კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი)

24 მარტი, 2017
 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის სასარგებლოდ 60 000 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასარჩელო მოთხოვნა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის სასარგებლოდ, 60 000 ლარის გადახდა დააკისრა, მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს მსჯავრდებულ ლ.ჭ.-ს ინტერესებს, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორ სისხლის სამართლის საქმეში. 

2016 წლის ოქტომბრის თვეში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მორიგების გზით გადაწყვიტა დავა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთ მსხვერპლთან, თ.რ.-სთან, რომლის ინტერესებსაც ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. თ.რ-ს სამინისტრომ კომპენსაციის სახით 20 000 ლარი გადაუხადა.

კლინიკა „ლანცეტს“ ტრანსპლანტაციის ჩატარება აეკრძალა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე, 2016 წლის ნოემბრის თვეში, კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოთა გადანერგვის ოპერაციების ჩატარება აეკრძალა. ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილ გ.ჩ.-სა და კ.კ. -ს ოჯახის ინტერესებს. 

კლინიკა „ლანცეტში“ ზემოაღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ ტრანსპლანტაციის სასწრაფო ოპერაცია, გ.ჩ.-ს ასევე გაუფორმეს ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება, სადაც არ არის ნახსენები ვალის დანიშნულება. ორგანოთა გადანერგვის ოპერაციის ჩატარების შემდეგ გ.ჩ. გარდაიცვალა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, შეესწავლათ კლინიკა ლანცეტში ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გ.ჩ.-ს გარდაცვალების ფაქტი. საქმის შესწავლის შემდეგ, კლინიკა „ლანცეტს“ ტრანსპლანტაციის ჩატარება აეკრძალა. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სატელეფონო საუბრების შეზღუდვა მოიხსნა

2016 წლის ბოლოს ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართა არაერთმა მსჯავრდებულმა, რომელთა ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეიცვალა სატელეფონო საუბრების სისტემა და სავალდებულო გახდა ბლანკის შევსება, სადაც უნდა მიეთითებინათ 5-10 ნომერი დაწესებულების რეჟიმიდან გამომდინარე, რომელ ნომრებზეც მოხდებოდა დაკავშირება ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული ინიციატივა დაგმო ადამიანის უფლებათა ცენტრმა და 2016 წლის 15 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ. თუმცა, მსჯავრდებულთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან სატელეფონო საუბრებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ა.წ.-ის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ა.წ. პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის. საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბერს მიმართა, რაზეც 4 დეკემბერს მიიღო პასუხი, რომ „აღნიშნული საქმე კომუნიცირდა“, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროსასამართლომ წინასწარ სავარაუდო დარღვევა დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის არსებითი გადაწყვეტილება,  მაღალი ალბათობით, ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საქმეში არის ადამიანის უფლებების არსებითი დარღვევები.

პოლიციელები, რომლებიც ა.წ.-მა ფიზიკურ შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციაში ამხილა, ამ დრომდე თანამდებობებზე არიან.

მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მისცეს

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეს, ლ.ა.-ს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება მისცეს. ლ.ა.-ს უცნობმა პირებმა, რომლებიც მას როგორც სამართალდამცავები ისე გაეცნენ,  მოსთხოვეს დაეტოვებინა ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პრობლემები შეექმებოდა. იგი დაემორჩილა მოთხოვნას და სამი თვით დატოვა საქართველოს ტერიტორია, თუმცა დაბრუნებისას იგი დარწმუნებული არ იყო, რომ მისი საზღვარზე შემოსვლის დროს, მის წინააღმდეგ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ მოხდებოდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები საზღვარზე დახვდნენ მოქალაქეს, სადაც საზღვრის დაცვის პოლიციის მიერ განემარტათ, რომ აღნიშნულ პირს ვერ შემოუშვებდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ რატომ, კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებდნენ. 

ლ.ა.-ს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემის მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საზღვრის დაცვის ინსპექციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და სახალხო დამცველის აპარატს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ლ.ა.-ს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისა და თავისუფლად გადაადგილების ნებართვა მისცეს.

