კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავარმა პროკურატურამ დაკავებული დეკანოზი და მისი ადვოკატი გაუთქმელობის ვალდებულებისაგან უნდა გაათავისუფლოს

16 თებერვალი, 2017
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაანთავისუფლოს დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატი გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულეებისაგან და მისცეს მხარეს საშუალება, ეფექტურად გამოიყენოს დაცვის მექანიზმი. 

დაკავებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს, ასევე მისი ინტერესების დამცველ  ადვოკატებს პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა, რის გამოც ამ ეტაპზე საზოგადოებისათვის უცნობია დაკავებულის პოზიცია. ამავე დროს, მედიაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები პროკურატურის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა დეკანოზი მკვლელობას ამზადებდა. სამწუხაროა, რომ ბრალდების დრამატიზებას ხელი შეუწყო მთავრობისა და პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა, თითქოსდა მზადდებოდა და აღიკვეთა თავდასხმა კათოლიკოს-პატრიარქზე. 

მთავარი პროკურატურა არ აკონკრეტებს, თუ ვის მკვლელობას ამზადებდა დაკავებული, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მედიისთვის აზუსტებს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ნახსენები იყო მაღალი იერარქიის სასულიერო პირი. დაზუსტებული ინფორმაციით, საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი და მით უფრო - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. პროკურატურა საუბრობს „ერთ-ერთ პირზე“, რომელსაც როგორც ჩანს, საერთოდ არა აქვს სასულიერო წოდება. 

ასეთ ვითარებაში, დაცვის მხარის იძულებითმა დუმილმა შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს საზოგადოების წინასწარი აზრის ფორმირებაზე და საფრთხე შეუქმნას სამართლიან და მიუკერძოებელ სამართალწარმოებას აღნიშნულ საქმეზე. 

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ გაუთქმელობის ხელწერილი გულისხმობს საქმის შინაარსის გაუთქმელობას და არა ბრალდებაზე დუმილს.  

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა ცალმხრივად აგრძელებს საქმის დეტალების გახმაურებას. საჯარო განცხადებებს აკეთებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები, რომლებიც რეალურად ამყარებენ პროკურატურის ვერსიას. ამ დროს, დაცვის მხარეს ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის ხელწერილზე, რომლის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის უფლებამოსილია, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები,  და გააფრთხილოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

აღნიშნული მუხლის ინტერესია, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო, რათა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გზით, საფრთხე არ შეექმნას პროცესის მონაწილე პირებს და მტკიცებულებებს, არ მიიმალონ დანაშაულის ჩამდენი პირები ა.შ.  

ასეთ შემთხვევაში პროკურატურა ვალდებულია, თავადაც დაიცვას ინფორმაცია გახმაურებისაგან. გაუთქმელობის ხელწერილი არ უნდა აყენებდეს არათანაბარ მდგომარეობაში მხარეებს და არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ მიუკერძოებელ სამართალწარმოებას. ამავე დროს, პროკურატურამ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული და მისი დამცველი გაუთქმელობის ვალდებულებისაგან და განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა მიზნით დაეკისრა მხოლოდ ერთ მხარეს ეს ვალდებულება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი


ახალი ამბები