა ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე და ინფორმაცია მიაწოდოს დაზარალებულებს, ეროვნულ სამართალწარმოებაში მათი ეფექტური მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით.
 
2016 წლის 21 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სადაც გაესაუბრნენ 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულებს. მათ შორის იყვნენ ის პირები, რომელთა სახელითაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2015 წელს განცხადებით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში, ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით.
 
აღნიშნულმა ვიზიტმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ საწყისი, უმნიშვნელო სამუშაოებია ჩატარებული. წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოები არანაირ კომუნიკაციაში არ იმყოფებიან ომის შედეგად დაზარალებულებთან. მათთან საგამოძიებო ორგანოებს ურთიერთობა, სავარაუდოდ, ჰქონდათ მხოლოდ ერთხელ - 2008-2009 წლებში, როდესაც მოქალაქეებმა შეადგინეს პირველადი განცხადებები პროკურატურის ან პოლიციის სახელზე. ამის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებს დაზარალებულთათვის, არასოდეს მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რა სტადიაზეა გამოძიება და რა კონკრეტული მოქმედებები მიმდინარეობის ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებმა არც კი იციან, აქვთ თუ არა მინიჭებული ეს სტატუსი პროკურატურის მიერ. ამის შესახებ მათ პირველად  ადამიანის უფლებათა ცენტრისგან შეიტყვეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერესების დაცვის ქვეშ მყოფი 193 მოსარჩელიდან, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 32 ადამიანს აქვს. თუმცა, აღნიშნულ პირებსაც კი არ აქვთ საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა.
 
დაზარალებულთა დიდ ნაწილს საერთოდ არ სმენია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ და არც ის იციან, რომ სასამართლოს დაწყებული აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყება არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გათავისუფლებულია ვალდებულებისაგან, გამოიძიოს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულები.
 
რომის სტატუტიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას მიეკუთვნება „საერთაშორისო სამართლის ყველაზე სერიოზული დანაშაულები“, როგორიცაა - გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და ომის დანაშაულები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა ნაწილი კი, შესაძლოა, არ პასუხობდეს აღნიშნულ კრიტერიუმებს, მაგრამ მათ უმძიმესი ზარალი განიცადეს ომის შედეგად - დაუზიანდათ ჯანმრთელობა, დაკარგეს უძრავ-მოძრავი ქონება, საკუთრება და ა.შ.
 
საერთაშორისო სისხლის სამართლის კომპლემენტარულობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში აწარმოოს გამოძიება. საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით არღვევს აღნიშნულ პრინციპს და მრავალი დაზარალებულის უფლებას.
 
მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების მიმართულებით:
• დაიწყოს ან განაახლოს კომუნიკაცია დაზარალებულებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და სტადიის შესახებ;
• უზრუნველყოს დაზარალებულების ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე, შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში;
• მსხვერპლებს, რომლებიც დღემდე არ არიან ცნობილი დაზარალებულებად, მიანიჭოს შესაბამისი სტატუსი;
• შეაგროვოს და გააანალიზოს დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები;
• მოიძიოს ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავეთა დასადგენად და მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ.
 
აღნიშნული სამუშაო მნიშვნელოვანი იქნება ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებისთვისაც, რომელიც თავის მხრივ, გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და საგამოძიებო ორგანოებთან.

ახალი ამბები