კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულებს აქვთ რეალური შიში, რომ სამსახურებს დაკარგავენ

21 თებერვალი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

17 თებერვალს პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის წევრები არასამთავრობო ორგანზაციათა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები განიხილეს და მომავალში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმები დასახეს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ, რამდენიმე თვეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადადგა და მისი ადგილი ვასილ მაღლაფერიძემ დაიკავა. ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა ტელეკომპანიაში რეფორმების გატარება, რეორგანიზაცია. საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ლაშა მესხის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულებს აქვთ რეალური შიში იმისა, რომ ხვალ მათ კონტრაქტები შეუწყდებათ და უმუშევრად დარჩებიან. მისი აზრით, კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი რეალური გზა დიალოგი და არსებულ საკითხებზე მსჯელობაა.

„გრძელდება ჩვენი შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან, იმ ადამიანებთან, ვისთვისაც სულერთი არ არის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ეს პირველი შეხვედრა არ არის. შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებს: პროფკავშირული ნიშნით დევნას და განსხვავებლი აზრის არმოსმენას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორიყოველთვის იყოს ინფორმირებული, რა ხდება რეალურად საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს ტელევიზია როგორც ამ ადამიანების, ისევე ნებისმიერი საქართველოს გადასახადის გადამხდელი მოქალაქის არის და სწორედ ამ ხალხთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს ტელევიზიაში დასაქმებულებს აქვთ რეალური შიში, რეალური განცდა იმისა, რომ რეალური საფრთხეები ემუქრებათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ამოსავალი წერტილი არის დასქმებული. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულის უფლებები იყოს დაცული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემების გადაჭრის ერთადერთი რეალური გზა არის დიალოგი. ამის გარეშე რთულია, გამოვიდეთ ამ კრიზისული ვითარებიდან“,  - განაცხადა ლაშა მესხმა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა ალექსანდრიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ პროცესები არასწორად განვითარდა. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა რაც მენეჯმენტმა დაუშვა, გოჩა ალექსანდრიას აზრით, ტელევიზიის თანამშრომელთა აზრის უგულებელყოფაა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თავიდანვე, ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ, პროცესები არასწორად და არაკანონიერადგანვითარდა, გათვალისწინებული არ იყო ბევრი ასპექტი: არც თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი მდგომარეობა, არც თანამშრომლების აზრი. მოულოდნელი იყო ის გეგმა, რაც წარმოადგინა ადმინისტრაციამ. ამას, შესაბამისად, მოჰყვა ადეკვატური რეაგირება, დასაქმებულების მხრიდან. საზოგადოების მხრიდანაც სერიოზული პროტესტი გამოითქვა, საზოგადოებამ იხილა ტელევიზიაში პროტესტანტების შესვლის ფაქტიც. პროტესტი დიდი იყო, რადგან საზოგადოება იყო შოკში. ჩემი აზრით, რეაქცია ნორმალური იყო. ამ პროტესტის შემდეგ, ვნახეთ, რომ რეფორმის ვარიანტები შეიცვალა, თუმცა ამას ჯერ-ჯერობით სიცხადე არ შეუტანია საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში. ამ გაუგებრობაში მთავარი არის ის, რომ დასაქმებულებთან, ჟურნალისტებთან, ტექნიკურ პერსონალთან, არ მიმდინარეობს დიალოგი. თითქოს ყველა ყველაფერზე ლაპარაკობს, ყველა თავის აზრს გამოთქვამს, გარდა დასაქმებულების მონაწილეობისა. მათი აზრი უგულებელყოფილია, თითქოს ისინი განაჩენს ელოდებიან, რომელიც სამეურვეო საბჭო მათ გამოუტანს. თანამშროელთა უმრავლესობა მოითხოვს მათი აზრის გათვალისიწნებას. მათ უნდა იცოდნენ ხვალ რა ელით“,  - განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ.

გოჩა ალექსანდრიას თქმით, თუ საზოგაოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თანამშრომლებს გაათავისუფლებს, ამ ადამიანების დასაქმების პრობლემა დადგება, რაც დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა ნაწილს ერთთვიან კონტრაქტებს უფორმებენ და მათთვის უცნობია, გაუხანგრძლივდებათ თუ არა შრომითი კონტრაქტები.
„დღეს მოვისმინეთ ის პრობლემები, რაც არის საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს მიმდინარე მოვლენებს საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიძლება, მოჰყვეს ძალიან ბევრი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რეორგანიზაციისა თუ სხვა ფორმებით. ჩვენ შევეცდებით, რომ მომავალში, თანამშრომლობის რეჟიმში, დავაკვირდეთ ამ პროცესს და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ამ პრობლემების გამოვლენის მიზნით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, ლელა გვიშიანმა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი არის მედიის ძლიერი  პროფკავშირები. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ერთად დადგებიან და რაღაც ორგანიზაციას შექმნიან და თავიანთ მოთხოვნებს დააყენებენ დღის წესრიგში, ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება ეს პროცესი. შესაბამისად, მედიის პროფკავშირების არსებობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, რომ მათ განსაკუთრებით კარგად იციან საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები. ჩვენ ველოდებით მათგან ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნება იმისათვის, რომ ამ ტელევიზიაში დასაქმებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ.

სამოქალაქო სექტორი აქტიურად უჭერს მხარს დასაქმებულთა უფლებებს, თუმცა, როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, მათ სჭირდებათ კონკრეტული ხედვა, საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა მხრიდან, თუ როგორ წარმოაუდგენიათ მათ და ტელევიზიაში დასაქმებულებს ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ გეგმის შესახებ არასამტავრობოებს უახლოეს მომავლაში წერილობით გააცნობენ.

ახალი ამბები