პოლიტპატიმრის წინააღმდეგ დამდგარი განაჩენი გადაისინჯება

პოლიტპატიმარ ბ.კ.-ის მიმართ დამდგარი განაჩენი გადაისინჯება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვისა და საქმის ხელახალი გამოძიების შემდეგ მიიღო. ბ.კ. 2010 წლის 13 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და  სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის 13 იანვარს იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა პოლიტპატიმრის სტატუსით. 

ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, პროკურატურა დარწმუნდა ბ.კ.-ს უდანაშაულობაში და დადგენილებით მის მიმართ დამდგარი განაჩენის გადასინჯვის  გადაწყვეტილება მიიღო. დადგენილება, რომელიც ადასტურებს ბ.კ-ს უდანაშაულობას, პროკურატურამ, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის  მიზნით,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა.  წარდგენილი დადგენილებით პროკურატურა ბ.კ.-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქე ვ.გ. -მ. მას ეკუთვნოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მოაქცია წითელ ხაზებში და დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. 

მოქალაქე ვ.გ.-მ მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა წითელი ხაზების კორექტირება, რათა საკუთარი მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში. 

სსიპ ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა წითელი ხაზების კორექტირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვ.გ.-ს ჰქონდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, სასამართლომ გააუქმა სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური გამოკვლევა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ბოშათა თემის წარმომადგენელმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აიღო

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს ბოშათა თემის წარმომადგენლებს, რათა მათ ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც ხელს შეუწყობს ბოშათა თემის ინტეგრაციას საზოგადოებაში. სწორედ ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით აიღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ბ.მ. -მ. იგი აქამდე ვერ სარგებლობდა მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებებითა და სოციალური პაკეტით. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პატრულ-ინსპექტორის სასარგებლოდ 

2016 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი პატრულ-ინსპექტორის, ი.ა.-ის წინააღმდეგ დაუშვებლად სცნო და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება რომლითაც დაკმაყოფილდა შსს-დან უკანონოდ გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორ ი.ა. -ის სარჩელი და შსს-ს მისი სამსახურში აღდგენა და მის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სერვისების განვითარების სააგენტოს სასამართლო დავა მოუგო

ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისთვის მომართა პაკისტანის მოქალაქე რ.ბ.-იმ, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან. იგი ლეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. რ.ბ.-მ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების საგენტოს და  მოითხოვა ბინადრობის ნებართვის გაცემა, რათა ლეგალურად შეძლებოდა საქმიანობის გაგრძელებაც და ოჯახის შენახვაც. მას  უარი ეთქვა  ბინადრობის ნებართვაზე, ხოლო საფუძვლად მითითებულ იქნა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში არსებული  კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს წინააღმდეგ. 2016 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა სარჩელი, გაუქმდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება და აღნიშნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახალი შესწავლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მსჯავრდებულის საქმეზე გამოძიება განახლდა 

2014 წლის 24 დეკემბერს ლ.შ.-ს დაკავებისას პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება ბრალდებულის მოთხოვნით, თუმცა არ დადასტურდა ცემის ფაქტი და გამოძიება შეწყდა. 2016 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა  პროკურატურას, ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო,  საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც, გაუქმდა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება და საქმეზე გამოძიება განახლდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შსს-ს მოთხოვნა არ  დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება

2017 წლის თებერვლის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულ შ.პ.-ის საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, რომ შ.პ.-ს გადასცეს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული პროგრამიდან დოკუმენტი მატერიალიზებული სახით. წარმოდგენილი დოკუმენტი არსებით გავლენას იქონიებს  მსჯავრდებულ შ.პ.-ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. ამავე დროს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისითაც, რაც ნიშნავს, რომ შემდგომში სასამართლო სხვა მსჯავრდებულების სარჩელზეც იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს.

