02:38, Saturday, 29.04.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ICC-ს გამოწვევები 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულთა გამოძიების პროცესში

04.04.2017

ნათია გოგოლაშვილი

საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საველე ოფისი გაიხსნება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით, ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს 2008 წელს, შეიარაღებული კონფლიქტისას,  საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ომის სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება. ამ პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და უფლებადამცველთა შეფასებით, სხვადასხვა სახის გამოწვევები ახლავს თან. 

ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რის წინაშეც ICC-ის გამოძიება დგას, რუსეთის ფაქტორია. რუსეთმა ოფიციალურად გამოითხოვა თავისი ხელმოწერა რომის სტატუტიდან და ამ ჟესტით, ფაქტობრივად, უარი განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორის, ნინო ცაგარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას წვდომა ჰქონდეს დანაშაულის ადგილებზე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა გამოძიება სრულყოფილი და სრულფასოვანი იყოს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიებას თან ახლავს ბევრი გამოწვევა. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია რუსეთის უარი თანამშრომლობაზე - რამდენიმე თვის წინ რუსეთმა ოფიციალურად გამოითხოვა თავისი ხელმოწერა რომის სტატუტიდან. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი უარს ამბობენ ნებისმიერი სახის თანამშრომლობაზე, აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა იმ მხრივ, რომ გამოძიება უნდა იყოს სრულყოფილი, სრულფასოვანი და ყოველმხრივი, რისთვისაც აუცილებელია, გამომძიებლებს ჰქონდეთ წვდომა დანაშაულის ადგილებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა რუსეთი უარს აცხადებს თანამშრომლობაზე, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დიდი კითხვის ქვეშ დგას“, - აცხადებს ნინო ცაგარეიშვილი.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა ლეგაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევა, როცა კონკრეტულ ტერიტორიებზე წვდომა არ ჰქონია, მაგრამ გამოძიება განხორციელებულა. მისი თქმით, ICC-ის პროკურატურის ოფისს რუსეთთან თანამშრომლობის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.

„ჰააგას აქვს ასეთი გამოცდილება, როდესაც სასამართლოს არ ჰქონდა წვდომა იმ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა ასეთი გამოძიებები განხორციელებულა. რასაკვირველია, მტკიცებულებების მოგროვების კუთხით სირთულეები იქნება. შარშანდელი ხელმოწერის გახმობა ერთ-ერთი სიგნალი იყო, რომ რუსეთი არ აპირებს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, მაგრამ პროკურორის ოფისს იმედი ჯერ კიდევ აქვს, რომ მსგავსი თანამშრომლობა იარსებებს რუსეთის ფედერაციასთან. თუმცა, თუ არ იქნება თანამშრომლობა რუსეთის მხრიდან, ეს ხელს ვერ შეუშლის, ზოგადად, გამოძიების მიმდინარეობას, სირთულეების მიუხედავად“.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, პროცესში რუსეთის არმონაწილეობა ალტერნატიული მტკიცებულებების მოპოვების საჭიროებას აჩენს, რასაც დამატებითი დრო და რესურსი სჭირდება.

