კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში პატიმართა დიდი რაოდენობა პრობლემად რჩება

21 მარტი, 2017
 ლანა გიორგიძე

15 მარტს ევროპის საბჭომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროსაბჭოს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 52 წევრი ქვეყნიდან 47 -მა მიიღო მონაწილეობა.

ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კვლევა ორი ნაწილისაგან შედგება. კვლევის პირველ ნაწილში საუბარია პატიმრობაში მყოფ პირებზე. ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას მსჯავრდებულთა მდგომარეობისა და სასაკნე პირობების შესახებ. ანგარიშის მეორე ნაწილი ფოკუსირებულია პირებზე, რომელებსაც სასჯელის ზომად პატიმრობა არ აქვთ შეფარდებული.

ანგარიშის ორივე ნაწილის მიზანს წარმოადგენს სანდო და თანამედროვე მეთოდოლოგიით მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი ინტერპრეტაცია. კვლევაში შედარებულია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ციხის ადმინისტრაციები და სასჯელაღსრულების დაწესებულებები, რომელთა უმეტესობა - 80 %, გამოკითხული ქვეყნების მიხედვით, ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს.

კვლევის მიხედვით, 2014-დან 2015 წლამდე პერიოდში პატიმრების რაოდენობა ევროპულ ციხეებში 6.8%-ით შემცირდა, თუმცა ციხეებში პატიმართა დიდი რაოდენობა ევროპის 15 ქვეყანაში პრობლემად რჩება. ანგარიშის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებათა 33,3 % გადატვირთულია. 

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ევროპის მასშტაბით პენიტენციურ დაწესებულებებში 1 404 398 ადამიანი იყო განთავსებული, რა მაჩვენებელიც, წინა ანგარიშში მოცემულ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7%-ითაა შემცირებული. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულთა საშუალო ასაკი 2015 წელს 35 წელია, რაც 2012 წელთან შედარებით გაზრდილია, რადგან ეს მაჩვენებელი 34-ს შეადგენდა.

ევროსაბჭოს ანგარიშის მიხედვით, ევროპის 47 ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 5,2 %-ს ქალი პატიმრები შეადგენს, ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 0,2 %-ით არის გაზრდილი. 

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს საქართველოში 10 242 მსჯავრდებული იყო, მათ შორის 320 ქალი მსჯავრდებული. კვლევის მიხედვით, 2015 წელს არასრულწლოვანი ქალი პატიმრები არ ფიქსირდებოდა, ხოლო 18 წლამდე მიუღწეველი მამაკაცების რაოდენობა 52 -ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სრულწლოვანი ქალი პატიმრების, ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში ფიქსირდება - 52 142. სან-მარინოში ეს მაჩვენებელი ნულს უტოლდება, ხოლო ლიხტენშეიტინის პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ ერთი ქალი მსჯავრდებულია. არასრულწლოვანი ქალი პატიმრების რაოდენობის მიხედვით კი, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთსა( 76) და რუსეთის ფედერაციაში (49) ფიქსირდება.

2015 წლის მონაცემებით, მსჯავრდებულთა 10,8 % უცხოელი პატიმრებზე მოდის, ეს მონაცემი შემცირებულია 2014 წელთან შედარებით, როდესაც  უცხოელ პატიმართა ხვედრითი წილი 13, 3 %-ს შეადგენდა. ევროსაბჭოს მიერ გამოკითხულ ქვეყნებში დიდი განსხვავება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ უცხოელ პატიმართა რაოდენობის მიხედვით, მონაცემები მერყეობს 0,9%-დან (რუმინეთი) – 100 %-მდე (სან-მარინო). 