თავდაცვის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შეთავაზებულ მორიგების პირობებს დათანხმდა

2017 წლის თებერვლის თვეში ადამიანის უფლებათა ცენტრმა წერილობით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და წარუდგინდა მორიგების პირობები, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მოქალაქე რ.მ. დაუყონებლივ უნდა აღედგინა თანამდებობაზე იმავე წოდებითა და ხელფასით. მათ ასევე პირადი საქმიდან უნდა ამოეღოთ ღირსების შემლახავი საქციელის მუხლისათვის გათავისუფლების ინფორმაცია და გაცდენილი ვადა ჩაეთვალათ ნამსახურებ წლებში. ზემოაღნიშნულის შესრულების შემდეგ მოსარჩელე უარს იტყოდა განაცდურის ანაზღაურებაზე. თავდაცვის სამინისტრო შეთავაზებულ მორიგების პირობებს დათანხმდა. 

დევნილის სტატუსის მქონე პირს უსაფუძვლოდ დაკისრებული ფულადი დავალიანება მოეხსნა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და გ.ნ.-ის საქმეზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რითაც დევნილის სტატუსის მქონე  გ.ნ.-ს მოეხსნა სს „თელასის“ მიერ უსაფუძვლოდ დაკისრებული ფულადი დავალიანება  2 460.50  ლარის ოდენობით.

გენერალურმა ინსპექციამ გამომძიებელს დისციპლინარული სახდელის ზომა შეუფარდა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, ს.ა.-ს ინტერესებს, რომელსაც მეუღლე სისტემატურად ემუქრება, როგორც მისი, ასევე მისი შვილების სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2016 წლის ნოემბრის თვეში მიმართა შსს-ს მარნეულის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა დროის უმოკლეს ვადაში მიიღონ სათანადო ზომები ს.ა.-ს მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე. საქმეზე რეაგირება არ მომხდარა, გამოძიება განზრახ გაჭიანურდა, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას. ამ უკანასკნელმა კი დისციპლინარული სახდელის ზომა შეუფარდა ს.ა.-ს  საქმის გამომძიებელს. აღნიშნულის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრს დაუკავშირდა მარნეულის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი და აცნობა, რომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.

სამტრედიის გამგეობამ ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა დააკმაყოფილა 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ს.გ.-სა და მისი არასრულწლოვანი შვილებისთვის საცხოვრისის მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა იყო, გამგეობას გაეთვალისწინებინა ს.გ.-სა და მისი შვილების უმძიმესი მდგომარეობა, მიენიჭებინა მათთვის სოციალურად დაუცველის სტატუსი და უზრუნელეყოთ იგი და მისი არასრულწლოვანი შვილები საჭირო მედიკამენტებით. გამგეობამ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და ს.გ.-ს სახლისთვის ყოველთვიურ ქირას გამოყოფს.

დედას შვილთან ცხოვრების უფლება მისცეს

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ნ.ჩ. ოჯახის წევრებმა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს და ცილი დასწამეს. ამის შემდეგ მას შვილი მოსტაცეს და მამიდამ წაიყვანა მასთან აღსაზრდელად. ბავშვი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მას მუდმივად ეუბნებიან, რომ დედამ მამას უღალატა და დედა-შვილს არ აძლევდნენ ერთმანეთის ნახვის საშუალებას. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:

საქმის განხილვის დასრულებამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოსამართლემ გამოსცეს დროებითი განკარგულება და გადაეცეს დედას ბავშვი აღსაზრდელად; განისაზღვროს ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი სახლი დ მამას ბავშვის სანახავად განესაზღვროს შაბათიდან კვირამდე - ერთი სრული დღე (24 საათი) შვილთან ურთიერთობისთვის.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელის მეორე ნაწილი - ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დაადგინა დედის სახლი; შედეგად, ბავშვი კვირაში 4 დღეს გაატარებს დედასთან, 3 დღეს -  მამასთან.

სოციალური მომსახურების სააგენტომ ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თ.გ.-ს საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმადაც გაუქმდა 500 ლარიანი ჯარიმა, რომელიც დაეკისრა მცირეწლოვანი ბავშვის დედას.

თ.გ. მეუღლის მხრიდან მუდმივად იყო ძალადობის მსხვერპლი. 2013 წელს თ.გ.-ს მეუღლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.  თ.გ.-ს მეუღლეს, დ.დ.-ს აეკრძალა მეუღლის ადგილსამყოფელთან მიახლოება.

