კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის გამგეობის კორუფციული გარიგება „ცრუ ინვესტორის“ გამოყენებით

26 მარტი, 2017
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახმეტის გამგეობამ სოფელ ახშნის ველებში მდებარე 6.5 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით, 20 წლიანი იჯარით გასცა - 10 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების, თხილის გაშენებისა და 10 პირის დასაქმების პირობით. სინამდვილეში ამ მიწის ნაკვეთს გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი და გამგეობასთან არსებული მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მზია ბექაური ფლობს და მარცვლეულის მოსაყვანად იყენებს.

ახმეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის 2015 წლის 12 აგვისტოს №67-ს ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრში მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირდა სოფელ ახშნის ველებში მდებარე 6,471 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 50.10.41.100), რის შემდეგაც გამგებელმა წერილობით მიმართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს და აღნიშნული მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გაიჯარებაზე თანხმობა მოითხოვა.

საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე თითქმის ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. საინტერესოა, რომ საკრებულოს იმავე სხდომაზე სხვა ქონების განკარგვაზეც იმსჯელეს, რაზეც დეტალურად არის მითითებული მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. გამონაკლისი იყო მხოლოდ ახშნის ველებში მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც არც სარგებლობაში მიმღებ პირზე და არც იჯარის ვადის შესახებ არაფერია ნათქვამი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაინტერესდა, თუ რატომ გასაიდუმლოვდა მხოლოდ ამ  მიწის ნაკვეთის გაიჯარების ვადა და მოიჯარის ვინაობა. როგორც გამოირკვა, იგი ახმეტის მუნიციპალიტეტის პრაქტიკისთვის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი ვადით - 20 წლით გადაეცა თიანეთის სოფელ ევჟენტში მცხოვრებ ილია შეთეკაურს.

კორუფციული ინტერესის შესანიღბად, ახმეტის გამგეობის მესვეურებმა ილია შეთეკაური ინვესტორად „შერაცხეს“ და ფორმალურად რამდენიმე საინვესტიციო პირობაც დაუწესეს. კერძოდ, იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მან პირველი 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 10 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს საჯიშე მეურნეობის მოსაწყობად (თხილის გასაშენებლად), ასევე უნდა შექმნას სულ ცოტა 3 მუდმივი და 10 სეზონური სამუშაო ადგილი. 

უნდა აღინიშნოს, რომ ილია შეთეკაურის „ინვესტორული“ პოტენციალი იმთავითვე საეჭვო იყო - საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას არავითარი უძრავი ქონება არ გააჩნია საკუთრებაში და არც სამეწარმეო საქმიანობაშია რაიმე ფორმით ჩართული.

ჯერ კიდევ 2016 წლის 29 მარტს ილია შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ რომ მიწის დამუშავებას და სხვა ვალდებულებების შესრულებას უფულობის გამო ვერ ახერხებს, მაგრამ ახლო მომავალში აპირებს ბანკიდან სესხის აღებას და თხილის ნერგების ყიდვას.

მიუხედავად ამისა, ილია შეთეკაური საიჯარო ნაკვეთით დღემდე არ სარგებლოს და არც სამუშაო ადგილები შეუქმნია, თუმცა ახმეტის გამგეობას მასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყვეტია.
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა აღნიშნულის მიზეზიც გამოარკვია - „ინვესტორითვის“ იჯარით გადაცემული მიწით ფაქტობრივად სარგებლობს ახმეტის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი და, იმავდროულად, გამგეობასთან არსებული მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მზია ბექაური, რომელმაც მასზე შარშან სიმინდის მოსავალი მოიყვანა, ხოლო მიმდინარე წელს მარცვლეული აქვს დათესილი.

სავარაუდოდ, სწორედ ამ კორუფციული მოტივით იყო განპირობებული, რომ:
- ქონების განკარგვა საჯარო აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით განხორციელდა;
- საიჯარო ურთიერთობის ვადა განისაზღვრა 20 წლით, მაშინ როდესაც ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დადებულ სხვა ანალოგიურ ხელშეკრულებებში, როგორც წესი, ეს ვადა 5 წელს არ აღემატება;
- მიწის ნაკვეთი მოცულობითი და ხარისხობრივი თვალსაზრისითაც საგანგებოდ არის შერჩეული, რაზეც თუნდაც მისი უსწორმაწორო კონფიგურაცია მოწმობს (იხილეთ ფოტო);
- იჯარის ქირა შედარებით მცირე ოდენობით - 1 ჰა-ზე წელიწადში 190 ლარით განისაზღვრა;
- იჯარის ხელშეკრულება უჩვეულო ოპერატიულობით გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომაზე მიწის ნაკვეთის გაიჯარების საკითხზე მომხსენებელი სწორედ მზია ბექაური იყო. ახმეტის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მზია ბექაური აქტიურად ლობირებდა დადებითი გადაწყვეტილების მიღებას და საკრებულოს დეპუტატებს პერსონალურად სთხოვდა მხარდაჭერას.


ახალი ამბები