ევროსაბჭო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ ყოველწლიური ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს პატიმრობის ვადებზეც. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე მოკლვადიანი სასჯელი 1 წელზე ნაკლები 2015 წელს შეეფარდა მსჯავრდებულთა 13, 5 %-ს, რაც 2014 წელთან შედარებით  შემცირებულია (15,2%). ყველაზე გავრცელებულ სასჯელის ვადად, კვლევის შედეგად, იკვეთება 1-დან 3 წლამდე ვადა, რაც მსჯავრდებულთა 24,2 %-ს აქვს მისჯილი. რაც შეეხება ყველაზე ხანგრძლივ სასჯელს, ანგარიშის მიხედვით, განისაზღვრა 10 წელი და მეტი, რაც მსჯავრდებულთა 11%-ს შეეფარდა, ეს მონაცემი კი 2014 (12%) და 2013 (11 %) წლების მონაცემებს უტოლდება.

საქართველოში, ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2015 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთაგან 92 მსჯავრდებულს შეფარდებული აქვს 20 წელი და მეტი, ხოლო 77 მსჯავრდებულს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს ყოფნა. 

კვლევის მიხედვით, დანაშაულის სახეებს შორის ყველაზე გავრცელებულია: ნარკოტიკული დანაშაული (18,7 %), ქურდობა (16,2%), მკვლელობა (13,2%) და ძარცვა (12,6%).
კვლევის საანგარიშო პერიოდში ციხის საკანში მოთავსების ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა საბერძნეთში (-18,8%), ხორვატიაში (-10,2%), დანიაში (-11,9%), ჩრდილოეთ ირლანდიაში (-9,7%), ჰოლანდიაში (-9,5%), ლიტვაში (-8,8%), რუმინეთსა (-8,6%) და სლოვენიაში (-8.2%). აღნიშნული ინდექსი ყველაზე მეტად გაიზარდა საქართველოში (+20.5%), მაკედონიაში (+12%), თურქეთში (+11.6%), ჩეხეთსა (+11.4%) და ალბანეთში (+10.3%). 
ევროსაბჭოს კვლევის თანახმად, საქართველოში, 2015 წლის მონაცემების მიხედვით, სისხლის სამართალში ცვლილებები არ განხორციელებულა. ამნისტია შეეხო 7 მსჯავრდებულს, ხოლო 613 მსჯავრდებული შეიწყალეს. რაც შეეხება კოლექტიურ შეწყალებას, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას აღწერს საქართველოს სახალხო დამცველიც ყოველწლიურ ანგარიშში - პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2015 წლის ანგარიში, სადაც ასევე საუბარია მსჯავრდებულთათვის შექმნილ პირობებზე. ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უმრავლესობაში ყველა მსჯავრდებული არ არის უზრუნველყოფილი საქართველოს პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული 4 კვადრატული მეტრის ფართით. 

„პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს შორის ფიქსირდება სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციის, სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისა და სანიტარულ კვანძებში პრივატულობის უზრუნველყოფის კუთხით არსებული მდგომარეობა. დახურული ტიპის დაწესებულებების სასეირნო ეზოებში პატიმრებს არ აქვთ სათანადო ფიზიკური დატვირთვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ევროსაბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საშუალოდ, მსჯავრდებულთა 10, 8 %-ს უცხოეული პატიმრები შეადგენენ. სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს სახალხო დამცველი, რომელიც აღნიშნავს, რომ ქართულ პენიტენციურ დაწესებულებებში პრობლემას წარმოადგენს ენის ბარიერი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ძირითადად, არ აქვთ ინფორმაცია კანონით მინიჭებული უფლებების შესახებ. მათ პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა კომუნიკაციისა, პრობლემა ექმნებათ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხითაც, რისი მიზეზიც ასევე ენის ბარიერია.

2015 წლისთვის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ 10 242 მსჯავრდებულიდან, სახალხო დამცველის მიერ მოძიებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს 3 892 მსჯავრდებულმა სხეულის დაზიანება მიიღო.

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ. მათი ინფორმაციით, დღემდე პრობლემად რჩება: პატიმრებისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და უფლებადამცველებთან, შშმ მსჯავრდებულთათვის სათანადო გარემო პირობების შექმნა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ახალი ამბები