იმის გამო, რომ თ.გ.-ს მცირეწლოვან შვილს მამის ნახვა არ სურდა და დედამ ბავშვზე ზეწოლა არ მოახდინა, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრმა თ.გ.-ს 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სოციალური მუშაკები არ ითვალისწინებდნენ ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და დედას სთხოვდნენ შვილი მამისთვის ენახებინა, მიუხედავად იმისა, რომ თავად შეესწრნენ ფაქტს, რომ შვილს მამის ნახვა კატეგორიულად არ სურდა. 

სხვადასხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული საქმე მორიგებით დამთავრდა ლ.ხ.-ს საქმეზე. ლ.ხ.-ს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალი - 250 ლარის ოდენობით არ აუნაზღაურა სამართალდამრღვევმა პირმა, მით უმეტეს, რომ საქმეზე პოლიციის მიერ შედგენილი იყო ოქმი, სადაც ლ.ხ. დაზარალებულად იყო ცნობილი და სამართალდამრღვევი ზიანის ანაზღაურებას თანხმდებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, სასამართლოში საქმე მორიგებით დასრულდა, მოსარჩელის, ლ.ხ.-ს მოთხოვნები მოპასუხე მხარემ სრულად დააკმაყოფილა და აუნაზღაურა ავტომობილის შეკეთებისთვის გაწეული დანახარჯი. მოსარჩელემ კი, თავის მხრივ, შეწყვიტა სასარჩელო წარმოება.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.გ.-ის მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ქონება, მოპასუხეს დაეკისრა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 4500 აშშ დოლარის გადახდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლოში იცავდა ნ.კ.-ს ინტერესებს, რომლის კუთვნილი უძრავი ოქნება უკანონოდ დაირეგისტრირა მ.გ.-მ. ძველი აქტების თანახმად კი, აღნიშნული უძრავი ქონება გაყოფილი იყო სამ პირზე. აღნიშნული საქმე სასამართლოში მორიგებით დასრულდა - მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელახლა დაარეგისტრირონ უძრავი ქონება მათ მფლობელობაში არსებული წილების შესაბამისად, რაც იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელის ძირითადი მიზანი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში  მცხოვრებ ბ.მ. -ს მეუღლე შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, ის ითხოვდა განქორწინებასა და ალიმენტს. დაახლოებით 1 წელია, მამას შვილი არ უნახავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის ჩართულობის შედეგად, მოხდა მორიგება, მხარეები შეთანხმდნენ განქორწინებასა და ალიმენტზე. მამას უფლება მისცეს შვილთან ურთიერთობის აღდგენის.

ე.ი.-ის ოჯახი პოლიციის მხრიდან დევნის მსხვერპლია. ამის მიზეზად ე.ი. ბიზნესინტერესებს მიიჩნევს. იგი ბიზნესმენ შ.კ. ერთად ფლობს ფართს, რომელიც ამ უკანასკნელს სრულად აქვს დაკავებული და საშუალებას არ აძლევდა ფართით ესარგებლა ე.ი.-ს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ე.ი.-ს მოუმზადა სარჩელი საზიარო უფლების გაუქმებისა და ფართის იზოლირების შესახებ. 23 თებერვალს გაიმართა სასამართლო სხდომა და საქმე დასრულდა მორიგებით ე.ი.-სთვის ხელსაყრელი პირობებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, გორში მცხოვრებმა ლ.ბ.-მ დაადგინა მშობლების ქორწინების ფაქტი. მან მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ შეძლო აღნიშნულის დადგენა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასამართლოში მოითხოვა ლ.ბ.-თვის დედის გრაფაში არსებული ჩანაწერის მიკუთვნება განმცხადებლის დედისთვის, რადგან სწორედ აღნიშნულის გამო ვერ იღებდა სამკვიდროს ლ.ბ.  სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით შშმ პირ გ.ბ.-ს მეუღლეს დაუკმაყოფილდა შუამდგომლობა მეუღლის დროებით მხარდამჭერის მიღების შესახებ. აღნიშნულის საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც გ.ბ.-ს პენსია შეუჩერდა, რადგან მას არ ჰყავდა მხარდამჭერი.  

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლ.კ-ს სარჩელი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე და დაავალა რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს, ე.ჩ.-ს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და სასამართლომ კომპენსაციის სახით განუსაზღვრა 1 600 ლარი.


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები