კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუის-ურბნისის მონაკვეთზე გარევაჭრობა აიკრძალა

16 თებერვალი, 2017
ლადო ბიჭაშვილი ,შიდა ქართლი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის რუის-ურბნისის მონაკვეთზე მოვაჭრეების ნაწილმა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. თვითმმართველობის პირველმა პირებმა მათ ბიძინა ივანიშვილის კომპანია ,,ატუს" მიერ აშენებულ კეთილმოწყობილ სავაჭრო ობიექტზე გადასვლა შესთავაზეს. ავტობანის რუსის მონაკვეთზე აშენებული  ნახევრად დახურული სავაჭრო ობიექტი  ბიძინა ივანიშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩუქრად გადასცა.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ მოვაჭრეებისთვის ახალ ბაზარში კარგი პირობებია, ხოლო მანამდე თვითნებურად შექმნილ სავაჭრო დახლებზე ანტისანიტარია იყო.  ამავდროულად, მოვაჭრეების უსაფრთხოებაც არ იყო დაცული.

,,გარევაჭრობა მთავრობის დადგენილებით აიკრძალა, სხვა დამატებითი დადგენილება ამისთვის თვითმმართველობას არ მიუღია, ჩვენ მოვაჭრეებს ვთავაზობთ უკეთეს პირობებს, სადაც გაყიდიან მოყვანილ მოსავალს", - ამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი.

ავტომაგისტრალის ურბნისის მონაკვეთზე მოვაჭრეების განცხადებით, ახალი ბაზარი მათთვის მიუდგომელია, რადგან გზა და ხარჯი ბაზრამდე მისასვლელად გაეზრდებათ. მოვაჭრეები კიდევ ერთ გარემოებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ახალ ბაზარში მყიდველი სპეციალურად უნდა შევიდეს, რადგან ცენტრალური მაგისტრალიდან მათ დახლებზე გასაყიდად გამზადებული პროდუქტი არ გამოჩნდება.

მედეა ასლანიშვილი მოვაჭრე: ,,კარგია, რომ კეთილმოწყობილი პირობებს გვთავაზობენ, თუმცა არის რამდენიმე განსხვავება. ძველ ადგილზე, სადაც ვიდექით, გზაზე მოძრავი ავტომანქანებიდან ხედავდნენ ჩვენს პროდუქტს და აჩერებდნენ. ახალ ბაზარში საყიდლად კი სპეციალურად უნდა შემოვიდნენ. ურბნისში მცხოვრებლებისთვის უფრო ხელსაყრელია გორის ბაზარში ჩავიდეთ და იქ გავყიდოთ მოწეული მოსავალი, მით უფრო, ახალ ბაზარში გადასახადის გადახდა მოგვიწევს".

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ზვიად დაბრუნდაშვილის თქმით, გამგეობა ვაჭრობის მოსაკრებელს იმ რაოდენობით განსაზღვრავს, რომელიც შენობის მოვლა-პატრონობისთვის იქნება საკმარისი.

,,ეს სავაჭრო ბაზარი გაკეთდა იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაყიდოს და იყიდოს ნორმალურ პირობებში, სადაც არ იქნება ანტისანიტარია. სავაჭრო ობიექტით გამგეობამ არ აპირებს მოგება მიიღოს, მოვაჭრეების გადასახადი განისაზღვრება იმ რაოდენობით, რაც ობიექტის მოვლა-პატრონობის და სისუფთავისთვის იქნება საკმარისი",- აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცენტრალური მაგისტრალის რუის-ურბნისის მონაკვეთზე მოვაჭრეებს ბოლო რამდენიმე თვის განმვლობაში არაერთხელ შესთავაზა ახალ სავაჭრო ობიექტში გადასვლა, თუმცა მოვაჭრეები თავს იკავებდნენ და პროდუქტის რეალიზაციას ძველ სავაჭრო ადგილებზე აგრძელებდნენ.   13 თებერვალს მოვაჭრეებს ავტომაგისტრალზე დამცავი ჯებირები დახვდათ გაკეთებული, რომელიც ავტომანქანებით გამვლელების მათ პროდუქტის შესაძენად მისვლას უკვე გამორიცხავს. დამცავი ჯებირების გაკეთება ცენტრალური მაგისტრალის იმ მონაკვეთებზე მოხდა, სადაც გარევაჭრობა მიმდინარეობდა.

ახალი ამბები