„გვაქვს, ერთი მხრივ, ტერიტორია, რომელიც არის დანაშაულის ადგილი და, მეორე მხრივ, ამ ადგილას ვერ შედის გამომძიებელი. სწორედ ამიტომ, პროკურატურის ოფისს უწევს, გარკვეულწილად, დაზღვევა ამ რისკების, იმ თვალსაზრისით, რომ მას უწევს ალტერნატიული მტკიცებულებების მოპოვება, ალტერნატიული დოკუმენტების მოპოვება და შემდგომ მათ საფუძველზე შემთხვევის სურათის რეკონსტრუქცია. ეს საკმაოდ დიდ დროსა და რესურს მოითხოვს. მათ უწევთ, მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციის მოგროვება და შემდგომ, ამ ყველაფრის საფუძველზე, სურათის შექმნა და საგამოძიებო დასკვნების გამოტანა, რაც საკმაოდ რთულია“, - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორის, ნინო ცაგარეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს, თუ როგორ იფუნქციონირებს ახლო მომავალში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საველე ოფისი საქართველოში. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით რამდენიმე ხარვეზმა იჩინა თავი.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისის მუშაობაში არის გარკვეული კითხვები, რაც ჩვენი საქმიანობისა და დაზარალებულებთან ურთიერთობის ფარგლებში დავაფიქსირეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი არის ის, რომ გამოძიების ამ ეტაპზე არ არსებობს მკაფიოდ გაწერილი პროცედურა, მიმართვის ფორმა, თუ როგორ უნდა მიმართონ დაზარალებულებმა პროკურატურის ოფისს და წარუდგინონ ინფორმაცია დანაშაულების შესახებ. ასეთი პროცედურები არ არსებობს არც დაზარალებულთა უფლებების დამცველებისათვის და არც თავად დაზარალებულებისათვის. ეს პრობლემა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თავდაპირველ ეტაპზე, წინასწარი გამოძიების ეტაპზე, მოხდა წარმომადგენლობების გაგზავნა. შესაბამისად, ამ წარმომადგენლობით ფორმებში, რა თქმა უნდა, არ მოხვდა ყველა დაზარალებული. მოხვდა მხოლოდ, დაახლოებით, 6000-მდე ადამიანი, დაზარალებული ადამიანი კი გაცილებით მეტია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ მკაფიოდ დარეგულირდეს თუ როგორ უნდა მიმართონ დაზარალებულებმა და მიაწოდონ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და ინფორმაცია პროკურატურის ოფისს, ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით“, - ამბობს ნინო ცაგარეიშვილი.

„ამ ეტაპისთვის, რამდენადაც ოფიციალურად გაჟღერებულია, ეს არ იქნება გამოძიების ადგილობრივი წარმომადგენლობა, ეს, სავარაუდოდ, უფრო  საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით დატვირთული წარმომადგენლობა იქნება“, - ამბობს საიას თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი.

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, პრობლემაა გვიან დაწყებული გამოძიება. მისი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მთავრობამ ეფექტურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან: „საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რათა რეალური შედეგი დადგეს. პრობლემა არის ის, რომ დაგვიანებით დაიწყო გამოძიება და ამ ტიპის დანაშაულების გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს გარკვეული ფაქტების დოკუმენტირება. ამიტომაც ის, რომ უკვე არაერთი წელია გასული ომიდან, ეს ცალკე პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობა. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მალე დასრულდეს და არ გაიწელოს წლების განმავლობაში. ეს არის საკითხი, სადაც ყველა მაქსიმალურად დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ კონკრეტული შედეგი დადგეს. მომავალში რომ აღარ მოხდეს მსგავსი დანაშაული რეგიონში, აუცილებელია, კონკრეტული დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაყენება კონკრეტული დამნაშავეების მიმართ“.

Humanrights.ge დაინტერესდა, თუ როგორ და რა ფორმებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისთან. კომენტარისთვის დავუკავშირდით იუსტიციის სამინისტროს, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ თემაზე სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, საგამოძიებო ეტაპის დასრულებამდე, სამინისტროდან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიება, ასევე უცნობია, როდის ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ფაქტობრივად, არ ხდება მოსახლეობის ინფორმირება გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თავად დაზარალებულებს, მიეწოდოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, ამის გარეშე გამოძიება ვერ იქნება გამჭვირვალე და არაგამჭვირვალე გამოძიება უკვე, თავისთავად, არის პრობლემა. 

„წლების განმავლობაში ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ადგილობრივ დონეზე მანამ, სანამ ჰააგის სასამართლო ჩაერთვებოდა. ახლაც არსებობს გარკვეული ტიპის საინფორმაციო ვაკუუმი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს, ეროვნული გამოძიების თვალსაზრისით, საქართველოში. აღარაფერს ვამბობ რუსეთის მხარეზე, რომელიც კიდევ უფრო დახურულია კომუნიკაციისთვის. ასევე ICC-ის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არის ძალიან მწირი. ეს, გარკვეულწილად, არის თვითომ ამ სასამართლოს მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარეც. ბუნებრივია, ყველაფერი საჯარო ვერ გახდება, თუმცა სასურველია, რომ საზოგადოების კონკრეტულ წრეებს, იქნებიან ესენი არასამთავრობო რგანიზაციები, რომლებიც ვმუშაობთ მსხვერპლთა უფლებებისთვის, თუ თავად ომით დაზარალებულები, ჰქონდეთ წვდომა მეტ ინფორმაციაზე. რადგან მართლმსაჯულების განხორციელება, მათ შორის, გულისხმობს იმ ადამიანებისთვის მართლმსაჯულების გამჭვირვალობას, რომლებსაც ყველაზე მეტად ეხებათ ეს პროცესი“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

