კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენმ-ს რამდენიმე წევრი პარტიული სიიდან მოხსნილია

12 იანვარი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

6 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რამდენიმე თანაპარტიელის პარტიული სიიდან ამოღების მოთხოვნით მიმართა. პარტიის ის წევრები, რომლის სიიდან ამოღებასაც სერგო რატიანი ითხოვდა, არიან: ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დათო კირკიტაძე, ნუგზარ წიკლაური, ომარ მეგრელიძე და ირაკლი ნადირაძე. ეს გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პარტიაში შექმნილი ვითარებით ახსნა. 

როგორც humanrights.ge-ს ცესკოში განუცხადეს, აღნიშნული თემის განსახილველად სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ ეს პირები ავტომატურად მოიხსნებიან ენმ-ს პარტიული სიიდან. 

საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან ცესკოს განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში იხსნება. თუ განცხადება ამ ვადაში არ დააკმაყოფილა ცესკომ, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

ვინაიდან ცესკოში ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის მიერ მოთხოვნა 6 იანვარს იქნა წარდგენილი, დღეისათვის პარლამენტის წევრობის ყველა ზემოხსენებული კანდიდატი (ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დათო კირკიტაძე, ნუგზარ წიკლაური, ომარ მეგრელიძე და ირაკლი ნადირაძე)  პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება.

სერგო რატიანის განმარტებით, პარტიული სიიდან ამოღებული არიან ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს თვითგამოცხადებული საორგანიზაციო კომისია, რომელმაც ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ ის ითავსებს პოლიტსაბჭოს უფლებამოსილებას. „ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიაში შეიქმნა პარტიის გახლეჩვის, გაყოფის ფორმალური წინაპირობა, როდესაც პარტიას მართავს არა პოლიტსაბჭო, არა სამდივნო, არამედ - საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც ყრილობას ამზადებს. ეს მომავალი ყრილობის ლეგიტიმაციას უქმნის საფრთხეს",  - განაცხადა რატიანმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ პარტიას უფლება არ აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს, ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. 
 

ახალი ამბები