უფლებადამცველთა შეფასებით, გამოძიების პროცესში, ისევე როგორც მტკიცებულებების მოგროვების ეტაპზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ მსხვერპლთა ინტერესებს, ისინი ახდენდნენ დარღვევების დოკუმენტირებას. აუცილებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე. საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეტაპების შესახებ. ის, რომ სასამართლო იყოს უფრო მეტად გახსნილი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით და მათი ჩართულობა იყოს მაქსიმალური ამ პროცესში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ პროცესის მიმართ სანდოობის გაზრდის მიმართულებით“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მოსახლეობას არ აქვს სწორი ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ, რაც დაზარალებულებში არასწორ მოლოდინებს აჩენს.

„მოქალაქეთა მოლოდინები, ძირითადად, ეხება დაკარგულ ქონებასა და კომპენსაციების საკითხს. მათ არა აქვთ ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის ორგანო, რომელიც გასცემს კომპენსაციას და რომელიც დაუბრუნებს მათ იმ საცხოვრებელ პირობებს, რაც მათ აგვისტოს ომამდე ჰქონდათ. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც სახელმწიფომ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეებს. ამავე დროს, თვითონ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს აუცილებლად მუშაობა დაზარალებულების ინტერესების დაცვის მიმართულებით, მათი ქონებრივი მდგომარეობა უნდა იქნეს შესწავლილი, ასევე უნდა იქნეს შესწავლილი საკითხი, თუ რამდენად საკმარისი იყო ის კომპენსაციები, რაც გაიცა და თუ არ გაიცა, რატომ არ გაიცა. ეს საკითხები კვლავ საჭიროებს შესწავლას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ათი წელია გასული, ბევრი დაზარალებული ჯერ კიდევ ელოდება, რომ მათი უფლებები აღდგება და, თუნდაც, კომპენსაციების სახით, თუნდაც, სხვა დახმარებების სახით, ისინი აღადგენენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებს, რაც დაიწვა და განადგურდა აგვისტოს ომის დროს“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა მოახდინონ ძალიან კარგი კომუნიკაცია დაზარალებულებთან. დაზარალებულებთან მიმართებით ორი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება გაკეთდეს: უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მათი მოლოდინების მართვა, უნდა ავუხსნათ, რას შეიძლება, ველოდოთ სასამართლოსგან, რა არის მაქსიმუმი და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დაზარალებულთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა სასამართლოს წინაშე. უკვე გაკეთდა ძალიან კარგი წარმომადგენლობის დოკუმენტები სასამართლოში და, გარდა ამისა, ასევე აუცილებელია, რომ, ზოგადად, ინდივიდუალურად თითოეულ განმცხადებელთან, დაზარალებულთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიება განხორციელდეს, ეს შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი დოკუმენტის შევსება, მათი ჩვენებების მიწოდება პროკურატურის ოფისისათვის და ასე შემდეგ“, - აცხადებს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი, გიორგი ბურჯანაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეფასებით, მნიშვნელოვანია, მათი ჩართულობა გამოძიების პროცესში, რადგან სწორედ ამ ორგანიზაციებს აქვთ დაზარალებულებთან უშუალო ურთიერთობა და ისინი ფლობენ გარკვეულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.







Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

უიმედოთა სოფელი
სამკურნალო წყლის - „ძუღურის“ შესახებ პირველად რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავიგეთ, რომ „ძუღურის წყალი“ ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან იყიდებოდა. იქიდან დაიწყო
ვრცლად...
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC